11 სექტემბრიდან რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი " პატარძლები" თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა. დრამამ არაერთი ფესტივალი წარმატებით მოიარა. ახლახან კიდევ რამდენიმე დაემატა: 4 სექტემბერს მილანის კინოფესტივალი " პატარძლებით" გაიხსნა, ხოლო მანამდე ფილმმა სარაევოს რიგით მე-20 საიუბილეო საერთაშორისი კინოფესტივალის ორი მთავარი პრიზი " სარაევოს გული" დაიმსახურა: მსახიობი მარიამ კიტია " საუკეთესო ქალი მსახიობის" ნომინაციის გამარჯვებული გახდა, ხოლო ფილმის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი - ჟიურის მთავარი პრიზის მფლობელი.
2011-2012 წლებში შექმნილი სცენარის სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში ვითარდება. პატიმრებით გავსებული ციხეები და მამაკაცის გარეშე დარჩენილი ქალები. სწორედ ერთ-ერთ ასეთ წყვილს განასახიერებენ ფილმში მარიამ კიტია და გიორგი მასხარაშვილი. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგის ვესაუბრეთ...
- გიორგი, პროფესიით მხატვარი და რეჟისორი ხარ, თქვენს სამსახიობო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?
- სარეჟისოროზე ლევან ზაქარეიშვილის სტუდენტი ვიყავი და პირველად მის ფილმში " თბილისი-თბილისი" ვითამაშე.
- დღეს როგორ ნაწილდება შენი დრო: ხატავთ, სცენარზე მუშაობთ თუ რამე ფილმზე?
- ვხატავ, სცენარზეც ვმუშაობ და კინომხატვრადაც.
- ბევრი ფესტივალი მოიარა შენი მონაწილეობით ფილმმა " პატარძლები"...
- ჰო, ბოლოს სარაევოში მოიპოვა წარმატება. მე პირადად ამ ფილმთან ერთად ბერლინის გარდა არსად ვყოფილვარ. თინას უნდოდა, დამდგმელი მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ დამეზარა.
- და როგორ აღმოჩნდი მთავარ როლზე?
- ვიღაცები დატესტა, რატომღაც მეც გამსინჯა და მერე როლზე დამამტკიცა. მსახიობობა არ მეზარებოდა, ადვილია, მიდი გადასაღებ მოედანზე, შედი კადრში და წადი სახლში. სულ ყველაფერს ათი დღე დასჭირდა.
- იცოდი, რომ სცენარი რეჟისორის ავტობიოგრაფიული პასაჟებისგან შედგება?
- ვიცოდი, რომ თინა ფილმის გადაღებას აპირებდა. როცა სცენარს გავეცანი, მაშინ მითხრა, რომ ეს მისი ისტორიაა. ვფიქრობ, უფრო საინტერესოა, რომ რეალური ამბავია.
- გადაღებამდე იცნობდი შენს პარტნიორს - მარიამ კიტიას?
- არა, მამაკაცის როლის პარალელურად ქალი მსახიობებიც ისინჯებოდნენ. ბოლოს, მარი კიტია და მე დაგვამტკიცეს. მე მისი მომხრე ვიყავი. მარის " თბილისი-თბილისშიც" ჰქონდა როლი შესრულებული და მისი მონაცემები მომწონდა.
- შენი აზრით, საქართველოში რაზე დადის მაყურებელი კინოთეატრებში?
- ქართულ ფილმებზე არ დადის, არც საფესტივალო ფილმებზე. დადის უცხოურ ბლოკბასტერებზე, ან ქართულ, ასე ვთქვათ " გაბრენდილ", ტელევიზიით ნაცნობი სერიალის მიხედვით გადაღებულ ფილმებზე. ნუ, ის კინო არ არის, რომელიმე ქართული სერიალის ერთ ფილმად " მონაყოლია". მე ქართულ სერიალებს საერთოდ არ ვუყურებ და არც მის " მონაყოლზე" დავდივარ. საქართველოში კინოთეატრში თუ მოხვდება რომელიმე საფესტივალო ფილმი, ვნახულობ. დავდივარ საავტორო კინოზე, " ბეტმენები" და " სპაიდერმენები" აღარ მაინტერესებს.