დიდი ბიზნესისა და დაფინანსების სფეროში მნიშვნელოვანი გავლენის მქონე უმდიდრესი ქალების რაოდენობა მსოფლიოში განუხრელად იზრდება,
რაც გვაფიქრებინებს, რომ საფუძველს საკმაოდ მოკლებული უნდა იყოს მოსაზრება, ვითომდა ასეთ ქალებს თავიანთი წინაპრებისა თუ ქმრების მიერ დანატოვარ-დაგროვილი ფულის ფლანგვის გარდა, არაფერი ეხერხებოდეთ. ნათქვამის ნათელი დადასტურებაა დაფინანსების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ბიზნესპერსონა, საპაიო ფონდების მართვის დარგში პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური იმპერიის - Fidelity Investments-ის თავკაცის, ედვარდ ჯონსონის ერთადერთი ქალიშვილი და მემკვიდრე - ებიგეილ ჯონსონი.
ებიგეილს, თავისი 17,3-მილიარდიანი ქონებით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 50-ე, ამერიკულ რეიტინგში კი - 25-ე ადგილი უკავია. ებიგეილი Fidelity Investments (FI)-ის ვიცე-პრეზიდენტი და ამ იმპერიაში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, Fidelity Management and Research (FMR)-ის პრეზიდენტია. გარდა ამისა, ის FI-ის უმსხვილესი აქციონერი და მისი აქციების 24,5 პროცენტის მფლობელიცაა.
ებიგეილ ჯონსონი 1962 წელს დაიბადა. მას ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული. პრესტიჟული სკოლის Buckingham Browne & Nichols ყველაზე ნიჭიერი კურსდამთავებული ბიზნესლედი უილიამ სმიტის კოლეჯის ბაკალავრის და ჰარვარდის უნივერსიტეტის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხების მფლობელია.
GzaPressFidelity Investments-ი ებიგეილის ბაბუამ - ედვარდ ჯონსონმა 1946 წელს დააფუძნა. 1971 წელს მისი მართვის სადავეები ებიგეილის მამას გადასცა. იმ დროს ეს კომპანია 14 საპაიო ფონდსა და 2 მილიარდამდე დოლარს განკარგავდა.
Fidelity Investments-ის დამაარსებელი ორთოდოქსული აზროვნების დიდი მოწინააღმდეგე იყო. მიაჩნდა, რომ უსაფრთხოების ზომების გადაჭარბებული დაცვა მხოლოდ პრობლემებს თუ ამრავლებდა და ამიტომაც, საკუთარი ხელქვეითების გაბედულ ნაბიჯებს ყოველთვის მიესალმებოდა, ოღონდ თავად ბაზრის კანონებს არასდროს ივიწყებდა და პირად გაბედულება-გაუბედაობასაც ძირითადად ამ კანონებს უსადაგებდა. რაც შეეხება მის უშუალო მემკვიდრეს, ებიგეილის მამას, ის საინვესტიციო საქმეში, პირველ რიგში, "გონივრული თავდაჯერებულობის" მომხრეა და მიაჩნია, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამუდმებული გადამოწმება შემოსავლის მიღებას უშლის ხელს. როგორც ჩანს, ბუნებით ზედმიწევით მშვიდმა და გაწონასწორებულმა ებიგეილ ჯონსონმა როგორც ბაბუის, ისე მამის შეგონებები არა მარტო კარგად შეითვისა, საკუთარ საქმიანობაშიც თავიდანვე წარმატებით გამოიყენა და დღემდეც ასე იქცევა. თუმცა, უკვე არც საკუთარი გამოცდილებით ჩამოყალიბებული შეხედულებების დემონსტრირებას ერიდება და ამიტომაც, საუკეთესო იდეების წამომყენებელ მენეჯერებს ყოველთვის ყველანაირად უჭერს მხარს და ახალისებს.
გაგრძელება