90-იან წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას და ხალხმრავალ ადგილებში გავლისას, დიდი შანსი იყო ჯიბის ქურდის ე.წ. "კარმანშიკის" მსხვერპლი გამხდარიყავით. ისინი თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყვნენ. თემო ბუსკივაძე (სახელი და გვარი შეცვლილია) ერთ-ერთი მათგანი იყო.
- იმერეთიდან ვარ. 1990 წელს ჩავაბარე უმაღლესში და ჩამოვედი თბილისში. ვიცოდი, რომ გაჭირვება იყო, მაგრამ სოფელში ეს ისე მძაფრად არ იგრძნობოდა, ხოლო თბილისში მართლა ძალიან გამიჭირდა. ის 2 კაპიკი, რასაც ჩემები მატანდნენ, გზაში მეხარჯებოდა, სამსახური არ იყო, რომ მემუშავა. ერთ დღესაც ჩემი სოფლელი ბიჭი ვნახე, რომელმაც სახინკლეში დამპატიჟა. რომ დავლიეთ, ვკითხე, რას საქმიანობ-მეთქი და გამიმხილა, ჯიბის ქურდობით ვირჩენ თავსო. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მეც ეს საქმიანობა დამაწყებინა.
- არ გაგიჭირდა სწავლა?
- როგორც ჩანს, "ტალანტი" მქონდა, მართლა მალე ავითვისე. ძირითადად ბაზრობებზე ვეძებდი საკბილოს. მეტროში იშვიათად ჩავდიოდი, რადგან ვინც მეტროთი სარგებლობდა, იმას იშვიათად ჰქონდა ხოლმე ფული. ბაზრობებზე ვაკვირდებოდი, ვინ რას ყიდულობდა, თუ ხშირად ამოწმებდა საფულეს, ე.ი. რაღაც ეგულებოდა...
- რამდენს შოლობდი?
- ერთხელ ერთ ქალს საფულე ამოვაცალე და შიგ 300 დოლარი ედო. ეს მაშინ ძალიან დიდი ფული იყო, ამიტომ თავს უფლება მივეცი და 1 თვე საერთოდ აღარ ვეკარებოდი იქაურობას. თანაც მაშინ პოლიციას "სტავკა" ჰქონდა იმისათვის, რომ არ დავეჭირეთ და 100 დოლარი ამისთვისაც გადავინახე. პოლიციას არ აინტერესებდა, ვიშოვიდით თუ არა, 100 დოლარი უნდა მიგვეცა. მოგვიანებით უკვე 50 ლარი, სამაგიეროდ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ. ძირითადად, იმდენს ვშოულობდი, რომ 2-3 დღე მყოფნიდა. ჩემებს ვატყუებდი მუშაობა დავიწყე-მეთქი და უხაროდათ. ცოტა ფულს იმისათვის ვინახავდი, რომ დიპლომი მეყიდა, თორემ სასწავლებელში აღარც დავდიოდი.
ხიფათიც ბევრი ახლდა ამ საქმეს. ერთხელ ერთ ბიჭს ჩავუყავი ჯიბეში ხელი, თურმე ის ჩემზე ბევრად გაქნილი ჯიბგირი ყოფილა, იგრძნო და არ შეიმჩნია. თვითონაც ჩაიყო ხელი და "ბრიტვა" დამისვა ხელზე. იმხელა ჭრილობა იყო, ნაკერების დადება დამჭირდა.
- პოლიციას ფულს კი უხდიდი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ერთხელ მაინც დაგიჭირეს.
- ერთ ქალს ამოვაცალე საფულე. შიგნით თითქმის არაფერი იყო. მე რა ვიცოდი, თუ პოლიციის უფროსის მამიდა იქნებოდა. მეორე დღეს სახლში ამიყვანეს, 5 000 დოლარი მოითხოვეს ან 1 წლით ციხე. ამდენს ნამდვილად ვერ გადავიხდი და იძულებული გავხდი, 1 წელი ჩავმჯდარიყავი. ჩემებმა რომ გაიგეს, დედას ინსულტი დაემართა. ვუთხარი, ტყუილად ვზივარ და ადვოკატის დამსახურებაა 1 წელი, თორემ 5 წელს მისჯიდნენ-მეთქი. ერთ წელიწადში გამოვედი. პოლიციის უფროსმა მითხრა, რაც გინდა აკეთე, მოსატანი მოიტანე და იცოდე, ვის უნდა შეეხოო.
- თემო, არ გინანია, როცა ვიღაცისათვის ამოგიცლია ფული?
- გათიშული ვმოქმედებდი ხოლმე. ვცდილობდი, საერთოდ არ მეფიქრა, მაგრამ ერთ შემთხვევას ახლაც ვერ ვივიწყებ. ქალს ამოვაცალე საფულე, 20 ლარი ედო მხოლოდ და რაღაც საბუთები. იქვე ნაგავს წვავდნენ და ეს საფულე იქ ჩავაგდე. ამ ქალმა მაშინვე მოიჩხრიკა ჩანთა და რომ მიხვდა, ამოვაცალე, ტირილი დაიწყო. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ჩემი გარდაცვლილი შვილის ერთადერთი სურათიღა მქონდა და იქ მედოო. ათ იმდენს მივცემ, ოღონდ ის სურათი დამიბრუნოსო. მართლა მაგრად ვინერვიულე. დღემდე თვალწინ მიდგას იმ ქალის სახე.
- თუმცა ამის მერე მაინც იგივეს აგრძელებდი...
- კი, ეგრე იყო. ძალიან იოლი ფული იყო და დათმობა მენანებოდა. მერე დედა გარდაიცვალა და მამაჩემმა რამდენ ხანს უნდა იყო ქალაქში და სოფელში ჩამოდიო. იქ დავოჯახდი და სოფლის მეურნეობით ვირჩენ თავს. ახლა რომ ვიხსენებ წარსულს, მრცხვენია კიდეც, მაგრამ უფრო პერიოდს ვაბრალებ. მძიმე იყო იმ დროს თავის გატანა. ზოგმა ეს პატიოსნად მოახერხა და მე ეს გზა ავირჩიე.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE