"ისეთი საყვარელია, რომ წუთზე დიდხანს ვერ ვუბრაზდები"
სპორტსმენ გოგონას ჩიტები განსაკუთრებულად უყვარს: თურმე, ბავშვობაში კვესეთში ისვენებდა. ბაბუამ ბუდიდან გადმოვარდნილი ბუს 2 ბარტყი მიუყვანა. უსაყვარლესი არსებები მაგიდის ქვეშ შეძვრნენ და იქ ისხდნენ, გარშემო მყოფებს ნისკარტით იგერიებდნენ. რამდენიმე დღეში, როცა პატარა ბუები მოღონიერდნენ, ელენემ და მისი ოჯახის წევრებმა ისინი ბუნებაში დააბრუნეს... ელენე ბავშვობაში გოჭსაც ზრდიდა, რომელიც ძალიან უყვარდა. როცა გოჭუნამ მზესუმზირის ყვავილების განადგურება დაიწყო, ბაბუამ დაკლა და კვესეთში დაბრუნებულ ელენეს ოთხფეხა მეგობარი აღარ დახვდა...
ამჟამად, მისი ოთხფეხა მეგობარი უსაყვარლესი არჩიბალდი გახლავთ, რომელიც სპორტსმენ გოგონას სტრესულ ცხოვრებას განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს სძენს...
- იორკის ჯიშის თეთრი ძაღლი - არჩიბალდი მყავს. ის 2010 წელს, ოლიმპიადის წინ დედამ მიყიდა. ძალზე ენერგიულია. გაცნობის დღიდანვე შემაყვარა თავი. დაახლოებით 1 თვის იყო, დედამ რომ მაჩუქა. არჩიბალდი ჩემთვის ძაღლის იდეალია: არ ყეფს, არ იკბინება და ძალიან მოსიყვარულეა. დიდი თეთრი "გუნდაა". 2 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. თავდაპირველად, მსურდა, ყველგან თან მეტარებინა, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა: ჯერ ჩემთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ როცა შეჯიბრებაზე მივდიოდი, ვერავის ვუტოვებდი, მისი მარტო დატოვებაც არ შემეძლო... მოკლედ, კანადაში არჩიბალდის პატრონობა გამიჭირდა და ახლა ძალიან მენატრება!