"მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ, მე შენთან მოვალ, დავბრუნდები", - ამბობს მუსიკოსი, პოეტი ირაკი-მეფე ჩარკვიანი თავის ლექსსა თუ სიმღერაში. ჰოდა, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ქალაქის ხელიუფლების მხარდაჭერით, ირაკლი ჩარკვიანი სკულპტურის სახით "დედაენის" ძეგლთან ახლოს, სკვერში უნდა დაბრუნდეს...
ამ საქმეს და იდეას ორი თანაავტორი ჰყავს - ხელოვანები - როკო ირემაშვილი და ვალო იმერლიშვილი.
"ამბები.გე" როკო ირემაშვილს დაუკავშირდა და გავარკვიეთ, თუ რა ეტაპზეა დღესდღეობით მათი პროექტი.
- დიახ, ეს იდეა მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ჩემთან ერთად არის ვალო იმერლიშვილიც, თანაავტორები ვართ. საავტორო უფლება თანაბრად გვეკუთვნის. ყოველთვის ჰქონდა საზოგადოებას იმის იდეა და სურვილი, რომ ქალაქში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურა დადგმულიყო, მაგრამ ამისთვის ფორმა ვერ მოინახა, თუ რა სახის იქნებოდა და როგორ გადაწყდებოდა მისი მემორიალური სახე.
- ირაკლი არ იყო სტანდარული ადამიანი და ალბათ ამ ფორმის ჩამოყალიბებაც ამიტომ ვერ მოხერხდა...
- დიახ, ჩემთვისაც ცოტა აფსურდული იქნებოდა მისი სტანდარტული ძეგლის დადგმა. ამის გამო ცოტა მეუცნაურება, როდესაც ჟურნალისტები თუ სხვა ადამიანები ირაკლის სკულპტურას ძეგლის სახით მოიხსენიებენ.
ეს არ იქნება ძეგლი, ეს არის ექსპერიმენტული სკულპტურა, რომლის იდეა ჩვენ - მე და ვალოს გვეკუთვნის. ამგვარი ფორმით და ასე პირველად ხდება პროექტის სკულპტურული გადაწყვეტა. თუმცა ამის მსგავსი ნამუშევარი ნიკო გომელაურს "თავისუფალ თეტრთან" უკვე დავდგით, თუმცა ეს უფრო მასშტაბური იქნება, რადგანაც სამგანზომილებიანია - მისი სამი სხვადასხვა პორტრეტისგან იქნება შექმნილი. პრაქტიკულად, მის გარშემო განთავსდება სამი ცალი სკამი-სკულპტურა, სხვადასხვა ფუნქციის მქონე, რომელშიც ჩამონტაჟებული უნდა იყოს "MP3" დამკვრელი და მისი დახმარებით, ნებისმიერ მსურველს, თავისი ყურსასმენით საშუალება ექნება, ირაკლი ჩარკვიანის ფლეილისტი, ან მისი ტექსტები მისივე შესრულებით მოისმინოს. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ სკულპტურა, კომპლექსური სკვერი გამოვა.
- რა მასშატაბის იქნება?
- ზევიდან რომ დავხედოთ, ეს არის სამკუთხედის ფორმის, თითოეული გვერდის ზომა სიგანეში 2 მეტრია, სიგრძე კი სამი მეტრი გახლავთ. ადგილი, სადაც გვინდა, რომ ის დაიდგას, ჩვენთვის ყველაზე მისაღები და მოსაწონია და მას ამიტომაც ვთავაზობთ მერიას. ის იუსტიციის სახლსა და დედაენის ძეგლს შორის, პატარა სკვერია, რომელიც ისედაც საზოგადოების თავშეყრის ადგილია და ირაკლის სკულპტურა კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს იმ ადგილის მნიშვნელობას.
- რა ეტაპზეა თქვენი ნამუშევარი?
- ესკიზები უკვე მთაწმინდის გამგეობას გადავეცით, რადგანაც სკვერი მთაწმინდას ეკუთვნის. ახლა ბიუროკრატიული პროცედურებია გასავლელი, ანუ ვინ შეასრულებს მას და ა.შ.
- ბიუროკრატიული პროცედურები რამდენ ხანში დასრულდება?
- მაგის პასუხი ჩვენს ქვეყანაში ასე მარტივად არ არსებობს, ძნელია.
- ესკიზები როდის გადაეცით?
- ოფიციალურად, ერთი კვირის წინ შევიტანეთ და პასუხს უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ ამ ყველაფერს შემდგომ მიმართულება მივცეთ. ჩემი ვარაუდით, ზაფხულში უკვე უნდა განხორციელდეს.
მოკლედ, ყველაფერი მაკეტის სახით არსებობს. ოღონდ, გადიდება უნდა.
- რა მასალისგან უნდა დამზადდეს?
- უჟანგავი ფოლადი და შეღებილი რკინა იქნება - ორივე მასალას გამოვიყენებთ. ახლა მხოლოდ გამგეობის თანამშრომლობაა საჭირო, თორემ ჩვენი მხრიდან მზად ყოფნა დიდი ხანია არსებობს.
- მოსწონს გამგეობას იდეა?
- მთაწმინდის გამგეობა დაინტერესებულია. შევხვდით კიდეც გამგებელს. ვნახოთ, ვინ იქნება უშუალოდ განმხორციელებელი, - მერია, განვითარების ფონდი თუ გამგეობა.
- ჩარკვიანების ოჯახიდან თანხმობა გაქვთ?
- კი, რა თქმა უნდა...
ლალი ფაცია
ამბები.გე