მედეა თიკანაძე 5 წლის იყო 1937-ში დედ-მამა რომ დაუპატიმრეს და მამის აშენებული სახლიც წაართვეს. შემდეგ ნათესავების კარზე იზრდებოდა. ამის მიუხედავად, სიცოცხლე არა ბოროტების, არამედ ადამიანური ღირსებების ძებნაში გაატარა.
- ბევრს უკვირს, რატომ ვიყავით ჩვენ, სტალინის ეპოქის მსხვერპლთა შვილები, სტალინის ერთგულები... დამერწმუნეთ, გულის სიღრმეში ახლაც ბევრს სჯერა, რომ სტალინი არაფერ შუაში არ იყო 37 წელთან. ჩემი ოჯახიც 37 წლის მსხვერპლია - როცა მამა მიჰყავდათ, თან მისი ყველა ნივთი მიჰქონდათ და ჰალსტუხი დაუვარდათ. ეს მაინც დამიტოვეთ ქმრის მოსაგონრადო, - იხვეწებოდა დედა, მაგრამ ამის ნაცვლად თავადაც წაიყვანეს... 10 წლის მერე დედა დაბრუნდა, მაგრამ 4 წელიწადში გარდაიცვალა 46 წლისა, მამა თურმე მაშინვე დახვრიტეს... მე კი ნათესავებმა წამიყვანეს გასაზრდელად...
მიუხედავად ამ ყველაფრისა, 56-ის მარტში მშრალ ხიდთან, ბაღში, სტალინის ძეგლთან მაინც ვიდექით მე და ჩემი მეუღლე. ის 24 წლის იყო, მე - 23-ის. აქვე ახლოს ვცხოვრობდით, შემოგვესმებოდა სტალინის დასაცავად შეკრებილი ხალხის გუგუნი, დავუტოვებდით ბავშვს დედამთილს, გავიქცეოდით ბაღში და როცა ჭამის დრო დაუდგებოდა, უკან გამოვიქცეოდი. 9 მარტის იმ საღამოსაც ამიტომ გამოვიქეცი შინ.