არავინ იცის, ვის რა ელის ხანდაზმულობისას, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენს ალბათ, რომ ცხოვრების დასასრულს ისე გაუსწორდებიან, როგორც შურისმაძიებელი სასტიკ დამნაშავეს, - უწყინარი ქუთაისელი მოხუცი ქალბატონი სწორედ ასეთი სისასტიკით მოკლა მომვლელმა ქალმა! მარტოხელა მოხუცს თავის სარჩენად ფულს უცხოეთში მყოფი შვილი უგზავნიდა და დედისთვის მომვლელს ქირაობდა. სწორედ მომვლელის კივილმა, - მიშველეთ, ბებო მოკლესო, შეყარა მეზობლები, რომელთაც ბინაში მოკლული ქალის ცხედარი საწოლზე დახვდათ... შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მომვლელმა მოხუცს დაზიანებები მიაყენა ბლაგვი საგნით მიაყენა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მანანა ლომთათიძე, გარდაცვლილის მეზობელი:
- ეს საწყალი ქალი ისედაც ძალიან მეცოდებოდა, სიბერისას მარტო რომ დარჩა, მაგრამ ახლა ამ საშინელების შემდეგ, მასზე ფიქრს ვერ ვიშორებ. ბოლო წლები ძალიან გამწარებული ჰქონდა, - ჯერ ერთი მარტო დარჩა, ეს ჩვენი უკუღმართი ცხოვრების გამო მოხდა - მისი ქალიშვილი და შვილიშვილი უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები. კარგი ცხოვრება რომ იყოს, მისი შვილი სხვის მოხუცებს კი არ გამოუცვლიდა პამპერსებს, თავის დედას მიხედავდა... უკვე წლებია წასულია, მაგრამ დედას იქიდან არაფერს აკლებდა, ჩამოსვლითაც როცა ახერხებდა, ჩამოდიოდა... მომვლელი ერთი რომ არ მოეწონა, 2 წლის წინ მეორე დაუქირავა.... ეს საწყალი ქალი ხშირად ამბობდა, ეს მომვლელი ძალიან მომწონს, კარგად მივლის, თან ჭკვიანიც არისო. თან დაამატებდა, ისეთი ჭკვიანია, 15 წელიწადი ადვოკატად არის ნამუშევარიო... მეცოდებოდა და ვფიქრობდი, კიდევ კარგი, რომ ასეთი ღვთისნიერი მომვლელი შეხვდა, ეგ შვება ხომ მაინც აქვს-მეთქი. მაგრამ მერე ამ მომვლელმა დაუჩეჩქვა თავი...
- მომვლელი მოხუცთან 2 წელიწადი მუშაობდა, ნუთუ მანამდე არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ, ან აგრესიულობას არ ამჟღავნებდა?
- არაფერი გაგვიგია, მოხუცს 2 წლის წინ თირკმელი გაუჩერდა და კვირაში სამჯერ მომვლელს ხელჩაკიდებული დაჰყავდა დიალიზზე... რომ შეხედავდი, მოყვარული დედა-შვილი გეგონებოდა; მომვლელი, ასე 50 წლის ქალია...