ვალერი ხაბურძანია - ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისაც პრორუსულს ეძახიან

ვალერი ხაბურძანია - ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისაც პრორუსულს ეძახიან

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აანონსებს.

როგორც თავად აცხადებს, წამოწყებული აქვს რამდენიმე ბიზნეს-პროექტი რუსეთში და ეძებს თემას რუსულ-ქართული ბიზნესისათვის.

ვალერი ხაბურძანია "ქუთაისიპოსტის" კითხვებს პასუხობს.

- რა არის თქვენი ქუთაისში ჩამოსვლის მიზეზი?

- ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია. რა მიზეზითაც მშობლებს ვნახულობთ, იმ მიზეზით ჩამოვდივარ ხოლმე ქუთაისში. ამ შემთხვევაში, არ ვარ ორიგინალური და ალბათ გავმეორდები: მე მიყვარს ქუთაისი და მე მას ვენაცვალები. 1982 წელს, როდესაც უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, მის მერე კანონის ენით რომ ვთქვათ, ქუთაისის რეზიდენტი არ ვარ, მაგრამ მე სულ ამ ქალაქში და ამ ქალაქით ვცხოვრობ. მე არ გავხდი თბილისელი, არც მოსკოველი გავხდები. ჩემი მუდმივი მდგომარეობა ქუთაისელობაა.

- აპირებთ თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თქვენი კანდიდატურის დასახელებას ქუთაისის მაჟორიტარად?

- საარჩევნო სისტემა თუ არ შეცვალეს, ვფიქრობ. მე ნამდვილად ვიცი, რა სჭირდება ქუთაისს. ქუთაისში უნდა დაბრუნდეს ბედნიერება, იმედი, სიყვარული. ქუთაისელებს ყოველთვის თან აქვთ, ეს ლირიკულად. რაც შეეხება რეალობას, მე დაუშვებლად მიმაჩნია პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა. მეტიც, მთავრობაც ქუთაისში უნდა განთავსდეს. თბილისში პრეზიდენტიც და საელჩოებიც საკმარისია. ეს ელჩებიც ადვილად ივლიან პრეზიდენტთან რწმუნების სიგელების გადასაცემად და ძნელად ჩვენს მთავრობაში "ჭკუის სასწავლებლად". მოკლედ, გასაგებად რომ ვთქვა, თბილისი საგარეო დედაქალაქი იქნება, ქუთაისი საშინაო. არ ვართ ჩვენ ქუთაისელები ზედმეტად ამბიციურნი, ქუთაისს ეს სტატუსიც წაადგება.

-როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, შეძლებს თუ არა პრორუსული ძალა ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლას?

- უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც ერთი ძალა ვერ მოვა. პრორუსულს რაც შეეხება, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არა პროამერიკულს, ყველას და ყველაფერს პრორუსულს ეძახიან, ამიტომაც ასეთი თვითწოდება მე თვითონ ავიღე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსეთის ინტერესების გამტარებელ ძალად ფორმირებას. ეს უნდა იყოს ძალა, რომელიც მონახავს (მე, და არა მარტო მე, უკვე მონახული მაქვს) საერთო ქართულ-რუსულ ინტერესებს. ანგლო-საქსების პარადიგმა: "ინგლისს არა ყავს მუდმივი მეგობრები, ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები" ჩვენც გვესადაგება. საქართველოს არ ყავს მუდმივი მტრები, მას მუდმივი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებში უნდა ჩამოვყალიბდეთ.

- რა იქნება თქვენი პარტიის სახელი?

- მე არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად დამოუკიდებელი პარტია იქნება. მე ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისაც მოდური პოლიტისტებლიშმენტი პრორუსულს ეძახის.

იხილეთ ვრცლად

kutaisipost.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."