განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში ბავშვს არ მიიღებენ, თუ ის სრულყოფილად 6 წლის არ იქნება. ამ კანონის ძალაში შესვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მშობლები შეწუხებულები არიან და ამბობენ, რომ ბავშვები ამით ერთ წელს კარგავენ, 12-წლიანი სწავლების გამო კი საკმაოდ დიდებს, 18-19 წლისებს ისევ მერხებთან მოუწევთ ჯდომა და ა.შ. მიუხედავად ასეთი გამოხმაურებისა, გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება.
ამ თემაზე ინტერვიუს ჩასაწერად განათლების სამინისტორს დავუკავშრიდით, რომელმაც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ფსიქოლოგ ლევან ზარდალიშვილთან გადაგვამისამართა. სწორედ მან განგვიმარტა კანონის მიღების საფუძვლები.
- გადაწყვეტილება სკოლაში მისაღები ბავშვების ასაკთან დაკავშირებით უცბად მიღებული არ გახლავთ. 5 წლის ბავშვების სკოლაში შეყვანა არ იყო სწორი, რადგან ამ ასაკში ბავშვი არც ფიზიოლოგიურად, არც ფსიქოლოგიურად მზად არ არის ამისთვის.
- ეს გასაგებია, მაგრამ 30 აგვისტოს დაბადებული ბავშვი რატომაა მზად სკოლისთვის და რატომ არ შეიძლება, პირველ ოქტომბერს დაბადებული ბავშვი შევიდეს სკოლაში. ეს ერთი თვე რას წყვეტს?
- მოგახსენებთ. ჩვენი აზრით, ბავშვის სკოლაში მისაყვანად 6 წელი ქვედა დასაშვები ზღვარია. სინამდვილეში ბავშვი სასკოლოდ 7 წლისკენაა მზად. როდესაც 5 წლის ბავშვი შედის სკოლაში და 17 წლისა ამთავრებს, ის მზად არაა პროფესიის ასარჩევად, თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტორებს, რომ 5 წლის ბავშვის ხერხემალი, მოტორიკა, ემოციური ფონი, თავად ბავშვი არაა მზად სკოლისთვის. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, ბავშვმა თუ ლექსების კითხვა და ანგარიში იცის, მზადაა სკოლაში მისაყვანად, რაც არაა სწორი. ნებისმიერი პროფესორი და ლექტორი გეტყვით, რომ 17 წლის ბავშვები, რომლებიც უმაღლესში ინაცვლებენ სასწავლებლად, ისე იქცევიან, როგორც სკოლის მოსწავლეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის დამთავრების ზედა ზღვარი, 17 წელიც კი არ შეესაბამება უმაღლესში ჩაბარების დროს. რეალურად 19-20 წლის ასაკშია ბავშვი მზად უმაღლესისთვის და პროფესიის სწორად არჩევისთვის. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი ბავშვის ჯანმრთელობაა. მშობლებს შუეძლიათ, გამოკითხონ დაწყებითი კლასის პედაგოგები, რომელთაც კლასში ჰყავდათ 5 წლის მოსწავლეები, კალთაში უზით და უწევთ ისე მოექცნენ, როგორც საბავშვო ბაღის მასწავლებლები ექცევიან.
განაგრძეთ კითხვა