Ambebi.ge დაინტერესდა, თუ როგორი ვარცხნილობაა ბოლო დროს თბილისში მოდური. ჩვენ რამდენიმე სილამაზის სალონს ვესტუმრეთ, რათა გაგვერკვია, ყველაზე ხშირად როგორი ვარცხნილობის გაკეთებას ითხოვენ დედაქალაქის მაცხოვრებლები.
სილამაზის სალონის, KEUNE-ს სტილისტების თქმით, მელირება წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნად თმის ღებვის ტენდენციას.
"გაზაფხული-ზაფხულის ყველაზე აქტუალურ ტენდენციად ითვლება ომბრე შატუშის ელემენტებით, რომელშიც გამოყენებულია ქერა თმის მოდური ტონალობები და ის ინოვაციური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც კეთდება მელირება ჩვენს სტუდიებში, მელირება გამჭირვალე ფოლიებით.
ვარცხნილობებში აქტუალურია თავისუფალი სტილი, რომლის ინდივიდუალურად შერჩევა ხდება ჩვენი პროფესიონალი სტილისტების მიერ, მომხმარებლის სახის ფორმის და ჩაცმულობის მიხედვით. გლამურული ვარცხნილობა - ტალღოვანი და მოცულობითი თმა, რომელიც ყველა დროის ყველაზე აქტუალურ სტილად მიიჩნევა, კვლავ არ კარგავს პოპულარულობას. იგი ითვლება ელეგანტურობის სიმბოლოდ, რაც მასზე დიდ მოთხოვნას განსაზღვრავს. ბიჭებში მთავარ ტენდენციად კლასიკური ვარცხნილობა, გვერდზე გადაწეული ან ოდნავ აწეული თმები ითვლება, რასაც ვინტაჟურ ვარცხნილობას უწოდებენ".
ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სალონის სტილისტის თქმით, ვარცხნილობის გაკეთების მსურველები მასთან მოდელების სურათებით მიდიან და კონკრეტული ვარცხნილობის გაკეთებას თხოვენ.
"ერთი პერიოდი ფრანგული მელირების ბუმი იყო. თბილისში რომ გახვიდოდი, ყველა ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილასავით დადიოდა. ზოგადად ასეა, ერთი რომ გაიკეთებს რაღაც ვარცხნილობას, მერე ყველას ის უნდა. მახსოვს ერთი პერიოდი მოდაში იყო კარე, ასევე ძალიან უნდოდათ ინგა გრიგოლიას "ჩოლკა" (წინამო), რომელიც საერთოდ არ იყო "ჩოლკა", თუმცა ვერ ვაგებინებდი, რომ ასე ვერ გავუკეთებდი."
როგორც სილამაზის სალონ "რედრესში" გვითხრეს, აქტუალური ვარცხნილობა მოკლედ შეჭრილი თმაა. გოგონების უმეტესობა ე.წ. კარეს იკეთებს. მათი თქმით, ისევ აქტუალურია ომბრე, ძირითადად ღია ფერებში.
"სურათებს ინტერნეტში ნახულობენ, მოაქვთ და ისე ითხოვენ შეჭრას. რაც შეეხება ბიჭებს, ისინი ჩვეულებრივად იჭრიან, რამე განსხვავებულ ვარცხნილობას არ ითხოვენ ხოლმე".
ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სალონების სტილისტების თქმით, მოდაში მოკლე ვარცხნილობებია:
"ძირითადად კარეს იჭრიან, უკან მოკლედ და გვერდებზე გრძლად იტოვებენ ხოლმე. ხშირად იკეთებენ ბუნებრივ გასწორებას ან დახვევას, ბოლოში კულულებად რომ ჰქონდეთ. ჩვენთან ომბრესაც ხშირად იკეთებენ. ომბრე ეს არის მზის დარტყმა, ანუ ბოლოებში გაღიავება. მაგრამ ინდივიდუალური შემთხვევებიც გვაქვს, როცა არც სურათი მოაქვთ და არც იმას იკეთებენ, რაც მოდაშია. ეს ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ თბილისში მაინც ყოველთვის შეინიშნება ერთნაირი ვარცხნილობები. ბიჭები ძირითადად მაღლა იტოვებენ თმას და გვერდებზე იპარსავენ, მით უმეტეს, ახლა წვერიც მოდაშია და ასეთ ვარცხნილობას ხშირად იკეთებენ".
თაკო ესებუა
AMBEBI.GE