პროკურატურა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორის, დავით კირკიტაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვინაიდან დავით კირკიტაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას დადგენილება ბრალდების შესახებ წარედგინება დაუსწრებლად და საქართველოს მთავარი პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას, რისი შეფარდების შემთხვევაშიც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
ამ დროისათვის დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფება. Ambebi.ge მას დაუკავშირდა და ყოფილი გუბერნატორი ჩვენს კითხვებს მანამდე პასუხობდა, ვიდრე დავინტერესდებოდით უნივერსიტეტით, სადაც ახლა სწავლობს და პროფესიით, რომელსაც ეუფლება. Ambebi.ge-ს ამ შეკითხვამ დავით კირკიტაძე გააღიზიანა.
"ტელეფონის ნომერიც ხომ არ მოგწეროთ რექტორის, პირდაპირ ამხანაგმა წულუკიანმა რომ დაურეკოს?", - გვიპასუხა კირკიტაძემ და ჩვენთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა. შესაბამისად, Ambebi.ge-მ დავით კირკიტაძისგან ყველა კითხვაზე ვერ მოიპოვა პასუხი. გთავაზობთ ინტერვიუს:
- პროკურატურა თქვენს დაპატიმრებას ითხოვს. რას უპასუხებთ პროკურატურის ბრალდებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით და ასევე, უწყება ამბობს, რომ თქვენ თავს არიდებთ საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას...
- ეგ უსუსურები, ეგენი. 2015 წლის 4 იანვრამდე მანდ ვიყავი და თუ რამე აინტერესებდათ, რატომ არ დამიბარეს?!
სასწავლებლად ვარ, 10 ივლისს ვბრუნდები და ახლა რუსი ოლიგარქის დავალებების შემსრულებელთა ხუშტურების გამო ნამდვილად ვერ შევცვლი ჩემს გეგმებს და ვერ მივიღებ მის მიერ დაგეგმილ მასკარადში მონაწილეობას.
- შესაძლოა, პატიმრობა დაუსწრებლად შეგეფარდოთ და თქვენზე ძებნა გამოცხადდეს... ამის გათვალისწინებით, დაბრუნდებით საქართველოში?
- თუ ისინი შეეცდებიან, სწავლაში ხელი შემიშალონ, მივმართავ აქ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურას და დავიცავ ჩემს უფლებებს. გარწმუნებთ, როგორც დასავლეთის არაერთი ქვეყნის სასამართლომ არ გაიზიარა მათი პოზიცია, უფრო მეტიც, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა მათ მიერ შეთითხნილ საქმეებს, ისე მოხდება ამ შემთხვევაშიც.
- ბატონო დავით, თქვენს სწავლას რაც შეეხება, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, კონკრეტულად სად და რას სწავლობთ.
- ტელეფონის ნომერიც ხომ არ მოგწეროთ რექტორის, პირდაპირ ამხანაგმა წულუკიანმა რომ დაურეკოს?
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახურმა დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების შპს "ავტოჰაუს-რუსთავი2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.
გიორგი გიორგაშვილი
AMBEBI.GE