წლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი სასურველი მანქანის უცხოეთიდან ჩამოყვანას დამოუკიდებლად ახერხებს, ნაწილი კი საშუამავლო კომპანიების ან კერძო პირების მეშვეობით. როგორც ჩანს, ეს ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია, რაზეც ბოლო დროს მსგავსი საშუამავლო კომპანიების სიმრავლე მეტყველებს. თუმცა სამწუხაროდ, მომრავლებული საშუამავლო კომპანიების პარალელურად, არსებობს იმის საკმაოდ მაღალი ალბათობა, რომ რომელიმე კომპანიის თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. კერძო პირების შემთხვევაში ეს რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
თაღლითობის ერთ-ერთი მაგალითი გამოვლინდა გასულ კვირას - თბილისისა და რომის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, იტალიაში თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ქართველებისგან დაკომპლექტებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა იტალიიდან ავტომობილების საქართველოში იმპორტის მიზნით, შპს "იტალავტო" დააფუძნა. კომპანია თაღლითური განზრახვით კლიენტებს შემცირებულ ფასებს სთავაზობდა, მეტი სანდოობისთვის სკაიპის საშუალებით ახორციელებდნენ იტალიაში არსებული ავტომობილების საქართველოში პოტენციური მყიდველებისთვის ჩვენებას. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე ჯგუფმა 21 კლიენტთან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება და თაღლითურად დაახლოებით 180 000 ევრო მიითვისეს. ამჟამად, კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.
მსგავსი თაღლითობის სქემით საქართველოში დაფუძნებული კომპანიებიც მოქმედებენ. bpn.ge-თვის ერთ-ერთი ასეთი კომპანიის თაღლითობის შესახებ გახდა ცნობილი, რომელმაც რამდენიმე კლიენტი მსხვილი თანხებით აზარალა. ჩვენი რესპონდენტის ცნობით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა, სასურველი მანქანის შეძენა საშუამავლო კომპანიის მეშვეობით გადაწყვიტა, რადგან აღნიშნული მანქანის შეძენა საქართველოში გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა. ამ მიზნით, ერთ-ერთ საშუამავლო კომპანიას - შპს "ამერიკა მოტორსს" დაუკავშირდა. მანქანა შეარჩია, პირობებს გაეცნო და ფირმას წინასწარ 10 000 დოლარიც გადაუხადა. როგორც ჩვენს რესპონდენტს ფირმაში განუცხადეს, კომპანიას მანქანა იაპონიიდან უნდა ჩამოეყვანა, ტრანსპორტირებას კი გარკვეული დრო სჭირდებოდა. 3 თვის შემდეგ, როცა შეგულებული მანქანა ვერ მიიღო, კომპანიასთან დაკავშირება სცადა. თუმცა, უშედეგოდ - "ამერიკა მოტორსის" მფლობელები გაუჩინარდნენ. როგორც მოგვიანებით გაარკვია, ანალოგიურ მდგომარეობაში რამდენიმე კლიენტი აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებული სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის მიმართვას აპირებს.
როგორც bpn.ge-სთვის გახდა ცნობილი, "ამერიკან მოტორსი" წერეთლის 49-ში მდებარეობდა, თუმცა დღეს ოფისი დაკეტილია. კომპანიის მფლობელთან მანუჩარ ჭელიძესთან დაკავშირება კი შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, თაღლითებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. მეტი ინფორმაციის მოძიების მიზნით, მეწარმეთა რეესტრს ვესტუმრეთ, სადაც "ამერიკან მოტორსის" სახელწოდებით სამი ფირმაა რეგისტრირებული. თუმცა არცერთ მათგანში მანუჩარ ჭელიძე არ ფიგურირებს.