ბოლო წლებია, ისლამურ სახელმწიფოში გამართულ ბრძოლებში საქართველოს მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ.
პრესაში სულ იწერება, რომ ქართველი მუსლიმები გადასაბირებლად და მოსამზადებლად რელიგიურ ორგანიზაციებს თურქეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ, იქ წვრთნას გადიან და სხვის ომში ებმებიან. სირიაში საბრძოლველად წასული ახალგაზრდების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ამის სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა ფაქტია, მათი რიცხვი ყოველდღე იზრდება. ბევრმა ოჯახმა თურმე არც კი იცის, მისი შვილი სირიაში რომ იბრძვის. მათ ჰგონიათ, ის სამუშაოდ თურქეთში გაუშვეს, სინამდვილეში, სირიაში ომობს. საგანგაშო ისაა, რომ იქ წასულები სხვადასხვა გზით ცდილობენ, სხვებიც აიყოლიონ და საომრად წაიყვანონ. აშკარად იგრძნობა იქ წასულ ახალგაზრდებზე რელიგიური ექსტრემიზმის გავლენა. ამაზე პანკისის მოსახლეობა ღიად საუბრობს.
მოსახლეობა ხეობიდან ახალგაზრდების გადინებას იქ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონსაც უკავშირებს. მათი თქმით, პანკისის ხეობაში მცხოვრებლებს დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ. არც იმას გამორიცხავენ, რომ თურქეთში სამუშაოდ წასული პანკისელი ახალგაზრდებიც აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, რომ გარკვეულმა წრეებმა მოახერხონ მათი გადაბირება და სირიაში წაყვანა. სამწუხაროდ, იქიდან რამდენიმე ახალგაზრდა პანკისში უკვე ჩამოასვენეს. მოსახლეობაც დიდი ხანია, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ანალოგიური ვითარებაა აჭარის მაღალმთიან რეგიონებში: იქიდან და ბათუმიდანაც არაერთი ახალგაზრდა წავიდა საომრად სირიაში.
ამას ისიც დაემატა, რომ სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე იქიდან ტერორისტული აქტებითაც გვემუქრება. ამ დღეებში ბათუმელი მუსლიმის, თამაზ ჭაღალიძის განცხადებები სოციალური ქსელით გავრცელდა: "ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატოს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში თუ საქართველოში, ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა "კაგებეშნიკი", ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა, ან რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორემ ერთ დღეს რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება, გასაქცევს მოძებნით. გპირდებით, დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ, გაჩენას ინანებთ, თქვე ვირთხებო! საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს, მწარედ ინანებთ, თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ", - წერს თამაზ ჭაღალიძე და იმუქრება, - ჩვენ წინაშე პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, ვერავინ გადარჩებაო.
მისი ოჯახის წევრები გურიის ერთ-ერთ სოფელში, სიდუხჭირეში ცხოვრობენ. ძმა ამბობს, რომ თამაზი პერიოდულად ურეკავს სირიიდან. სოფლის ახალგაზრდები არ უარყოფენ, რომ ჭაღალიძე მათ სირიაში ჩასვლისკენ მოუწოდებს და იქ კარგ პირობებს ჰპირდება. ერთი რამ აშკარაა, ჭაღალიძის მუქარა საყურადღებოა. ამ საშიშროებას ექსპერტებიც ხედავენ.
სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლისთვის სასწრაფო ზომები მიიღოს: "ჭაღალიძის მუქარა შეიძლება დავაკავშიროთ "კარფურის" წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმასთან. იქ იყო ახლო აღმოსავლეთის კიბერარმია. საქართველო უკვე მოხვდა ისლამური ხალიფატის დარტყმის ქვეშ. კიბერშეტევა, რომელიც "კარფურის" მაღაზიათა ქსელზე განხორციელდა, გლობალური მასშტაბის იყო. საფრთხე საკმაოდ სერიოზულია. კარგად დავაკვირდი ადგილმდებარეობას იმ სურათების მიხედვით, რომელიც გავრცელდა ჭაღალიძის მუქარასთან ერთად. აშკარად ჩანს, რომ ჭაღალიძე კონსპირაციულ ბინაშია. საკმაოდ კარგადაა შეიარაღებული ახალი "კალაშნიკოვის" ტიპის რუსული ავტომატით. არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ჭაღალიძე ჩრდილო კავკასიაში, რომელიღაც კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდეს. ასეთი დონის კონსპირაციულ ბინებში ძირითადად, დაღესტნის ჯამაათის მებრძოლები არიან, რომლებიც დღეს ჩრდილო კავკასიაში მოქმედებენ".
ტერორიზმის საშიშროებაზე უკვე იუსტიციის მინისტრიც ალაპარაკდა. ისიც ნათელია, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი გახდება. თუ ჭაღალიძე საქართველოში შემოვა, სამართალდამცავებმა ის უნდა დააკავონ და პასუხისგებაში მისცენ.