როგორი იქნება მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები და რატომ ექნება ყველას განსხვავებული ანაზღაურება?

როგორი იქნება მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები და რატომ ექნება ყველას განსხვავებული ანაზღაურება?

მასწავლებელთა შეფასების წესი დადგინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ მუშაობა დაასრულა. როგორც კომისიის წევრები "ამბები.გე"-სთან აცხადებენ, პედაგოგების შეფასებისთვის, გარე და შიდა შეფასება დადგინდა. გარე შეფასება ეხება ყველა მასწავლებელს, გარდა პრაქტიკოსი მასწავლებლისა. გარე შეფასებას აწარმოებენ პროფესიული კუთხით შერჩეული ადამიანები, რომლებიც მასწავლებელს ერთჯერადად, უშუალოდ გაკვეთილის ჩატარების დროს დააკვირდებიან. როგორც ჩვენთან საუბარში კომისიის წევრმა, ქეთი ჭკუასელმა განაცხადა, ამ შეფასების კრიტერიუმებს გამოცდების ეროვნული ცენტრი განსაზღვრავს. რაც შეეხება შიდა დაკვირვებას, ესეც საგაკვეთილო პროცესის დაკვირვებას გულისხმობს. კერძოდ, მასწავლებლის შიდა დაკვირვებას აწარმოებენ ამავე სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, კათედრის ხელმძღვანელი და კათედრის მასწავლებელი. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ თუ პედაგოგმა შეფასება ჩააგდო, მას კიდევ აქვს შანსი, რომ დადებით შედეგს მიაღწიოს.

"ამ ცვლილებების მიზანი არის, რომ სკოლას ენიჭება ძალიან დიდი როლი მასწავლებლის შეფასებაში, რადგან სკოლა ხედავს და იცის, როგორ მუშაობს მასწავლებელი. თვითონ სკოლა აიღებს პასუხისმგებლობას, რაც ნიშნავს მოქალაქეობრივი აქტივობის პასუხისმგებლობის აღებას. კარგია ისიც, რომ მასწავლებლებს ექნებათ განსხვავებული ანაზღაურება, რაც ხელს შეუწყობს, რომ მასწავლებელს არ გაუფუჭდეს დამოკიდებულება საქმის მიმართ.

კომისიამ იმუშავა მასწავლებლის პოზიციიდან. მასწავლებლების შიში, რომ მათ სამსახურიდან გაუშვებენ, უსაფუძვლოა. ძალიანაც რომ გვინდოდეს მათი დათხოვნა, ჩვენ მათ ვერ ჩავანაცვლებთ. ყველას აქვს შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოს. ამისთვის უნდა მოინდომონ. შემოწმებები ხდება მხოლოდ გაკვეთილის პროცესის, ასე რომ, ამაში განსაკუთრებული არაფერია", - განაცხადა ჭკუასელმა.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებელს, მასზე დაკვირვება იწარმოებს მას შემდეგ, რაც ერთი საფეხურით აიწევს და უფროსი მასწავლებელი გახდება. პრაქტიკოსი მასწავლებელი არის არასერტიფიცირებული მასწავლებელი. იმისთვის, რომ პრაქტიკოსი პედაგოგი კატეგორიაში დაწინაურდეს, შემდეგი მოთხოვნებია საჭირო: გამოცდის ჩაბარება იმ საგანში რომელსაც ასწავლის, ხოლო შემდეგ ტრენინგი უნარებში. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები უნარებში გამოცდის ნაცვლად, ტრენინგებს გაივლიან. პრაქტიკოს მასწავლებელს, 4 წლის განმავლობაში ექნება ვადა, რომ საგნობრივი გამოცდა ჩააბაროს.

რაც შეეხება კატეგორიებს, რომლებიც უკვე ვახსენეთ. მასწავლებლები ოთხ კატეგორიად დაიყოფიან – პრაქტიკოსად, უფროსი მასწავლებლად, წამყვან მასწავლებლად და მენტორად. მასწავლებელთა ხელფასებიც კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

კომისიის წევრის, სოფიკო ლობჟანიძის ინფორმაციით, მასწავლებლები

დააგროვებენ კრედიტებს, განახორციელებენ პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობებს და შედეგად, ნელ-ნელა გადავლენ ერთი საფეხურიდან მეორეზე.

"პირველადი განაწილება ასეთი იქნება: არასერტიფიცირებული მასწავლებლები მოხვდებიან პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურზე. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ. მეცნიერებათა დოქტორები, რომლებიც დოქტორები არიან იმ საგანში, რასაც ასწავლიან, ასევე მუშაობენ სკოლაში და არიან სერტიფიცირებულები, მოხვდებიან წამყვანი მასწავლებლის საფეხურზე. მაგრამ, პირველადი განაწილებით მენტორის საფეხურზე ვერავინ მოხვდება. 2015-16 წელი იქნება პილოტირების წელი და თუ რამე ლაფსუსი იქნება, პილოტირების პროცესში გამოიკვეთება და აღმოიფხვრება", - განაცხადა ლობჟანიძემ.

რაც შეეხება სავალდებულო კრიტერიუმებს, რომლებიც პედაგოგებს განესაზღვრად, ამის შესახებ ინფორმაციას პედაგოგთა პროფკავშირის თავმჯდომარე გვაწვდის: "უფროსი მასწავლებლისთვის სავალდებულო აქტივობა თვითშეფასების კითხვარის წარმოებაა. ასევე გაკვეთილის წარმართვის შეფასება მოხდება შიდა და გარე დაკვირვებით. მასწავლებელმა უნდა აწარმოოს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ამ მოთხოვნების წარმატებით განხორციელებისთვის უფროს მასწავლებელს ეძლევა საშუალება, გადავიდეს უფრო მაღალ საფეხურზე. წამყვანი მასწავლებლისთვის პრაქტიკული საქმიანობის კვლევის უფრო მეტი მოთხოვნებია. მენტორ მასწავლებელმა ამ კრიტერიუმებთან ერთად უნდა აწარმოოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების კვლევა. მენტორი მასწავლებლის ფუნქცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის მართვა და კონსულტაციების გაწევა პედაგოგებისთვის". გარდა ამისა, პროფკავშირების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ცვლილებების შედეგად მასწავლებლებს არ უნდა ჰქონდეთ შიში, რომ მათი სკოლიდან გათავისუფლება მოხდება.

სავალდებულო კრიტერიუმების წარმატებით განხორციელება ასევე იმოქმედებს კატეგორიაში დაწინაურებაზეც, უფრო დეტალური ინფორმაცია, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა წინსვლისთვის , 22 თებერვლის შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მთავრობა მასწავლებლის შეფასების წესს დაამტკიცებს. მასწავლებლის შეფასების წესი პილოტირების რეჟიმში მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყებს მოქმედებას.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია