"მერწყულის ზოდიაქო ძალაში 20 იანვრიდან შევა. ის ერთადერთია, რომელსაც ორსქესიანი პლანეტა - ურანი მართავს. ასტროლოგები ურანს როგორც მამაკაცურ, ისე ქალურ ენერგეტიკასაც მიაწერენ. ურანი თავისი ბუნებით არც კეთილია და არც - ბოროტი. უბრალოდ, უცნაურია", -ამბობს ასტროლოგი სოფო ბზეკალავა. მისივე თქმით, თუ მერწყულებს დააკვირდებით, გამოკვეთილად არ აქვთ არც აგრესია, არც ზედმეტი სენტიმენტალიზმი.
მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ, მეგობრებს შეესაბამება. ამიტომ ამ ოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავთ. თუმცა პლანეტა ურანის და კიდევ ერთი სიმბოლური მმართველის, სატურნის გამო (მის ღამის მმართველად მოიაზრება) განსაკუთრებული მიჯაჭვულობა არავის მიმართ ახასიათებთ. ისინი ჰუმანურები არიან, თუმცა მთლიანად უყვართ კაცობრიობა და არა ერთი ან ორი კონკრეტული ადამიანი. შესაბამისად, ყველასთან ურთიერთობაში ყოველთვის გონივრული დისტანცია გააჩნიათ და ნებისმიერი კავშირისას "საკუთარი სივრცის" ქონის უფლებას ინარჩუნებენ.
ახლა მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ორი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანის, მომღერალ ნინა წკრიალაშვილისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის - შალვა ნათელაშვილის შესახებ ვისაუბრებთ.
სოფო ბზეკალავა:
- დიახ, ერთიც და მეორეც მერწყულის ზოდიაქოს ნიშანის ქვეშ არიან დაბადებულები.
- არიან თუ არა ისინი მკაფიოდ გამოხტული მერწყულები?
-პირადი ასტროლოგიური რუკის მიხედვით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბატონი შალვა საკუთარი ნიშნის ტიპური წარმომადგენელია. თუმცა უშუალოდ კოსმოგრამიდან გამომდინარე, მისთვის უფრო სასურველი იქნებოდა, ფსიქოლოგის, მკვლევარის ან მეცნიერის პროფესია. ამ ადამიანს ორიგინალური აზროვნების უნარი გააჩნია, არის საკმაოდ ექსცენტრიკული, თუმცა ჰუმანური და ნაკლებ კონფლიქტური ტიპაჟია. მის ცხოვრებაში ჩანს, რომ უნდა ყოფილიყო დიდი დანაკარგები, ასევე მოულოდნელი შენაძენები ან საჩუქრები. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად უკონფლიქტო და მეგობრული ჩანს, საკმაოდ ჯიუტი და პრინციპულია თუკი საქმე საკუთარი აზრის დაცვას ეხება! შესაბამისად, ძნელია ასეთ ადამიანს ვინმემ პოზიცია შეაცვლევინოს. აქვს კარგი ინტუიცია და ცუდად არ ერკვევა ადამიანთა ფსიქოლოგიაში.
რაც შეეხება ნინას, იგი ე.წ. "მესაზღვრეთა" კატეგორიას განეკუთვნება გამომდინარე იქედან, რომ დაბადებულია მერწყული/თხის რქის მიჯნაზე. მესაზღვრეები ბუნებით არაპროგნოზირებადი ხალხია. მათ იშვიათად გააჩნიათ კონკრეტიკა ქმედებებში და ყოველთვის ურჩევნიათ იცხოვრონ იმპულსებზე დაყრდნობით - რაც იმას ნიშნავს, რომ ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს და აკეთებენ მესამეს. ნინას შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი საკუთარი ნიშნის ატიპური წარმომადგენელია. მის ხასიათში ბევრია თხის რქის, ვერძის, კირჩხიბის გავლენა. რაც საკმაოდ წინააღმდეგობრივ, რთული ხასიათის მქონე ინდივიდს აყალიბებს. იგი ძალიან ემოციური, სენსიტიური და მგრძნობიარეა. ამასთან, უსაზღვროდ ამაყი და თავმოყვარეც. შესაბამისად, მისთვის რთულია იყოს საზოგადოების ყურადღების ქვეშ იმის გამო, რომ გულთან ახლოს მიაქვს ნებისმიერი კრიტიკა. თუმცა შინაგანი მოთხოვნილება აქვს, იყოს წინა ფლანგზე და იყოს პოპულარული. ამიტომ, უნდა ისწავლოს მშვიდი მიდგომა და კრიტიკის გატარება...
ხელოვანის პროფესია მისთვის საკმაოდ მისაღებია. ბუნებით ესთეტია, ამიტომ, სავარაუდოდ, კარგი გემოვნება უნდა ჰქონდეს. ამასთან, აქვს მძაფრად გამოვლენილი სამართლიანობის შეგრძნება, შესაბამისად ისეთი მერწყულების რიცხვშია, ვისაც შეუძლია იდავო კიდეც, როცა უსამართლობას ხედავს.
მოკლედ, შალვა ნათელაშვილი ვფიქრობ, რომ ტიპური მერწყულია, ნინა კი პირიქით - ატიპური.
-თქვენი აზრით, რატომ არ უმართლებს ბატონ შალვას პოლიტიკაში? არჩევნებში მუდმივად მარცხდება.
-ბატონი შალვა საკმაოდ რთული კარმული პროგრამითაა დაბადებული. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში ბევრი აღმასვლა და დაცემაა მოსალოდნელი. მას ხშირად უწევს შეეგუოს მარცხს და დანაკარგებს. მისთვის ხომ ვამბობ, ზოგადად, მეცნიერის ან მკვლევარის პროფესია იქნებოდა ზედ გამოჭრილი.
-ნინა ყოველი მისი სატელევიზიო თუ ბეჭდური მედიისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, საზოგადოების თავდასხმის ობიექტი ხდება. რატომღაც მისი შეხედულებები, მოსაზრებები აღიზიანებთ...
-ვფიქრობ, რომ ეს მისი სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე ხდება. ზემგრძნობელობას პლუს სიამაყე და თავმოყვარეობის მაღალი კოეფიციენტი, არ აძლევს საშუალებას, რომ კრიტიკაზე აგრესიით არ გასცეს პასუხი... სასურველია, ხასიათის ეს თვისება საკუთარ თავში დაამუშავოს, შესაბამისად, მის მიმართ აგრესიის დონეც დაიკლებს.
ლალი ფაცია