გურჯაანელი ძმები, გიორგი და პაატა ჩახვაშვილები მასშტაბური მოდელის მანქანების კოლექციონერები არიან. მათ კოლექციაში 220 მანქანაა.
"თავიდან "გაზ 24 ვოლგა" მქონდა, რომელიც დედაჩემის დეიდაშვილმა მაჩუქა. სულ მინდოდა ამ მანქანით თამაში, მაგრამ მამაჩემი მიშლიდა. პატარა რომ ვიყავი, ვერ ვიაზრებდი, რომ ეს მანქანა საკოლექციო იყო და არა სათამაშო. შემდეგ მამიდაშვილმა მაჩუქა ოთხი მანქანა", - ყვება გიორგი ჩახვაშვილი.
გიორგის ბავშვობაში კოლექციის შეგროვება ხშირად უფიქრია, თუმცა როგორც თავად ამბობს, 90-იან წლებში არც კოლექციის შესაგროვებელი ფული და არც თავად საკოლექციო მანქანები არ იშოვებოდა. 2007 წელს თელავში შემთხვევით "ფორდ ფოკუსის" მასშტაბური მოდელის მანქანა ნახა და შეიძინა. ბავშვობის ოცნების ასრულებაც სწორედ მაშინ დაიწყო. მის ამ უცნაურ გატაცებას ოჯახის წევრები დადებითად შეხვდნენ. დაოჯახების შემდეგ კი კოლექციის შეგროვებაში მეუღლეც ეხმარება.
"ჩემს კოლექციაში ყველაზე ძვირფასი მანქანა "პორშე ბოქსტერია". დაბადების დღეზე მაჩუქა მეუღლემ", - აღნიშნავს გიორგი ჩახვაშვილი.
მანქანების შეგროვებაში გიორგის ძმა, პაატაც ჩაერთო, რომელიც ყველაზე მეტ დროს ძმის მსგავსად მანქანების კოლექციის შეგროვებას უთმობს.
"მანქანებთან ჩემი დამოკიდებულება საკმაოდ უცნაურია, რადგან მისი მართვაც კი არ ვიცი და მათდამი სიყვარული, მასშტაბურ მოდელებს არ სცდება", - ამბობს პაატა ჩახვაშვილი.
ამჟამად გიორგი სამსახურის გამო ლაგოდეხში ცხოვრობს, კოლექციას კი პაატა უვლის. მანქანებს ინტერნეტით და კერძო კოლექციონერებისგან ყიდულობენ.