"გვიყვარს სხვის მაგივრად პრტყელპრტყელი და ადვილად ლაპარაკი" - ცოტნე გამსახურდია ევთანაზიის შესახებ

"გვიყვარს სხვის მაგივრად პრტყელპრტყელი და ადვილად ლაპარაკი" - ცოტნე გამსახურდია ევთანაზიის შესახებ

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ევთანაზიის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

"ერთი ჩემი კარგი ნაცნობი უკანასკნელ დღეშია ჰოლანდიაში... მეტასტაზებმა ფაქტიურად შეჭამეს ღვიძლი და გარშემო გავრცელდენ. ვერც ქიმიას უკეთებენ უკვე, ორგანიზმი ვერ გაუძლებს და არც გადანერგვა უშველის. მოკლედ, ბოლო გაჩერებაა...

შვილის ჩასვლას ელის გამოსამშვიდობებლად და ევთანაზიას ითხოვს. საერთო მეგობრები ეწინააღმდეგებიან, იბრძოლეო. მეგობრები, რა თქმა უნდა, ქართველები არიან... გვიყვარს სხვის მაგივრად პრტყელპრტყელი და ადვილად ლაპარაკი. თუ რელიგიურ ან იდეოლოგიურ საფუძვლებსაც მოვიშველიებთ, ხომ საერთოდ ვერ გვაჩერებენ...

მე კი ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის ბუნებრივი და ხელშეუხებელი უფლება უნდა იყოს და ასეც ვუთხარი. სიცოცხლე ჩემია და იმ შემთხვევაშიც, თუ ღმერთის მიერ მისი ბოძებისა გჯერათ, მან ის გაჩუქათ და არ უსესხებია, არც კონტრაქტი გაუფორმებია პირობებით - როგორ უნდა განკარგო. მისი განმკარგველი თავადა ხარ და არც ის მგონია, თუ არსებობს სადმე ის დალოცვილი, ადამიანის ტანჯვა სიამოვნებდეს.

ეს კრეაციონისტულ-რელიგიური თვალსაზრისით... ეთიკურად - საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას: თუ არსებობს ავტორიტეტული და სერიოზული დასკვნა სიცოცხლის გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ, რატომაც არა? გარდა პირადი ფიზიკური ტანჯვისა, არანაკლები სულიერი ტანჯვისაგან იხსნი საკუთარ გულშემატკივრებსაც.

და კიდევ: დიახაც ტკივილი ზოგჯერ აკეთილშობილებს ადამიანს. როდესაც შესაბამისი განწყობით, შესაბამისი ფსიქოტექნიკებით აცნობიერებ მას, ფსიქიკას ასუფთავებ და ასე ემზადები მარადისობაში გადასასვლელად. აღმოსავლეთში, იმავ ტიბეტში არაერთი მოსამზადებელი პრაქტიკა არსებობს და ტკივილი ამ დროს გეხმარება კიდეც... მთავარია, ამ დროს მოსიყვარულე და მშვიდი ატმოსფერო შეუქმნან მომაკვდავს. მაგრამ რა ქნას იმან, ვინც ამ პრაქტიკებს არასდროს იცნობდა და თავსაც აგრერიგად ვერ აკონტროლებს? გაუსაძლისი ტკივილი მის ფსიქიკას დაშლის, დაანგრევს, და დაბნეულს გადაჩეხს მომავალ უფსკრულში. ხატოვნად რომ აღვწერო ეს პროცესი...

მოკლედ, ბევრი დოგმატური ინტერპრეტაციების გარეშე, მე ვემხრობი ასეთ შემთხვევაში ადამიანის ნების უპირატესობას. ვიღაც იტყვის, მაშინ ადამიანი არააო სრულ ჭკუაზე. შეიძლება უმეტესობის ფსიქიური მდგომარეობა ამ დროს მართლაც არა ჯდება "ნორმალურის" პროკრუსტეს სარეცელში, მაგრამ აქ განმსაზვრელი ფაქტორი ტკივილია: ამიტომ სული ტანჯვით უნდა ამოხდეს?

ღმერთმა დაგვიფაროს ყველა. თუმც პირადად ჩემს თავზე ვიტყოდი: იყავ ნება შენი...", - წერს ცოტნე გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს