რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თინა კანდელაკს კორუფციულ გარიგებაში ამხელს.
როგორც იაშინი ამტკიცებს, კომპანია "აპოსტოლმა", რომელიც კანდელაკის საკუთრებაშია, უკანონოდ მოიგო ტენდერი, რომელიც რაიონ "ახალი მოსკოვისთვის" ბრენდის შექმნაზე იყო გამოცხადებული. ინფორმაციის თანახმად, ტენდერი მოსკოვის გენერალური გეგმის ინტიტუტმა გასული წლის ბოლოს გამოაცხადა. კონტრაქტის მაქსიმალური ღირებულება 17,3 მილიონი რუბლი იყო. ამასთან, შესყიდვასთან მიმაგრებული იყო კალენდარული გეგმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების პირველი ეტაპი კონტრაქტის ხელმოწერისთანავე უნდა დაწყებულიყო და ის 2014 წლის 22 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. "ტენდერის შედეგები 2014 წლის 5 დეკემბერს გამოცხადდა, გაიმარჯვა თინა კანდელაკის კომპანიამ, რომელმაც თავის თავზე აიღო ბრენდის 15 მილიონ რუბლად შექმნა, თუმცა ტენდერში მონაწილეობდნენ კომპანიები, რომლებიც ბრენდის შესაქმნელად დამკვეთს სხვა ფასს სთავაზობდნენ - მაგალითად 5,4 მილიონს და 5 მილიონს. როგორც წესი, ტენდერის მოგების შემდეგ კომპანია დამკვეთთან ხელშეკრულებას მალევე აფორმებს, თუმცა "აპოსტოლმა" და დამკვეთმა არ იჩქარეს და ხელმოწერა დოკუმენტზე თითქმის 2 თვის შემდეგ- 2015 წლის 30 იანვარს გაჩნდა,"- წერს იაშინი.