თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლები 52-ე საჯარო სკოლასთან მდებარე სკვერისთვის რეკრიაციული ზონის სტატუსის დაბრუნებას მოითხოვენ.
მათ ყაზბეგის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილიც ესწრება.
"ძირს სკვერიგლეჯიები", "ვინ წაგართმევს სკვერს", "მილიონი ხის ნაცვლად ეკოკატასტროფა" – ასეთი ბანერებით ადგილობრივი მცხოვრებლები მოითხოვენ, რომ სკვერს დაუბრუნდეს რეკრიაციული ზონის სტატუსი და ამ ადგილზე კორპუსი არ აშენდეს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ამ სკვერთან დაკავშირებით ადგილი აქვს კორუფციულ შეთქმულებას, რომელშიც ჩართულები არიან თბილისის საკრებულოსა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები. ელისაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოს ურბანულმა კომისიამ მისცა დასტური, რომ სკვერს რეკრიაციული ზონის სტატუსი დაბრუნებოდა, თუმცა შემდეგ აღნიშნული თემის განხილვა თბილისის საკრებულომ ჩააგდო.
"ამ დროს ჩაირთო კორუფციული რაღაც სქემა, რადგან აქ უნდათ ამ სკვერის გაჩეხვა და კორპუსის აშენება. როგორც ვიცი, პროექტი უკვე მზადაა. გამოვიდეს ნარმანია ჩირგვებში რომ იმალება, მოვიდეს აქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ჩემთან ერთად მოითხოვოს ამ სკვერის სტატუსის დაბრუნება", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს 17:30 საათზე ზონალურ საბჭოზე უნდა განიხილონ ამ სკვერის საკითხი. როგორც ელისაშვილი აცხადებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად არავის მისცემენ საშუალებას, რომ სკვერი გაჩეხონ და კორპუსი ააშენონ.