მომხმარებელთა ინფორმაციით, თბილისის (და არა მარტო თბილისის) მარკეტებსა და სუპერმარკეტებში ვადაგასული პროდუქტები მომრავლდა.
მათი თქმით, ასეთი პროდუქტის უკან მიბრუნების შემთხვევაში, მარკეტის ადმინისტრაცია დისტრიბუტორ კომპანიას ადანაშაულებს და გაფუჭებულ საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ცვლის, თუ ჩეკს მიუტანთ... მეტიც, მომხმარებლები მოგვითხრობენ, რომ ლამის ყოველდღე აწყდებიან სურსათს, რომელიც შენახვის არასათანადო პირობების გამო უკვე გაფუჭებულია, მიუხედავად იმისა, რომ შენახვის ვადა ჯერ არ გასვლია.
რამაზ ნადირაძე, მომხმარებელი: - სამი წლის ტყუპი მყავს და კვირაში 3-4 ბოთლი რძე მჭირდება. ჩემს სახლთან, მარკეტში ვყიდულობ, რომელსაც ქსელი მთელ ქვეყანაში აქვს. მეგონა, მათი პროდუქტი სანდო იყო. მეუღლემ რამდენჯერმე შენიშნა, რომ ვადაგასული რძე მიყიდია და რომ მივუბრუნე, ბოდიში მიხადეს... ამას წინათ მარკეტში იმ დროს შევედი, როცა დისტრიბუტორი იყო მოსული. ჯერ ახლად მოტანილი შეალაგეს, წინა ხაზზე კი, რაც მანამდეც ეწყო, ისინი ჩამოამწკრივეს. ეჭვი გამიჩნდა. ამჯერად ვადას დავხედე - ვადაგასული იყო... კონსულტანტ გოგონებს ვკითხე, ვადაგასულ პროდუქციას ყიდით-მეთქი?.. შეგვშლიაო, მითხრეს და ახალი მომაწოდეს. რომ არ შემენიშნა, რა მოხდებოდა?.. ხან ეჩქარება ადამიანს, ზოგი უსათვალოდ ვერც ხედავს, ზოგი უბრალოდ ენდობა მაღაზიას ან კომპანიას, ათასი მიზეზია იმისთვის, რომ ვადა არ შეამოწმოს მომხმარებელმა. მარკეტის ადმინისტრაცია დისტრიბუტორ კომპანიას ადანაშაულებს, ვადა არ გასვლია და მაინც გაფუჭებულიაო ან ახალში ვადაგასულებიც შეაპარაო. ჩვენ, მომხმარებლებმა, რა დავაშავეთ?.. ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ჩვენს უფლებებზე.
ქეთი დარჩია, მომხმარებელი: - ქობულეთში ჩემს შვილებს ენტეროვირუსი შეეყარათ და სასწრაფოდ თბილისში დავბრუნდით. შინ მისვლამდე ვერაზე, მარკეტში, იოგურტები ვიყიდე, უსაფრთხოა და ბავშვებს ვაჭმევ-მეთქი. შინ მივედით თუ არა, გავხსენით, - იოგურტს თითის სისქე ობი ჰქონდა მოდებული. შეკვრაში ოთხი ცალი იდო - ორი ობიანი და ორიც საღი. იმ დღეს ბავშვები სიცხიანი მყავდნენ და იქ მისვლისა და აყალმაყალის თავი არ მქონდა, ისღა მოვიფიქრე, ფოტოები გადამეღო. მაცივარში შევინახე ეს დაობებული იოგურტი და შემდეგ მივუტანე, ჩეკთან ერთად. მშვიდად შემომთავაზეს, გადაგიცვლითო.
თამუნა ხუჭუა, მომხმარებელი: - ჩემს კორპუსთან მარკეტში ვიყიდე გაყინული ხორცის კატლეტი. ვადას რომ დავხედე, 6 თვე იყო გასული...…ეს რა არის-მეთქი? უი, შეგიცვლითო და უკან დაიბრუნეს. არაერთხელ შემხვედრია ვადაგასული ქართული წარმოების წვენები და როცა გამყიდველ გოგონებს ვეუბნებოდი, ვადაგასულია-მეთქი, ღიმილით მპასუხობდნენ, - არა უშავს, ვადის გასვლიდან 1 თვე კიდევ შეიძლება მისი დალევა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არისო... მივხვდი, რომ ჩხუბს აზრი არა აქვს, უბრალოდ, ვადას ვამოწმებ ყველაფერზე. თუმცა, ამას წინათ მითხრეს, კონსულტანტებს ძველ ვადაზე ახალს აკვრევინებენო და აღარ ვიცი, ჩემს სიფრთხილეს მაინც თუ აქვს აზრი.