დღეს საქართველოში თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ლევან ბეჟაშვილი ჯორჯ ქლუნია და ყველა პოლიციელმა სახეზე უნდა იცნოს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ საქალაქო სასამართლოს ეზოში მოვლენები სწორად განვითარდა.
"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არღვევდნენ წესრიგს, პრობლემებს ქმნიდნენ, გადაიყვანეს განყოფილებაში. როგორც გაირკვა, ბეჟაშვილი იყო პარლამენტის წევრი და დაუყოვნებლივ მოხდა მისი განთავისუფლება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, შექმნილი ვითარება ვერ შეუქმნის პრობლემას ვერც არჩევნებს და ვერც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
"ის პროცესები, რაც იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, რადგან ჩვენ ვნახეთ გუშინ როგორ იქცეოდა პოლიცია. ჩვენ გვახსოვს ანალოგიური შემთხვევები წინა წლებში, რას აკეთებდა პოლიცია. ეს არის 2014 წლის საქართველო. ეს არის სულ სხვა პოლიცია. რამდენიმე წლის წინ, ზუსტად იმ ადგილზე ანალოგიურ სიტუაციებში ზურაბ აბაშიძე სასიკვდილოდ გაიმეტეს. ეს არ იყო სასიამოვნო, არ იყო კარგი, მაგრამ ეს იყო უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი პოლიციის მოქმედებისა ყველაფერ იმასთან შედარებით, რასაც ადრე ვხედავდით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.