რამდენად მარტივია საქართველოში იარაღის ყიდვა და უკავშირდება თუ არა გახშირებული მკვლელობები არსებულ რეგულაციებს

რამდენად მარტივია საქართველოში იარაღის ყიდვა და უკავშირდება თუ არა გახშირებული მკვლელობები არსებულ რეგულაციებს

რამდენად იოლია საქართველოში იარაღის შეძენა და უკავშირდება თუ არა გახშირებული მკვლელობები იარაღის შეძენის გამარტივებულ რეგულაციების? - ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულთა რიცხვი რომ გაიზარდა, ამაზე უფლებადამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებით, აქტიურად საუბრობენ. შსს-ს სტატისტიკა კი, სულ სხვას ამბობს, რომ კრიმინალის დონემ გასულ წელთან შედარებით იკლო - შარშანდელთან შედარებით, ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული დანაშაული კი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის გათვალისწინებული, დაახლოებით 30%-თ შემცირდა.

იხილეთ თემაზე სიუჟეტი

Ambebi.ge ესაუბრა ერთ-ერთი იარაღის მაღაზიის მფლობელს გიორგი კირკიტაშვილს, რომელიც ამბობს, რომ მას ბოლო პერიოდში მოქალაქეების მხრიდან, იარაღის მოთხოვნის ზრდის ტენდენცია არ შეუნიშნავს. რაც შეეხება გაყიდვის წესებს, ის ამბობს, რომ არსებული რეგულაციებით, იარაღის შეძენა მკაცრი წესების დაცვით ხდება.

გიორგი კირკიტაშვილი: საქართველოში გაყიდვაშია პისტოლეტები, რომელიც იყიდება თავდაცვის მიზნით და არის თოფები, რომელსაც აქვს ნადირობის დანიშნულება. შესაბამისად, თოფები არის შენახვა-ტარების უფლებით, პისტოლეტები არის შენახვის უფლებით. პისტოლეტის ტარების უფლება აქვთ შს ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე ძალოვანი უწყებების სხვა თანამშრომლებს. ჩვეულებრივ მოქალაქეებს საქართველოში იარაღის ტარების უფლება არ აქვთ. ყველა სრულწლოვან მოქალაქეს 18 წელს ზემოთ, შეუძლია შეიძინოს შენახვის უფლებით პისტოლეტი, თუ ის ჯანმრთელია ფსიქიურად. შესაბამისად, ტარების უფლებით მოქალაქეებს შეუძლიათ შეიძინონ თოფი.

- რა პროცედურა უნდა გაიაროს მყიდველმა, როდესაც თქვენთან მოდის იარაღის საყიდლად?

-მყიდველი მოდის პირადობის მოწმობით. ჩვენ შესაბამის საბუთებს ვუვსებთ და ვაძლევთ. შემდეგ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანებართვო განყოფილებაში და იქ აფორმებს იარაღს. იქ წარადგენს ჯანმრთელობის ცნობასაც, პირად დოკუმენტებსაც – შესაბამისად, მოწმდება, ეს პიროვნება ნასამართლევი არის თუ არა. თუ კი ხარვეზები არ აქვს, უფორმებენ ძალიან მოკლე დროში იარაღს.

-თვეში რამდენ იარაღს ყიდით?

-10-12-ს.

- რა ღირს იარაღი?

-პისტოლეტის ფასი 400-1400 ლარამდეა, მოთხოვნა უფრო იაფიან იარაღზეა. თოფის ფასი 300-3000 ლარამდეა.

კანონი, რომელიც იარაღის შეძენა-შენახვის უფლებას არეგულირებს, ლიბერალურად მიაჩნია სახალხო დამცველს. უჩა ნანუაშვილი მთავრობას რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს და მიაჩნია, რომ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებზე იარაღი არ უნდა გაიყიდოს. იგი ამბობს, რომ მკვლელობების მაჩვენებელი შესამჩნევად არის გაზრდილი.

უჩა ნანუაშვილი: ცეცხლსასროლი იარაღით უკვე არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ასეთი ინფორმაციები რეალურად მატულობს. ჩვენ არ გვაქვს რეალური სტატისტიკა, რომელიც იმეტყველებს იმაზე გაიზარდა თუ არა ქვეყანაში კრიმინალი. თუმცა ცხადია, რომ ასეთი ფაქტები საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება. ამის უკან დგას ის, რომ რეგულაციები არ არის კარგად გაწერილი კანონმდებლობაში. ანუ ერთგვარი ლიბერალური მიდგომაა რომელიც უკავშირდება, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას. პირველ რიგში, სწორედ ეს რეგულაციები არის გადასახედი. დღის წესრიგში დგება სწორედ კანონმდებლობის გადახედვა და რეგულაციების დახვეწა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს, მით უმეტეს, ნასამართლევი პირების ხელში ცეცხლსასროლი იარაღის არსებობა.

- შს სამინისტრო აცხადებს, რომ კრიმინოგენული ვითარება სტაბილურია, თქვენ გჯერათ რომ არ გაზრდილა დანაშაულის რაოდენობა?

- არა! მე ვფიქრობ, რომ რაღაცები არის გაზრდილი. მკვლელობები ნამდილად გაზრდილია.

იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება დაავალა.

იარაღის შესყიდვის არსებული წესები სულაც არ არის მიზეზი საქართველოში კრიმინოგენული ვითარების დამძიმებისა, - მიაჩნია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელ გიორგი ტუღუშს. იგი ამბობს, რომ მთავრობამ ციხეები ხელახლა უნდა დატვირთოს.

გიორგი ტუღუში: ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თავიდან დატვირთვა. დანაშაულის სტატისტიკისა, რომლის მიხედვით, კრიმინოგენური ვითარება არ გაუარესებულა, არავის სჯერა და მოსახლეობას ყველაზე მეტად ეს პრობლემა აწუხებს.

ახალი არ არის, რომ მასშტაბურ ამნისტიას თან ახლავს გარკვეული რისკები, განსაკუთრებით იმ მასშტაბისას, რომელიც განხორციელდა საქართველოში. დაახლოებით 60%-ით შემცირდა დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რაოდენობა. ამას თან ახლდა გარკვეული რისკები. გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის დროს, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ დანაშაულის მატება მოხდება, მაგრამ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთო. ხელისუფლების ნაწილს სტრუქტურულად აწყობილი პოლიციის იმედი ჰქონდა, პოლიცია აწყობილი იყო, თუმცა სისტემის ჩამოშლა რაღაც დოზით მაინც მოხდა, ამაზე მიუთითებს სტატისტიკით მანიპულირება შსს-ს მხრიდან. დღეს გვეუბნება, რომ "კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში".

ეს არ არის მხოლოდ ამნისტია, ეს არის ქმედებების მთელი კასკადი და იმ მესიჯების, რომლებიც მოდიოდა ხელისუფლების მხრიდან. ამან მოასუსტა გარემო და კრიმინალმა იფიქრა, რომ კვლავ მოვიდა მისი დრო. არ გამოვრიცხავ, რომ მაღაზიები დღეს ყიდიან გაცილებით მეტ იარაღს, რადგან უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, სახლში შეინახოს იარაღი და დაიცვას თავი.

- უნდა გამკაცრდეს თუ არა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების რეგულაციები?

- საინტერესოა იმის მოძიება სტატისტიკურად, მომხდარი მკვლელობების დროს, რამდენჯერ იქნა გამოყენებული დამნაშავის მიერ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. ვეჭვობ, ადამიანი მაღაზიაში ნაყიდი იარაღით საყაჩაღოდ არ დადის. პირველ რიგში პოლიციას კვლავ სჭირდება მოტივაციის ამაღლება, რომ უფრო ეფექტურად ებრძოლოს დანაშაულს, ასევე საჭირო იქნება საკანონმდებლო დონეზე კონკრეტული რეგულაციების კვლავ გამკაცრება. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც დაუშვა წინა ხელისუფლებამ.

მიმდინარე წლის 7 თვის შედეგებით, რეგისტრირებულია უკანონო იარაღთან დაკავშირებული 526 დანაშაული, საიდანაც 451 გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით დანაშაულმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 29%-ით იკლო.

ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია