საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსის, გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაბარება, საზღვარგარეთ მის გამგზავრებას უკავშირდებოდეს.
როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, უგულავას საკითხს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც ხვალ გაიმართება.
"ხვალ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გვაქვს და განვიხილავთ ამ საკითხსაც. თუ გაირკვა, რომ ბატონ უგულავას სურდა ქვეყნის დატოვება, როგორც თავად აღნიშნა, არ გამოვრიცხავ, რომ ამის საპასუხო რეაქცია იყო მისი დაბარება საგამოძიებო სტრუქტურაში. მორატორიუმი არ არის იმუნიტეტი, პრივილეგია, ეს არის საშუალება იმისა, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივისტს მიეცეს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. თუ უგულავა მიბრძანდებოდა საზღვარგარეთ, არა მგონია, რომ იქ საარჩევნო კამპანიის გამართვას გეგმავდა. მაგრამ ეს საკითხი განსახილველია და ამ თემაზე ხვალ ვიმსჯელებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
გიგი უგულავამ გუშინ განაცხადა, რომ საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი აქვს შეხვედრა ლორდ ჰარისთან, უკრაინაში - კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთან, ხოლო მოლდოვაში ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა გადაწყვიტა, თბილისში დარჩეს და საგამოძიებო უწყებაში მივიდეს.