რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ "სიხარული 2-ის" ქორეოგრაფი გოგი მარღანია, ანსამბლის პედაგოგები და მშობლები დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, დაკითხვას ქობულეთის საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. ქობულეთში დამწვარ სასტუმრო "არმაზთან" საგამოძიებო ქმედებები გრძელდება. ასევე ადგილზე რჩებიან სახანძრო ბრიგადები. გამთენიისას ქობულეთის სასტუმრო "არმაზში" ხანძარი გაჩნდა, რასაც 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპული ბავშვების ასაკი 10-11 წელია. ისინი ანსამბლ "სიხარული 2-ის" წევრები იყვნენ. ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გუშინ გამართა, რის შემდეგაც ქობულეთში სასტუმრო "არმაზში" დაბინავდნენ, დღეს კი რუსთავში დაბრუნებას აპირებდნენ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.