სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ ისინი, ვინც მარიუპოლი დაბომბეს, რადგან მათ განზრახ ესროლეს მშვიდობიან მოსახლეობას, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეფრი ფელტმანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავების გამო შეიკრიბა.
"ჩვენ მკაფიო სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ და უნდა დაისაჯონ", - განაცხადა ჯეფრი ფელტმანმა. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, ზეწოლა მოახდინოს სეპარატისტებზე, რათა ცეცხლი შეწყვიტონ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა პასუხისმგებლობა საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო კიევს დააკისრა.
"მივმართავ სახელმწიფოებს, რომლებსაც კიევზე აქვთ გავლენა - შეწყვიტეთ კიევის ხელშეწყობა. ამან შესაძლოა, მხოლოდ დიდ კატასტროფამდე მიგვიყვანოს", - განაცხადა ვიტალი ჩურკინმა. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოზე უკრაინის წარმომადგენელმა იური სერგეევმა აღნიშნა, კიევს უკრაინაში რუსეთის აგრესიის უამრავი მტკიცებულება აქვს.
"წინა სხდომაზე ამ დარბაზში ჩვენ 9 ათას რუს სამხედროზე ვსაუბრობდით, ახლა კი მათი რაოდენობა უკრაინის ტერიტორიაზე 12 000-ია, 235 ტანკი, 729 ჯავშანტრანსპორტიორი, 263 საარტილერიო სისტემა", - აღნიშნა იური სერგეევმა.