ახალ წელსაც არ გამოვაცხადებთ ტენდერებს იმაზე, ალეკო მარგიშვილმა იმღეროს, თუ ლელა წურწუმიამ, რადგან სავარაუდოდ, ალეკო მარგიშვილი უფრო იაფ ფასს დაადებს, მაგრამ ცუდ სიმღერას შეასრულებს, - ასე ახსნა თბილისის მერის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა მიზეზი, თუ რატომ განახორციელა თბილისის მერიამ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით შესყიდვები პირდაპირი და არა - ტენდერის გზით.
"თბილისობაზე, ისევე როგორც კულტურული ღონისძიებით დატვირთულ თემატიკაზე, საკმაოდ ძნელია ტენდერის გამოცხადება. ტენდერი გულისხმობს ყველაზე იაფი ფასის მომწოდებლის დაქირავებას, შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მომღერლებზე, შემსრულებლებზე, ვინც გააფორმებს ღონისძიებას, ანუ მხატვრულ კონტენტზე, საკმაოდ რთული არის ხოლმე დაამთხვიო - ვინც ყველაზე დაბალ ფასს გაძლევს, ამავე დროს ის შექმნის ისეთ განწყობას და მხატვრულ ღირებულებას, რომელიც მომხმარებელს სჭირდება. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა - საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით გამოიცემა გამარტივებული შესყიდვის თაობაზე განკარგულება, რაც შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად შემსყიდველ ორგანიზაციას ათავისუფლებს ტენდერის აუცილებლობისგან. ახალ წელთან დაკავშირებითაც იქნება მსგავსი სიტუაცია, ჩვენ არ გამოვაცხადებთ ტენდერებზე, ალეკო მარგიშვილმა იმღეროს, თუ ლელა წურწუმიამ, რადგან სავარაუდოდ, ალეკო მარგიშვილი უფრო იაფ ფასს დადებს და ძალიან ცუდ სიმღერას შეასრულებს. ასე რომ, იაფი არ ნიშნავს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალია", - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
"თბილისობის" ხარჯებთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც. ის დარწმუნებულია, რომ თბილისის მერიამ ყველაფერი გამჭვირვალედ განახორციელა, ხოლო გამოძიება "წარიმართება ისე, როგორც ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არის დადგენილი".
"ჩვენ პროკურატურას ოპერატიულად მივაწოდეთ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გამჭვირვალედ და კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ჩვენს ინტერესებში შედის პირველ რიგში ის, რომ დადგინდეს, თუ სადმე რაიმე სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება მის არყოფნასთან არანაირ კავშირში არ არის, იმიტომ რომ მოკვლევა თბილისის მერის დუბლინში ვიზიტამდე დაიწყო.
"თბილისობის" დღესასწაულზე გამგეობების მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონიერებასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ პროკურატურას მასალები გაუგზავნა. მთავარი პროკურატურა გამოძიებას მითვისება-გაფლანგვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლებით აწარმოებს.
მერიაში აცხადებდნენ, რომ პროკურატურის მიერ ამ საკითხის შესწავლა თავად მოითხოვეს.