ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების დღეს მისი პოლიტიკური პარტნიორი და მეგობარი ვახტანგ რჩეულიშვილი ტელეკომპანია ''კავკასიის'' ეთერში ღვინითა და შოთის პურით მივიდა. დავით აქუბარდიას გადაცემაში, ღია ეთერში, შოთი ამოიღო, ღვინო დაისხა და, როგორც თავადვე თქვა, ბაბუს შესანდობარი დალია.
ამ ჟესტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი პოლიტიკოსის ამ ქმედებაზე დიდხანს ქილიკობდა. ეს ვიდეო ყველა იუმორისტულ გადაცემაში მოხვდა, აზიარებდნენ ფეისბუქგვერდები. ამდენად, ჩვენს რესპონდენტთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- ბატონო ვახტანგ, ნახევარი საქართველო ქილიკობს თქვენ მიერ ედუარდ შევარდნაძის მოგონებაზე ''კავკასიის'' ღია ეთერში. იმასაც ამბობენ, გადაცემაში ნასვამი მივიდაო, მართალია?
- რასაკვირველია, მართალია. მე და მაია თელავში გახლდით, ეს ამბავი რომ გავიგეთ. ედუარდთან მაიას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირდებდა. წარმოიდგინეთ, ბიუჯეტის დამტკიცების დროს ედუარდი მაიას ურეკავდა. მერეც, როცა მე აღარ მქონდა ძალა, მაიას დარჩა ეს პოლიტიკური კავშირები. ჩემი ფიცხი ხასიათის გამო ყველა პოლიტიკურ ლიდერს მასთან ერჩივნა ურთიერთობა. ასე რომ, მან უფრო დაკარგა მეგობარი.
მაიას სოფო შვილივით უყვარს. სოფოსაც დედასავით უყვარს მაია. მამაჩემი, შალიკო, საავადმყოფოში რომ იწვა, უკვე მძიმედ იყო, სოფო მოვიდა მის სანახავად. ამ დროს შევარდნაძის ისეთი ოპოზიცია ვართ, ედუარდს სანაგვეზე ვაგზავნით მე, ჯუმბერ პატიაშვილი, ვახტანგ რაზმაძე. სამივე იქ ვდგავართ, მამაჩემთან პალატაში. შემოირბინა სოფომ, მოგვესალმა, მოეფერა მამაჩემს და გაიქცა. რაზმაძემ შემომხედა და მითხრა, მოვ..ან თქვენი ოპოზიციაო (იცინის)...
- გუკასა და ლელა კილაძესთან დაკავშირებულ ჭორზეც გკითხავთ. ქალაქში ჭორაობენ, რომ რომანი აქვთ...
- ლელა არის ჩემი ძმაკაცის, შალვა კილაძის შვილი. სვანეთისუბნელია შალვა და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ლელას ქმარმა დააქცია ჩვენი ოჯახი მერობის დროს, ამ გოგოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს და დღემდე მიყვარს. გიგი უცნაური ბიჭია, ფეხებზე ჰკიდია ოჯახიც და სხვა დანარჩენიც, დაანგრია ყველაფერი.
- გიგი და ლელა ერთად აღარ ცხოვრობენ?
- ეს არ ვიცი, მათი საქმეა და სულ არ მაინტერესებს. გუკასაც დაუსვეს ეს შეკითხვა და უხეშად უპასუხა ჟურნალისტს. მე ასე არ მოვიქცევი. გეტყვით, რომ ახლაც ნუცა და გუკა ერთად არიან ნეპალში ნუცას ფილმის გადაღებაზე.
- როგორ გგონიათ, რის საფუძველზე გაჩნდა ეს ჭორი?
- ნახავდნენ სადმე ერთად, რა საფუძველი უნდა მაგას? გუკაც ოთხ საათზე იძინებს და ლელაც, დაქრიან ბარებში. ან უცხოეთში შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ნახავდა ვინმე. გუკა მანქანით რომ მოძრაობს, ნახევარზე მეტს იმალება. ჩემი მძღოლი მიჰყვება ხოლმე. ქალებს აინტერესებთ. ნუცა ბეწვის ხიდზე დადის (იცინის). წესიერი კაცია გუკა.