"ვერ აღწერ იმ საშინელებას, რაც იქ ვნახე... საწყალი ბიჭი სახურავზე იყო ატყორცნილი" - მერაბ მეტრეველის მეუღლე სახლის აფეთქებაზე

 "ვერ აღწერ იმ საშინელებას, რაც იქ ვნახე... საწყალი ბიჭი სახურავზე იყო ატყორცნილი" - მერაბ მეტრეველის მეუღლე სახლის აფეთქებაზე

აღდგომის დილას, გლდანში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც სახლი ჩაინგრა და მერვე სართულზე მცხოვრები ქალბატონის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ბინაში მცხოვრები მამაკაცი, რომელშიც აფეთქება მოხდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია. ამ საშინელი ფაქტის სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა.

როგორც გაირკვა, ბინა, რომელშიც ეს უბედური შემთხვევა მოხდა, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ოჯახს ეკუთვნის, მისი უშუალო მეპატრონე კი ნინო წულუკიძე გახლავთ, მერაბის მეუღლე, რომელსაც Ambebi.ge გაესაუბრა.

- ალბათ ღმერთმა დაგვიფარა, რომ იქ უფრო მეტი ადამიანი არ დაიღუპა. ფოტოთიც ვერ აღწერ იმ საშინელებას, რაც იქ, ადგილზე მისულმა ვნახე. ეს არის კატასტროფა. ვერ ვიფიქრებდი, რომ გაზი შეიძლებოდა ასე აფეთქებულიყო. გეგონება, დეტონატორების მთელი ყუთია გამოყენებულიო.

ჩემს ბინას ორი სახურავი ჰქონდა, სართულის ზემოთ, სახურავზე 60-65 სანტიმეტრის სიმაღლის სათავსო იყო, ანუ ორმაგი სინკარული გადახურვა და ის ორი ფენა მთლიანად არის ახდილი; ფაქტობრივად, აღარაფერია. ერთადერთი კედელია გადმოწეული და ისიც ისე საშიშად, შესაძლოა, გადმოვარდეს.

- ამ ბინის პატრონი როდიდან ხარ?

- ბინა 8-9 წლის წინ კრედიტით ვიყიდე. მართლა ბევრს ვწვალობდი, უამრავი რამ მოვიკელი... მოგვიანებით კი მერაბმა ბათუმში მშობლების ბინა გაყიდა და ცოტა უფრო დიდი სახლი ვიყიდეთ, ოჯახით იქ გადავედით. შემდეგ კი ჩემი კუთვნილი სახლი მეგობარს მივაგირავე.

- რატომ?

- რადგანაც ჰქონდა ფული და მეგობრებს გვეშინოდა, არ დაეხარჯა. თან, ბინა არ აქვს და თანხა შეენახებოდა. მოკლედ, ბესო იქ ცხოვრობდა, გააკეთა რემონტი, კარგი ბინა იყო, ერთოთახიანი, მაგრამ ორ ოთახად გადაკეთებული. სამზარეულო ლოჯში იყო გატანილი და მის ადგილზე საძინებელი გახლდათ.

- ბინაში რაიმე კუსტარულად ხომ არ იყო იქ დამზადებული?

- იქ კუსტარულად გაკეთებული არასდროს არაფერი ყოფილა. "კარმა" თვითონ კომპანიამ გარანტიით დაამონტაჟა და ასევე ძვირად ღირებული, კარგი ხარისხის წყლის გამათბობელი, რომელიც აგრეთვე ხელოსნის მიერ იყო დამონტაჟებული. მართლა არ ვიცი, რა მოხდა. ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის ეს ყველაფერი...

იქ წლების წინ ჩვილი ბავშვით მეც ვცხოვრობდი და არანაირი საფრთხე არ გვქონია. ასევე ცხოვრობდა ბესო, ჩემი მეგობარი, რომელსაც ბინა მივაგირავე და მსგავსი არაფერი ყოფილა. თვე-ნახევრის წინ ბინა სამი თვით თავად გააქირავა, რაღაც ფინანსური პრობლემა შეექმნა და  ემატყობინა, გაქირავებას ვაპირებო.

იმ ხალხზე, ვინც იქ გადავიდნენ, ამბობდა, - მშვენიერი ცოლ-ქმარი არიანო. ბიჭი, მგონი, სამხედრო იყო...

აღდგომის დილას, ცხრის ნახევარზე დამირეკეს, გაიღვიძე, შენი ბინა აფეთქდაო. რომ ავდექი და ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი? - კორპუსში პრობლემებიაო, მიპასუხეს. ადგილზე რომ მივედი, ამ დონის ტრაგედიას არ ველოდებოდი. მადლობა ღმერთს, რომ იყო დილა, კვირა დღე და ეზოში იმ დროს არავინ იყო, თორემ სახლის ქვემოთ არის სკვერი... სინკარები 20-30 მეტრზეა გატყორცნილი...

- ბინაში, რომელშიც ეს ტრაგედია მოხდა, გარდა იმ ახალგაზრდა კაცისა, რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია, კიდევ ვინ იმყოფებოდა?

- მხოლოდ ის ბიჭი. მისი მეუღლე იქ არ იყო. ის საწყალი მგონი, სახურავზე იპოვეს, იქ იყო ატყორცნილი და ახლა მძიმე მდგომარეობაშია.

- შენი ვარაუდით, რა შეიძლება მომხდარიყო?

- მართლა არ ვიცი. თუ გაზი გროვდებოდა, მაშინ ის საწყალი რატომ არ გაიგუდა?! არ ვიცი, ალბათ გამოძიება დაადგენს. იმ პერიოდში სახლში იყვნენ გვერდით მეზობლებიც, ვიცნობ იმ გოგოს და გადარჩნენ. უბრალოდ, ის ოთახი, რომელშიც იმყოფებოდნენ, არ დაინგრა. ეს ადამიანები მერე მაშველებმა აივნიდან გადმოიყვანეს.

იცით, რომ მერვე სართულზე ქალბატონი დაიღუპა, რადგანაც მერვეზე მეცხრე სართული მთლიანად ჩავიდა. საბედნიეროდ, იქ ბავშვები გადარჩნენ.

მოკლედ, ამ სართულებზე ახლა გარდა კედლებისა, კიბეები და ლიფტიც ჩაინგრა. მართლა დაბომბვის დროს რომ განადგურდება სახლი, ისეა...

- ვარაუდის დონეზე არ შეგიძლია რაიმეს თქმა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

- თუ გადარჩა ის ადამიანი, ალბათ, თვითონ იტყვის, ამ ტრაგედიის მიზეზს...

საერთოდ, როდესაც ასეთი ნგრევაა, არ ვიცი, გამოძიებას რა საშუალებები აქვს, გამოიკვლიოს, თუ რა მოხდა და რატომ. შეიძლება ყველაფერი იმის ბრალიც იყოს, რომ რაც ჩვენ იქიდან გადავედით, "ყაზტრანსგაზმა" მილები გარეთ გაიტანა. მოკლედ, არ ვიცი და ძალიან მინდა, რომ გამოიძიონ და გაარკვიონ. ბინას არ ვდარდობ, მაგრამ ამდენს რომ იწვალებ და ამდენი წლის განმავლობაში კრედიტს იხდი, დაასრულებ ამ საკრედიტო ტანჯვას, მოიხედავ და იქიდან აღარაფერია დარჩენილი.

- რას ამბობს გამგეობა? დახმარებას გპირდებათ?

- ამბობენ, რომ სრულად აღვადგენთ ყველაფერს და მეტ-ნაკლებად ზარალსაც დავფარავთო. როგორც ვიცი, სამი სართულის დემონტაჟს ვარაუდობენ. თავიდან არის ასაშენებელი, მაგრამ მე კონკრეტულად ჯერ არავისთან მისაუბრია...

მეზობელს დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ იპოვეს გაზქურა, რომელსაც ონკანი არასწორად ჰქონდა გადატრიალებული. როგორც ჩანს, ვარაუდობენ, ონკანი დარჩა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია.

ნეტავ, გადარჩეს ის ბიჭი და საბოლოოდ, ყველაფერს ეშველება. სჯობდა, რომ არავინ დაღუპულიყო... თუ ეს არის "ყაზტრანგაზის" დანაშაული, ხშირია ხოლმე ასეთი ფაქტები და მაშინ მათ სამომავლოდ მეტი ყურადღება მართებთ. როცა გვაიძულებენ, რომ ვიყოთ კარგი გადამხდელები, აჯობებს, წელიწადში ორჯერ მაინც მივიდნენ და შეამოწმონ ყველაფერი. ადამიანები კვდებიან და ტექნიკური გამართვა, განახლება, შემოწმება ყველაფერს ესაჭიროება.

ახლა, ჩემს მეგობარ ბესოზეც ისე ვდარდობ, ორი ხელი ტანსაცმლით არის დარჩენილი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ გლდანში მომხდარი აფეთქების ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია