"მოტაცებული ქალი წამართვეს..." - ძლიერი სიყვარულის სევდიანი ამბავი

"მოტაცებული ქალი წამართვეს..." - ძლიერი სიყვარულის სევდიანი ამბავი

"ჩემი სიყვარულის ამბავი ბევრს ეცნობა ალბათ და გამკიცხავენ კიდეც, ამ ყველაფრის თქვენთვის მოყოლა რომ გადავწყვიტე, მაგრამ მაინც გავრისკავ, რადგან მინდა, "იმან" გაიგოს, თუ როგორ ვიტანჯები მის გარეშე, როგორ მიყვარს და როგორ მტკივა უიმისობა... ერთ დროს მეგონა, რომ ვერ გადაიტანდა უჩემობას, მაგრამ როგორც ყველა ქალი, ისიც შეეგუა რეალობას და ვინ იცის, იქნებ შეუყვარდა კიდეც მამისტოლა კაცი, რომელზეც სასწრაფოდ გაათხოვეს, ოღონდ კი ჩემ გვერდით არ ყოფილიყო. პატივისცემით, ლევან იზორია.

P.S. თუ ჩემი ამბით დაინტერესდებით, შემეხმიანეთ და ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთ. წინასწარ გიხდით მადლობას. ნუ, თუ გადაწყვეტთ, რომ ჩემი მოსმენა არ ღირს, გული მეტკინება, მაგრამ ვერ გაგკიცხავთ..." - ბატონი ლევანის სიყვარულის ამბავი შორეული ნათესაობის გამო აკრძალულ გრძნობას უკავშირდება. მას ძალიან გაუჭირდა საკუთარ სიხარულსა და ტკივილზე, დიდ გრძნობაზე ლაპარაკი და ამაზე ისიც მეტყველებდა, რომ შიგადაშიგ, ცრემლი ერეოდა, ხმა უკანკალებდა, მაგრამ საბოლოოდ, ძალას იკრებდა და ამბის მოყოლას ჯიუტად აგრძელებდა. ეს მთასავით კაცი სიყვარულზე საუბრისას ბავშვივით უმწეო მომეჩვენა...

- ერთ მაღალმთიან რაიონში ვცხოვრობდი. ბავშვს ბარში ჩამოსვლა იშვიათად მიწევდა, მხოლოდ მთაში მცხოვრებ გოგო-ბიჭებს ვიცნობდი, მათთან ერთად ვერთობოდი და ვოცნებობდი. მინდოდა, "მფრინავი" გამოვსულიყავი და მთელი სამყარო ზეციდან დამენახა. მთიდან ისედაც ზემოდან დავყურებდი თითქოს ყველაფერს, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა, უფრო მაღლა მინდოდა აფრენა. მახსოვს, თბილისში პირველად იმის გამო ჩამომიყვანეს, რომ ავად გავხდი და ჩემი რაიონის ექიმებმა ვერაფერი გაუგეს ჩემს ავადმყოფობას. პირდაღებული ვუყურებდი აქაურობას, მაღალ კორპუსებს, ლამაზ ქუჩებს... ძველებურმა თბილისმა გამიტაცა, თავი შემაყვარა და მთაში დაბრუნებული თანატოლებს ამაყად ვუყვებოდი, რომ ჩვენი საოცარი დედაქალაქი ვნახე. ამის მერე სულ სხვანაირი გახდა ჩემი ოცნება. უკვე ფრენაზე კი არა, განათლების მიღებაზე და მთიდან ბარში, უფრო სწორედ, თბილისში ცხოვრებაზე დავიწყე ფიქრი; მიზანი დავისახე და სწავლას გაორმაგებულად შევუდექი.

- მიზანს მიაღწიეთ, თბილისში დასახლება მოახერხეთ, არა?

- კი, მაგრამ მანამდე ამისთვის კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა გოგონამ, რომლის ოჯახიც სწორედ თბილისიდან გადმობარგდა მთაში. გოგონას უჭირდა ჩვენს ტრადიციებთან, ბავშვებთან შეგუება. ცალკე, თავისთვის, ჩუმად დადიოდა და სწავლობდა. ბიჭებს ზედაც არ გვიყურებდა, მხოლოდ გოგონების კითხვებს პასუხობდა, ისიც - იშვიათად. არ ესმოდა ჩვენი ენა, ჩვენი სიხარული ვერ ახალისებდა. მის თვალებში დიდი სევდა იკითხებოდა და სწორედ ამ სევდიანმა თვალებმა დამაინტერესა, დამაინტრიგა პირველად. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, მისი საიდუმლო გამეგო. გამეგო, თუ რატომ წამოვიდნენ დალოცვილი დედაქალაქიდან მთაში, რატომ გაიხსენა მამამისმა ოდესღაც მისი დიდი ბაბუის ნასახლარი...

- მისი გულის მოგება გაგიჭირდათ?

- გამიჭირდა, მაგრამ მოვახერხე. მისი ნდობა დავიმსახურე და მაშინ, როცა მეგონა, რომ ჩემი ინტერესი დაკმაყოფილებული იყო, მივხვდი, რომ რაღაც საოცრება მჭირდა, ასეთი გრძნობა პირველად მეწვია. ვერ ვხვდებოდი, რატომ მიწითლდებოდა ლოყები მის დანახვაზე და რატომ მეწყებოდა თავბრუსხვევა, გული უცნაურად რატომ იწყებდა ფეთქვას.

- საინტერესოა, იმ გოგოს თვალებში დაბუდებული სევდა რით იყო გამოწვეული? საცხოვრებლად მთაში რატომ გადავიდნენ?

- მამამისს ქალაქში დიდი პრობლემა შეექმნა, იქ აღარ დაედგომებოდა და გადაწყვიტეს, რომელიმე "მიყრუებულ" რაიონში წასულიყვნენ, სადაც ოჯახს არავინ არაფერს მოსთხოვდა, სადაც მათ შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა... მათი ოჯახური ამბის უფრო დაწვრილებით მოყოლას არ ვაპირებ, რადგან მისი მშობლები ახლაც ცოცხლები არიან და არ მინდა, იმ მოხუცებს, რომლებმაც თავის დროზე ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს, სამაგიერო გადავუხადო, სიბერე ჩავუმწარო იმ საიდუმლოსთვის ფარდის ახდით, რომელსაც მთელი ცხოვრება საგულდაგულოდ მალავდნენ.

- მაშინ ისღა დამრჩენია გითხრათ: თქვენი სიყვარულის შესახებ მიამბეთ.

- წლები დავდევდი და ვეხვეწებოდი სიყვარულს. ბოლოს, როცა მისი გული გათბა და მეგონა, რომ ოცნება ამიხდა, როცა უკვე დაოჯახებას ვგეგმავდი, სწორედ მაშინ შეიტყო მისმა ოჯახმა ჩემი გულის ნადები და მამამისმა მკაცრად გამაფრთხილა: იცოდე, ჩემს გოგოს შეეშვი, შენთვის ნამდვილად არ გამიზრდიაო! - კი, მაგრამ რას მიწუნებთ-მეთქი? - პირდაპირ ვკითხე. - კარგი ბიჭი ხარ, ვაჟკაცი, მაგრამ ჩემს გოგოს სულ სხვა მომავალი ელის და ხელს ნუ შეუშლი. მან უნდა ისწავლოს, იმუშაოს და ღირსეულად იცხოვროსო. - ისევე ღირსეულად, როგორც თქვენ იცხოვრეთ-მეთქი? - ვაღიარებ, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ თავმოყვარეობაშელახულმა სიტყვები ვერ მოვზომე. მას შემდეგ იმ კაცმა კიდევ უფრო მეტად შემიძულა და დაიქადნა: იცოდე, ჩემს შვილს შეეშვი, თორემ ყელს გამოგჭრიო. - მხოლოდ მუქარა თუ შეგიძლია, სხვა არაფერი, ერთმანეთი გვიყვარს და ხელს ვერავინ შეგვიშლის-მეთქი. მეორე დღეს ეს ჩემი მორჯულებული გოგო ვეღარ ვიცანი, სკოლაში ტირილისგან თვალებდასივებული მოვიდა და ახლოსაც არ გამიკარა. მითხრა, - არ მომიახლოვდე, თორემ მასწავლებელს ვეტყვი, რომ მაწუხებო. ვეხვეწე, ვემუდარე, მითხარი, რა გჭირს, ხელს ნუ მკრავ-მეთქი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. როცა მივხვდი, რომ ვკარგავდი, გადავწყვიტე, ცოტათი შემეშინებინა და მის მიმართ თითქოს, გულგრილი გავხდი. თვალებშიც აღარ ვუყურებდი, მხოლოდ ვესალმებოდი ან "ვაიგნორებდი". ვგრძნობდი, ამას განიცდიდა. ცდილობდა, არაფერი შემეტყო მისთვის, მაგრამ თამაში ცუდად გამოსდიოდა. ბოლოს, როცა ყველა მოდუნდა და იფიქრეს, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა, მისი მოტაცება განვიზრახე და მეგობრების დახმარებით ეს განზრახვა სისრულეში მოვიყვანე. მოტაცებული შორეული ნათესავის სახლში, მთიდან ბარში წავიყვანე. სამი დღე გვეძებდნენ მშობლები, მაგრამ ვერ გვპოულობდნენ. მერწმუნეთ, ამ სამი დღის მანძილზე საცოლეს ახლოსაც არ გავკარებივარ იმ იმედით, რომ მის თავს უკვე ვეღარავინ წამართმევდა.

- რა მოხდა სამი დღის შემდეგ?

- გაცოფებულები მოგვივარდნენ მისი მშობლები და საყვარელი ადამიანი ხელიდან წამგლიჯეს. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, არადა, ნეტავ, გენახათ, იმ სამი დღის მანძილზე, როცა თავი ჩემად დაიგულა, როგორი ბედნიერი იყო... ამ ამბის შემდეგ ბევრი დამცინოდა და მეუბნებოდა, - გოგო გვერდით გყავდა და ხელიდან როგორ გაუშვიო? აბა, რა მექნა, თქვე კაი ადამიანებო, საყვარელ ქალზე ძალადობა ჩამეთვლებოდა ვაჟკაცობად, თუ?..

- ანუ არ ელოდით, რომ ის მშობლებს გაჰყვებოდა?

- არა, ეს გულშიც არ გამივლია. აბა, წარმოიდგინეთ, მოტაცებულს წივილ-კივილიც არ აუტეხია. ძალიან თბილად მექცეოდა. როცა სტუმრები გვლოცავდნენ, თვალები უბრწყინავდა და მერწმუნეთ, გალიაში გამომწყვდეულ ჩიტსაც არ ჰგავდა.

- თქვენმა მშობლებმა არ გისაყვედურეს გოგოს მოტაცების გამო?

- რა თქმა უნდა, საყვედური არც მათ დამაკლეს. - მოსატაცებელი რა სჭირდა? ვისზე ნაკლები ხარ? ნუთუ, არ გრცხვენია თავი ასე რომ დაიმცირეო?.. მეც ვიცოდი, რომ ეს არ იყო ქალის შერთვის საუკეთესო გზა, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე გონებაარეულმა... ლელა წაიყვანეს, მაგრამ ესეც არ მაკმარეს, სამართალდამცავებიც მომაყენეს კარზე. "ძაღლებმა", - შენ ეგ გოგო უპატრონო ხომ არ გეგონა, რომ იტაცებდი? ვის გაუგონია ჩვენს დროში ქალზე ძალადობა? უნდა დაგიჭიროთო! როცა ლელა მიხვდა, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა: ამ ბიჭს ჩემი ნებით გამოვყევი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სახლში დაბრუნება მინდა. ვინაიდან ჩემთვის თითიც არ დაუკარებია, უდანაშაულოა და თუ ციხეში გამოკეტავთ, მე მის ცოლად დავრჩებიო. მისმა მშობლებმა ეს რომ გაიგონეს, საჩივარი გააუქმეს და ასე გადავურჩი ციხეს, მაგრამ იმწუთას რომ გეკითხათ, - სად ჯობია ყოფნა, ციხეში თუ სახლშიო, პასუხს ვერ გაგცემდით. სიცოცხლე აღარ მინდოდა საყვარელი ადამიანის გარეშე, რომელსაც სამწუხაროდ, ბრძოლის უნარი არ ჰქონდა.

- ამის მერე დანებდით? მისთვის ბრძოლა აღარ გააგრძელეთ?

- თავიდან ვფიქრობდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მერე გულმა არ მომასვენა და ისევ დავიწყე წანწალი მისი სახლის წინ. ვფიქრობდი, რომ მოვიტაცებდი და ამჯერად ისე მოვიქცეოდი, როგორც საჭირო იყო. მისმა მშობლებმა ჩემი გააქტიურება რომ შეამჩნიეს, ჩხრიკეს, ჩხრიკეს და ჩვენს ოჯახთან ნათესაური კავშირი გამოჩხრიკეს. მამამისმა მამაჩემს უთხრა: ჩემი დიდი ბებია შენი დიდი პაპის ბიძაშვილის ვიღაც იყო და ამ ნათესაობის გამო ვუკრძალავთ ბავშვებს ურთიერთობას, თორემ დასაწუნი არაფერი გაქვთო. ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ ეს ნათესაური კავშირი "ყვავი ჩხიკვის მამიდა" იყო, მაგრამ ელაპარაკე ხეს რამდენიც გინდა...

- მისი მეორედ მოტაცება ვერ მოახერხეთ?

- იმ დღეებში, როცა მე გეგმებს ვაწყობდი, ის მაჭანკლის მეშვეობით ასაკით ძალიან დიდი კაცისთვის მიუთხოვებიათ. სამაგიეროდ, ის კაცი, ჩემგან განსხვავებით, თბილისში ცხოვრობდა, ფულიც ჰქონდა და თანამდებობაც. ეს რომ გავიგე, თავის მოკვლის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ მანამდე იმ კაცის სისხლი უნდა დავლიო-მეთქი, - ვიძახდი. როცა ახალი სიძე-პატარძალი ქალის მშობლებს ესტუმრა, მათ ოჯახში ბიჭებთან ერთად, კბილებამდე შეიარაღებული მივედი, ლელამდე მივაღწიე და ვუთხარი: არ მაინტერესებს, მისი ცოლი ხარ თუ არა. ვიცი, მე გიყვარვარ და გავიქცეთ-მეთქი. ცივი უარი მტკიცა. მითხრა, შემეშვი, თბილისში ძალიან კარგად ვცხოვრობო. გული ლამის წამივიდა ტკივილისგან და დამარცხებულმა, დაგესლილმა უკან დავიხიე... მას მერე ქალის ხსენებაც არ მინდა. მგონია, რომ ყველა მათგანი სულით მოღალატეა, ყველა იყიდება. მას მერე შემჯავრდა თბილისიც და მდიდარი ადამიანებიც.

- ლელას შესახებ დღეს რა იცით?

- რამდენიმე წელიწადში ქმარს დაშორდა. სიმდიდრეში ცხოვრებამ სიყვარული და სიხარული ვერ მოუტანა მის გაყინულ გულს. ერთი შვილი ჰყავს, მას პატრონობს და მშობლებთან ერთად, ისევ რაიონში ცხოვრობს. როგორც ვიცი, ძალიან წვალობს. მე კი მას მერე, რაც ის მშობლებთან დაბრუნდა, რაიონში აღარ ჩავსულვარ, ჩემს საძულველ თბილისში გადმოვბარგდი... გამოგიტყდებით, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარს და მეშინია, ისევ მასზე ფიქრმა არ ამაფორიაქოს ამხელა კაცი და სისულელე არ ჩავიდინო. ამიტომაც არის, რომ იმ ადგილს გავურბივარ, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

- თბილისში როგორ ცხოვრობთ, მით უმეტეს, რომ გძულთ აქაურობა...

- აქ ყოფნით ბავშვობის ოცნება ავიხდინე და არც არსად დავიკარგები. ხომ იცით, მშრომელი ადამიანი ყველგან დაფასებულია... სიყვარულზე კი სხვა რა გითხრათ, ეს არის გრძნობა, რომელიც გკლავს და ამავდროულად, გაძლიერებს ადამიანს. მე რომ გამმართლებოდა და საყვარელი ქალის გვერდით ყოფნა შემეგრძნო, მთებსაც იოლად გადავდგამდი.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია