ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში დაკარგული 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა ოთარ ბერიძემ განუცხადა , მოსახლეობა ციალა ვანაძეს 5 დღის განმავლობაში ეძებდა, დღეს კი სოფლის განაპირას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
"ეს დღეები მოსახლეობა და სამართალდამცველები ქალს ინტენსიურად ვეძებდით. დღეს დილით ისევ შევიკრიბეთ 200-მდე ადამიანი, ყოველი ხუთი მეტრის მოშორებით განვლაგდით და დავიწყეთ ძებნა. სოფლის განაპირა ტყეში ჯერ ვიპოვეთ თავსაფარი და მისი კალათი, რომელიც მოცვის საკრეფად თან ჰქონდა წაღებული. შემდეგ დავინახეთ, ბილიკიდან ვიწრო გადასასვლელზე, დაბლა თხილის ხეებში იყო ჩავარდნილი", - აღნიშნა ოთარ ბერიძემ.
როგორც ოთარ ბერიძე განმარტავს, მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ციალა ვანაძემ წყაროსთან შეისვენა შემდეგ კი სოფლისკენ მიმავალი ბილიკის ნაცვლად, მოპირდაპირე მხარეს წავიდა და გზა აებნა. სოფლის მოსახლეობა აცხადებდა, რომ ციალა ვანაძე ბოლოს კვირას ნახეს, როცა მოცვის საკრეფად მიდიოდა.