''მარაო რუსთავი 2''-მა საახალწლო სამზადისი ერთი თვის წინ დაიწყო და გასულ კვირას გრანდიოზული ახალი წლის პროგრამის ჩაწერით დაასრულა. ''რეიტინგი'' ერთ-ერთ ძალიან ლამაზ სარესტორნო სივრცეში მოწყობილ გადაღებებს დაესწრო. აქ იყვნენ ''მარაოს'' გადაპრანჭული ტელესახეები, ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ''მარაოს'' პირველი სეზონის განმავლობაში მის გადაცემებში მიიღეს მონაწილეობა ნებით თუ უნებლიეთ.
ერთ დარბაზში თავი მოიყარეს შორენა ბეგაშვილის ''ქმრებმა'', მოღალატეობას შემთხვევით თუ არაშემთხვევით გადარჩენილმა მეუღლეებმა, ძალიან შილიფად ჩაცმულმა მოცეკვავეებმა, მოდელმა გოგო-ბიჭებმა, უსაყვარლესმა პატარებმა, რომლებიც ოთო ნემსაძესთან ერთად სანტაზე სიმღერის შესასრულებლად შეიკრიბნენ, მანამდე კი ფოიეში ცნობილ სახეებთან ფოტოების გადაღებით ირთობდნენ თავს და ა.შ.
''მარაოს'' გუნდი მაია ასათიანთან ერთად, რომელიც, მოგეხსენებათ, არხის დირექტორია, ძალიან საინტერესო საახალწლო საღამოს გვპირდება ჯერ ''მარაოზე'', 31 დეკემბერს, საღამოს ათი საათიდან, შემდეგ კი პირველ იანვარს, უკვე ''რუსთავი 2''-ის ეთერში, როდესაც მათი მომზადებული ახალი წლის შოუ დედობილ არხზე გადაინაცვლებს.
რაც შეეხება თავად ჩაწერას. საღამოს ექვსი საათიდან დარბაზში შეკრება დაიწყეს არხის სახეებმა: ნინა წკრიალაშვილმა, ოთო ფოლადაშვილმა, შორენა ბეგაშვილმა, თიკო სადუნიშვილმა, თიკა ფაცაციამ, ნიკა გრიგოლიამ, ნუკი კოშკელიშვილმა…, საახალწლო გადაცემის წამყვანებად ისინი წყვილ-წყვილად მოგვევლინებიან.
ახლა კი ორიოდ სიტყვა თავად პროგრამის შესახებ. გადაცემაში ნახავთ და მოისმენთ იმ ქავერებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართველ ცნობილ მომღერლებს ''პროფილის'' ეთერში შეუსრულებიათ, ასევე ''მარაოს'' წამყვანთა მიერ ჩაწერილი ჰიმნიც აჟღერდება. თავად გადაღებებზე ძალიან სახალისო გარემო იყო. ნიკა გრიგოლია ყველა ნომრის ჩაწერის შემდეგ სცენისკენ მიემართებოდა და დამსწრე საზოგადოებას უფრო მეტი აქტიურობისა და აპლოდისმენტებისკენ მოუწოდებდა. თან, ახსენებდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი წელიაო. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ნოდიკო ტატიშვილი, რატი დურგლიშვილი, ნინო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვები. ამასობაში დარბაზში ცნობილი სახეები ერთმანეთს ესალმებოდნენ და საუბრობდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელმაც ვერ მოითმინა და ნინასა და შორენა ბეგაშვილს შორის ''ჩასკუპდა''. შესანიშნავ ფორმაში იყო თიკა ფაცაცია, რომელმაც მოცეკვავეებთან ერთად სცენაზე ცეცხლი დაანთო და ''ვოლარე'' შეასრულა.
ჩვენ ცნობილი სახეების წინასაახალწლო განწყობით დავინტერესდით და მათ ახალამუშავებული არხის შესახებაც ვკითხეთ მოსაზრება.
ნუკი კოშკელიშვილი:
- ვფიქრობ, ''მარაოს'' შექმნის გადაწყვეტილება ძალიან კარგი იყო, რადგან ასეთი, ქალებისთვის განკუთვნილი არხი, ქართულ ტელესივრცეს ძალიან აკლდა.
- შენ და ოთო საახალწლო ეთერში ტანგოს ცეკვავთ. შენ ახალ წელს არ აგცდა კიდევ ერთხელ ტანგოს შესრულება.
- არ ამცდა, მაგრამ წელს ოთოსთან ერთად მიმყავს კიდეც გადაცემა, ამიტომ ტანგოსთან ერთად, წაყვანაც არ ამცდა (იცინის).
- სურვილს ჩაიფიქრებ 31-ში?
- ჩავიფიქრებ, მაგრამ ვერ გეტყვით რას, რადგან არ ამისრულდება. წინა წელს ჩაფიქრებული სურვილი კი ამიხდა.