საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 21 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებს მიმართავს. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
გაბაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციის დევნით, ზეწოლითა და მათი ლიდერების დაჭერით, ოპოზიციის ხმას "ვერ ჩაახშობს".
გაბაშვილმა ექს-პრემიერს "ხალხის გადამგდები" უწოდა.
"ბიძინა ივანიშვილი, ეს ერთი ადამიანი, ახლა განსაკუთრებით, როცა ყველა ხვდება ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის გარეთ, რომ ამ ადამიანმა არცერთი დაპირება არ შეასრულა, გადააგდო ხალხი, მოატყუა ყველაფერში, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ამის ფონზე ოპოზიციის დარბევები, დაჭერები, დევნა, - ეს ყველაფერი არის მისი გზა. არ უშველის ეს გზა. პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება", - განაცხადა გაბაშვილმა.