ხელისუფლებაში მოსვლამდე "ქართული ოცნება" ძალიან ბევრ დაპირებას იძლეოდა, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე შეუსრულებელია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, მაშინ როცა "ქართული ოცნების" მთავარი დაპირება სწორედ ათასობით სამუშაო ადგილი იყო. რატომ ვერ შესრულდა ეს დაპირება, სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ მდივანთან, არმაზ ახვლედიანთან.
- ფაქტია, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები გაჩნდა და ბევრი დასაქმდა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ეს ზღვაში წვეთია. არაერთი ფაქტორია იმის მიზეზი, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილები არ არის, თუმცა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ეკონომიკა ვერ ამუშავდა იმ დატვირთვით, რასაც შეიძლება მოჰყვეს სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ყველას გაგვახარებდა.
- ეკონომიკა ახსენეთ, თქვენი დაპირება იყო 60 ქარხანა, რომელიც ეკონომიკას აუცილებლად წინ წაწევდა....
- ვერ გეტყვით 60 ქარხანა აშენდა, 55 თუ 65, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ ორი წლის განმავლობაში ათეულობით მცირე და საშუალო გამართული საწარმო ამოქმედდა. როდესაც ვამბობთ, რომ აშენდა, არავის ეგონოს, ეს ვინმეს აკმაყოფილებს. ეს თავმოსაწონი სულაც არაა და ამით თავს არც ვიწონებთ. ამ გაჭირვებულ და დუხჭირ ყოფაში, რომელშიც დღეს ჩვენი უამრავი თანამოქალაქე იმყოფება, იმაზე მეტიც რომ შეიქმნას, ვიდრე დაპირება გვქონდა მიცემული, არც ეს იქნება თავმოსაწონი.
- "ქართული ოცნების" დაპირება იყო პენსია 220 ლარი...
- ასეთი კითხვები უმჯობესია ჩვენი გუნდის იმ წევრებს დაუსვათ, ვინც ფინანსებში უკეთ ერკვევა. მე არ გავურბივარ ამ შეკითხვას და გიპასუხებთ, რომ ის მატება, რაც არის სახეზე, ბუნებრივია, არავის აკმაყოფილებს და ვერც წარმომიდგენია, რომ ამით ვინმე კმაყოფილებას გრძნობდეს, თანაც იმ ფონზე, როდესაც ასეთი ეკონომიკური გარემოა და ლარის კურსი ირყევა, პენსიის ზრდა, რა თქმა უნდა, ძალიან შორსაა სასურველისგან.
- "ქართული ოცნება" ქუთაისელებს პირდებოდა, რომ პარლამენტის თბილისში გადატანის სანაცვლოდ, ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქად იქცეოდა, რაც ქალაქს სიცოცხლისუნარიანს გახდიდა. ეს დაპირება არათუ არ განხორციელდა, მასზე საუბარიც აღარ ყოფილა...
- მოგეხსენებათ, პარლამენტი ჯერ კიდევ ქუთაისშია და თუ მე სწორად მახსოვს, თუ პარლამენტი ქუთაისიდან გადმოვიდოდა თბილისში, ასეთ შემთხვევაში იყო საუბარი იმაზე, რომ პარალელურ რეჟიმში საუნივერსიტეტო ცხოვრება გაცოცხლდებოდა ქუთაისში. მე რომ მკითხოთ, საუნივერსიტეტო ცხოვრება ამის გარეშეც გამოსაცოცხლებელია, არა მარტო ქუთაისში, არამედ მთელს საქართველოში. უნივერსიტეტი, განათლება, კულტურა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს და მე ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. სახელმწიფო ვალდებულია საუნივერსიტეტო განათლება და ზოგადად, განათლება იყოს უმთავრესი, თუკი ქვეყანას ექნება 2 პრიორიტეტი, ერთი - აუცილებლად განათლება უნდა იყოს.
- განათლებაზე ვსაუბრობთ და ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ყველა სოფელს უნდა ჰქონოდა საბავშვო ბაღები და სკოლები, თუმცა დღესდღეობით ეს ასე არაა...
- ყველა ნიშნავს, რომ უმცირეს სოფლებშიც კი უნდა იყოს სკოლები და ბაღები, ბუნებრივია ეს ასე არ არის, მაგრამ თქვენ თუ მოივლით საქართველოს მთას და ბარს, ნახავთ რომ ათეულობით სკოლა და საბავშვო ბაღი მოწესრიგდა და კაპიტალურად შეკეთდა. მოდით ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რომ ეს საკმარისი არ არის. შეუძლებელია ეს ვინმეს აკმაყოფილებდეს.
- განვლილი 2014 წლის მანძილზე, "ქართული ოცნების" წევრთა ყველაზე ნეგატიურ ქმედებად რას შეაფასებდით, რაც ხალხმა ძალიან ცუდად აღიქვა და შესაძლოა, ამ ქმედებამ მომავალ არჩევნებზეც იქონიოს გავლენა.
- თქვენ თუ შეგიძლიათ ხალხში ერთგვარი გამოკითხვა ჩაატაროთ და გაიგოთ საზოგადოების აზრი, მაშინ გეტყვით რომ საზოგადოება ყველაზე მტკივნეულად რეაგირებდა პრემიების საკითხზე. მე ადრეც შევუერთდი და ახლაც ვუერთდები ამ მიდგომას. მე მიმაჩნია, რომ რბილად თუ ვიტყვით, უხერხული იყო ამ პრემიების გაცემა, მაგრამ მე მეჩვენება რომ პრემიების გარდა, ალბათ არის სხვა თემებიც, რომელზეც გვმართებს დაფიქრება, გამოსწორება და ამ განწყობით გზის გაგრძელება. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შეიძლება გაცილებით უფრო მეტი სირთულე შეექმნას ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას. ჩვენ ყველას ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ საზოგადოებამ აგვირჩია განსაზღვრული დროით და განსაზღვრული შეკვეთით. გვახსოვდეს, რომ დრო გადის და შეკვეთა, ანუ ამომრჩევლის სურვილი კონკრეტულია და აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE