70 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა როკისა და ბლუზის ლეგენდა, ჯო კოკერი. მუსიკოსისა და კომპოზიტორის გარდაცვალება მისმა აგენტმა ბარი მარშალმა დაადასტურა.
კოკერის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების სიმსივნე სახელდება.
"ამბები. გე" შეგახსენებთ კოკერის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს.
ჯო კოკერი (სრული სახელი - ჯონ რობერტ კოკერი, დაიბადა 1944 წლის 20 მაისს, შეფილდში, ინგლისი - გარდაიცვალა 2014 წლის 22 დეკემბერს) - ინგლისელი მომღერალი, რომელიც ბლუზისა და როკის ჟანრებში მოღვაწეობდა. მის სავიზიტო ბარათად იქცა ხრინწიანი ბარიტონის ტიპის ვოკალი. კოკერი ცნობილია ბევრი ცნობილი ქავერ-ვერსიით, რომელთა შორის გამოირჩევა ბითლზის სიმღერების ინტერპრეტაციები. იგი ასევე გრემის ჯილდოს მფლობელია - 1983 წლის სიმღერისათვის "Up Where We Belong". როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში მას №97 ადგილი უკავია.
80-იანი წლების ბოლოს, მომღერალი ჯგუფმა The Crusaders სპეციალურად მისთვის დაწერილი კომპოზიციის I’m So Glad I’m Standing Here Today შესასრულებლად მიიწვია. როდესაც 1992 წელს, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე კოკერი ამ ნომრით წარსდგა მსმენელის წინაშე, პუბლიკა ფეხზე წამოუდგა და აბლოდისმენტებით დიდხანს ანებივრებდა. ამ დღეს, ჯო კოკერი მეორედ დაიბადა. მას მუდმივად მხარში ედგა მისი მეგობარი პემი, რომელზეც მუსიკოსი 1987 წელს დაქორწინდა.
დასამხსოვრებელი იყო მომღერლის 96-97 წლების დისკები: Organic და Across from Midnight. მისი სიმღერები ჟღერდა ფილმებში Harry and the Hendersons, Bull Durham, An Innocent Man. ყველაზე ცნობილი კი სტრიპტიზის სცენის თემაა ფილმში "9 ½ კვირა" – You Can Leave Your Hat On.
90-იან წლებში მუსიკოსი ბიზნესით ინტერესდება - კოლორადოს შტატში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, მის მფლობელობაში კაფეები, კონფერენც-დარბაზები, სუპერმარკეტები და მაღაზიები იყო. ბოლო წლების მანძილზე იგი ძალიან ბევრს მოგზაურობს. კოკერი უამრავ ჯილდოს ფლობდა.მასალა მომზადებულია wikipedia.org-ისა და საიტი cocer.com-ის მიხედვით.