რატომ ვუხდით ფულს "სტაიანშიკებს"? - თანხის გამოძალვა, თუ მძღოლების კეთილი ნება

რატომ ვუხდით ფულს "სტაიანშიკებს"? - თანხის გამოძალვა, თუ მძღოლების კეთილი ნება

ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როდესაც ავტომანქანის პარკირების გამო ე.წ. "სტაიანშიკისთვის" გარკვეული ოდენობის თანხა გადაგიხდიათ. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, ისინი თავად რომ გთხოვენ კონკრეტული რაოდენობის ფულის გადახდას, არადა, შესაძლოა კონკრეტულ ადგილზე ავტომანქანების პარკირებას კერძო კომპანია არეგულირებდეს.

ამჟამად დედაქალაქში პარკირებისთვის ოფიციალურ გადასახადს მხოლოდ "სი-თი პარკს" ვუხდით. რატომ ითხოვენ თანხას " სტაიანშიკები" და რა შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მათ ფული? ამ კითხვებით Ambebi.ge-მ კომპანია "სი-თი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ლევან ტაბიძეს მიმართა:

- დედაქალაქში არსებობს პარკირების ერთადერთი ოფიციალური გადასახადი, ეს გახლავთ "სითი პარკის" გაადასახადი, რომელიც 24 საათში დაახლოებით 14 თეთრს შეადგენს, რაც საათში 0,005 თეთრს არ აღემატება. გამონაკლისია პარკირების ის ადგილები, რომლებიც მოწყობილია კერძო ტერიტორიაზე. არც ერთი მძღოლი არ არის ვალდებული გადაიხადოს რაიმე დამატებითი თანხა, თუ თავად პიროვნება არ თვლის საჭიროდ მოწყალების, ან უბრალოდ კეთილი ნების გამო გაიღოს თანხა.

თავად "სტაიანშიკები" "სი-თი პარკის" წარმომადგენლებთან საუბრისას ამბობენ ხოლმე, რომ ისინი არავის არაფერს ავალდებულებენ, გამოხატავენ კეთილ ნებას და ეხმარებიან მძღოლებს პარკირებაში. თუმცა, ესეც ცოტა გასაკვირია, რადგან არსებობს ქალაქში პარკირების დახაზვის სპეციალური საერთაშორისო ნორმები. თუ მძღოლს შეუძლია ნორმალურად პარკირება, მას არავისი დახმარება არ უნდა დასჭირდეს.

- გიცდიათ, "სტაიანშიკებთან" საუბრისას გაგერკვიათ, რატომ დგანან კონკრეტულ ადგილას ან რისთვის ითხოვენ თანხას?

- "სი-თი პარკი" არ არის სამართალდამცავი ორგანო. ჩვენ ვერც ვერავის ავუკრძალავთ და ვერც დავრთავთ პარკირების ადგილზე დგომის უფლებას.

ჩვენი რეკომენდაცია ავტომობილების მფლობელებისადმი ასეთია: თუ ვინმე ძალით სთხოვს გადასახადს და კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლი არ არის ვალდებული, არ გადაიხადოთ ფული. თუ სტაიანშიკთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწევთ, გაქვთ უფლება, მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს.

ამ ადამიანებს არანაირი სამართლებრივი რეგულაცია არ ეხება, არ არიან არც მერიის, არც "სი-თი პარკის" და არც რომელიმე სხვა კომპანიის თანამშრომლები, რის გამოც ვერ ვთხოვთ პასუხს.

Ambebi.ge--სთან საუბრისას ლევან ტაბიძემ აღნიშნა, რომ წლების წინ შსს-მ გამოავლინა კომპანია, რომელიც თავად "სტაიანშიკებს" სძალავდა თანხას კონკრეტულ ადგილებზე დგომის სანაცვლოდ, თუმცა დღეს მსგავსი შემთხვევის შესახებ არაფერი სმენია:

"ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ადამიანები მხოლოდ მძღოლების დახმარების მიზნით დგანან ქუჩაში. ისინი საკმაოდ ბევრნი არიან. შესაბამისად, მათ გარშემო საკმაოდ დიდი თანხა ბრუნავს",- აღნიშნა ლევან ტაბიძემ.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია