წავიყვანოთ თუ არა ბავშვი ბაღში - ეს საკითხი ადრე თუ გვიან ოჯახში აუცილებლად დგება. ყველა მშობელს აქვს საკუთარი გამოცდილება, მოსაზრება ბაღის უარყოფით და დადებით მხარეებზე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ზუსტად განსაზღვრული მოსაზრებები არა დედიკოებისა და მამიკოების, არამედ პედაგოგების, მედიცინის მუშაკების, ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების. აქვე აღვნიშნავთ, რომ მეცნიერების თვალსაზრისით, საბავშვო ბაღი წარმოადგენს დადებით და აბსოლუტურად აუცილებელ პირობას ბავშვის სრულფასოვანი აღზრდის პროცესში. ამას არ შეიძლება არ დავეთანხმოთ. ურთიერთობას ადამიანი სწავლობს ბავშვობიდან. ვერტც ოჯახი, ვერც ძიძა თუ ბებიები, ვერავინ შეცვლის საბავშვო ბაღს.
მაშ ასე, მთავარი უარყოფითი მხარე ბავშვის ხშირი ავადობაა. ამაზე არავინ არ დაობს, ამას ამტკიცებენ მშობლები, ექიმები. კოლექტივში, სადაც ბევრი ბავშვია, მათ ერთად ძინავთ, ერთად მიირთმევენ, ადვილია ვირუსების გავრცელებაც. დაავადებების უმრავლესობა - მწვავე ინფექციები, უფრო ხშირად კი რესპირატორული, დაკავშირებულია ბავშვების მჭიდრო კონტაქტთან, რაც მეტია ჯგუფში ბავშვი, მით მეტია დაავადების რისკი.
"სახლის" ბავშვი, რა თქმა უნდა, დაცულია ხშირი ავადობით. თუმცა შევხედოთ ამ ყველაფერს სხვა კუთხით. დაგვეთანხმებით, რომ ბავშვთა ასაკში გადატანილი მთელი რიგი ინფექციური დაავადებები (ყბაყურა, წითურა, ჩუტყვავილა და სხვა) პატარა ასაკში ადვილად გადასატანია, მოზრდილებში კი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის. ხშირად გაიგონებთ, რომ ჯობს, ბავშვმა პატარობისას გადაიტანოს მოსახდელი დაავადებები, ვიდრე უფროს ასაკში.
რაც შეეხება მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, ყოველი გადატანილი ვირუსული დაავადების შემდეგ გამომუშავდება ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი, რომლის დროსაც იზრდება პერიოდი მორიგი დაავადების განვითარებისა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ "სახლის ბავშვს" მამიკომ მოუტანოს სამსახურიდან ესა თუ ის ვირუსი. ვირუსული ინფექციები, რომელთაც არ გადაიტანს ბავშვი ბაღში, აუცილებლად შეგვახსენებს თავს სკოლის ასაკში. იმედია დაგვეთანხმებით, რომ ბაღში გაცდენილი 1 კვირა ჯობია სკოლაში გაცდენილ 1 კვირას.