არასოდეს დამავიწყდება, რა დამემართა როცა პირველად და-ძმა ზარიძეები ვნახე, - შევცქეროდი გიგასა და მარიამის პაწია მომჩვარულ ხელებსა და ფეხებს და ყელში მოწოლილ ცრემლს ვყლაპავდი, - ბავშვები მიღიმოდნენ და მე რა უფლება მქონდა მეტირა! მერე მარიამის ეტლი ჩემკენ მოვიწიე და თვალებში ჩავხედე, - გოგონას ყველა სახსარი, ყველა კუნთი დაგრეხილი ჰქონდა, ტკივილებისაგან ტუჩები ამოეჭამა და მაინც მიღიმოდა…
… ღმერთო დიდებულო! გავიფიქრე მაშინ, - ამის შემდეგ რა უფლება მაქვს ტკივილებზე, ან წარუმატებლობაზე ოდესმე ვიწუწუნო, თუკი ჯანმრთელები იქნებიან ისინი, ვინც მიყვარს! ამის გაფიქრებაზე თითქოს მარიამის ძმამ, გიგამ ჩემი ფიქრი წაიკითხაო, ეტლზე ჩაცურდა და იმდენად მშვიდად გამიღიმა, რომ ჟრუანტელმა დამიარა, - ალბათ ასეთი გაუსაძლისი ტკივილების დროს ხედავენ იმას, რასაც დანარჩენები ვერასოდეს დაინახავენ!
ალბათ გეცნოთ, რომელ ბავშვებზეც ვწერ, - ეს და-ძმა ზარიძეები არიან, სოფელ მეტეხში, რომელებსაც დახლოებით 9 თვის ასაკში დაუსვეს საშინელი დიაგნოზი, - ვერდნი-ჰოფმანის სპინალური ამიოტროფია. ეს დიაგნოზი იმას ნიშნავდა, რომ პატარები ვერასოდეს ჩამოვიდოდნენ ინვალიდების ეტლებიდან. ამის გარდა, მათი სხეულის ყველა კუნთი თანდათან დეფორმირდებოდა. პირველი შეხვედრიდან ისიც ცხადად მახსოვს, როგორ ვერ გავბედე და ვერ ვკითხე პატარების დედას, ბელა უბილავას, - ჯერ პირველ, ხოლო შემდეგ მეორე შვილზე ასეთი დიაგნოზი რომ გითხრეს, ამის შემდეგ როგორ იცოცხლე-მეთქი? ვერ ვკითხე იმიტომ, რომ სანამ სიტყვას დავძრავდი, მანამდე მოვედი გონს, - ამ ბავშვების დედა რომ მომკვდარიყო, ისინი ვიღას უნდა გაეზარდა, - სრულიად სასოწარკვეთილ მამას, თუ ავადმყოფ ბებიას?
ამ დღიდან ატარებს ამ ბავშვების დედა არაადამიანური ტანჯვის ჯვარს, - სოფელ მეტეხში ერთ ვიწრო, ინვალიდის ეტლებით ჩახერგილ ოთახში მას შვილები ღამითაც ყოველ 15 წუთში აღვიძებენ, რომ ადგეს და საწოლში გადააბრუნოს, რადგან თავად გადაბრუნება არ შეუძლით; რადგან ძვლების ტკივილი არ აძინებთ, რადგან, თუ მაინც წათვლემენ, აუცილებლად დაესიზმრებათ, რომ სხვა ბავშვებივით დადიან და წამიერი სიხარული ელდა აღვიძებთ…
ასეთი მძიმე ჯვარის ჯვარის ტარება ყველას არ შეუძლია, - ეს თავად ამ ქალბატონისთვისაც მითქვამს, როცა დროდარო მიკავშირდება და მარიამზე და გიგაზე მიყვება. ერთხელაც მითხრა, - მარიამი იმდენად ავად მყავდა, წმინდა გიორგის ეკლესიამდე მუხლებზე დაჩოქილმა ვიარე და შვილის გადარჩენას ვეხვეწებოდი, მუხლები გადატყავებული მაქვსო… რომ ამეტირა, აქეთ დამამშვიდა, - შენ ნუ იდარდებ, ჩემი სიცოცხლის აზრი ჩემი შვილები არიან, ოღონდ შვილები მყავდეს ცოცხალი, სხვა შვება არ მინდაო… მაგრამ - ჩვენთვის შეუძლებელი უფლისთვის ხომ შესაძლებელია და მე რომ მეგონა, ამ ქალის ცხოვრებაში შვება არასოდეს იქნებოდა, სასწაული მაინც მოხდა, - დაახლოებით ერთი წლის წინ მითხრა - ფეხმძიმედ ვარ, მეუბნებიან, რომ ბავშვი მოვიშორო, მაგრამ აუცილებლად გავაჩენ, - რაც მოხდება, ესეც ღვთის ნება იქნებაო… რამდენიმე დღე ამ ფიქრით შეპყრობილი დავდიოდი, - რას აკეთებს, ორი გენეტიკურად დავადებული ბავშვის დედა მესამე ბავშვს 40 წლის ასაკში აჩენს და ისიც და-ძმასავით გენეტიკურად დაავადებული რომ აღმოჩნდეს, რა უნდა ქნას-მეთქი…
ამ კითხვაზე არც ახლა მაქვს პასუხი, მაგრამ ჯერ-ჯერობით პატარა ნათიას საიმისო არაფერი ეტყობა, რომ ვერასოდეს გაივლის... ამას ალბათ განგებაც არ დაუშვებს, - ის დედის ტანჯვის ჯილდოდ ხომ თავად მიაუვლინა… მარიამისა და გიგას ტანჯვის ჯილდოდაც, - ოთახში, სადაც სტუმრისთვის იატაკზე დასაწოლი ადგილიც არ არის და ზარიზეების ზუგდიდელ ბებიას. ბელას დედას სავარძელში დამჯდარს სძინავს, პატარა ჭოჭინით მაინც პოულობს გასაძრომ ადგილს, რათა დედასთან სამზარეულოში მივიდეს, კაბაზე დაქაჩოს, და-ძმასთან გამოიყვანოს, თუკი მათ სახეებზე აღბეჭდილ ტკივილს დაინახავს, - საოცარია, მაგრამ და-ძმას როცა შველა სჭირდება შეუმცდარად გრძნობს.