"გალექსილი ტრუსები", "ბებიაჩემის ცივი კომპოტი" და ახალგაზრდების საქმიანი გართობის ახალი სივრცე თბილისში (+20 ფოტო)

"გალექსილი ტრუსები", "ბებიაჩემის ცივი კომპოტი" და ახალგაზრდების საქმიანი გართობის ახალი სივრცე თბილისში (+20 ფოტო)

რატომ უნდა გადაყარო ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდება, მოგბეზრდა ან, უბრალოდ აღარც კი გახსოვს მათი არსებობის შესახებ? ორ კვირაში ერთხელ ყოველ კვირა დღეს დედაენის ბაღში Tbilisi Flea Market, იგივე ძველმანების ბაზრობა იმართება, სადაც ასაკის, პროფესიისა და ნებისმიერი სტატუსის მიუხედავად, ყველას შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. Flea Market-ის მთავარი ხიბლი მის მრავალფეროვნებაშია - აქ შეიძლება წააწყდეთ ანტიკვარულ ნივთებს, ხელნაკეთ აქსესუარებს, საყვარელი მუსიკოსის ვინილის ფირფიტებს და ალკოჰოლურ სასმელსაც კი, თან ისეთს, ჩვეულებრივი მარკეტის დახლზე რომ ვერ ნახავთ.

ფოტოგალერეა

ძველმანების ბაზრობის იდეა ქეთი მანგოშვილს ეკუთვნის. ამბობს,რომ პირველმა ექსპერიმენტულმა მცდელობამ გაამართლა, რამაც სტიმული მისცა, რომ ბაზრობას მუდმივი სახე მიეცეს და ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდეს:

"ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში შეხვდებით მსგავსი ტიპის ბაზრებს. როდესაც სადმე სამოგზაუროდ მივდივარ, პირველ რიგში ვიწყებ Flea Market-ის ძებნას რადგან ვიცი, რომ უცნაურ და საინტერესო ნივთებს აუცილებლად წავაწყდები. ვფიქრობ, ჩემმა მცდელობამ თბილისში გაამართლა. პირველივე დღეს იმდენი ხალხი მოვიდა, რომ მივხვდი, არ უნდა გავჩერებულიყავით. ასეთი ბაზრობის მთავარი ხიბლი ის არის, რომ მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ შეგიძლიათ გასაყიდად გამოიტანოთ ხელნაკეთი ნივთები, ტანსაცმელი, სურსათი, აქსესუარები და ალკოჰოლიც კი. ყველაფერი, რასაც ფანტაზია გიკარნახებთ".

ნიკა მამეიშვილი და აბესალომ ჩაგუნავა მეგობრები არიან. საქმეს შემოქმედებითად მიუდგნენ და მცდელობამ გაამართლა კიდეც. მათი კოქტეილი Flea Market-ის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. სასმელის უცნაური სახელი და სასიამოვნო არომატი გულგრილს არავის ტოვებს. მათ დახლთან რიგები თითქმის არასდროს წყდება, მხოლოდ მაშინ, თუ მარაგი ამიუწურება:

- რატომ შეურჩიეთ კოქტეილს სახელად "მეობა?"

- სიტყვა "მეობას" ქართველი მოქეიფე კაცები ხომ სიყვარულის, წარმატებისა და ურთიერთგაგების ნიშნად ამბობენ ხოლმე. ჩვენ კი ეს ქართული ტრადიციული სიტუაცია გავაშარჟეთ. წარმოიდგინე, სულ რაღაც 2 ლარად შეიძენ ალკოჰოლს, რომელიც შენს მეობის კოეფიციენტს გაზრდის და განწყობასაც გაგიუმჯობესებს. ფაქტია, რომ ახალგაზრდებმა აიტაცეს და ჩვენს დახლთან რიგები არ წყდება. გვაქვს წითელი კოქტეილიც, რომელსაც პირობითად "რაინდის მეობა" დავარქვით.

პირადად მე Flea Market-ის ერთგული სტუმარი ვარ და ყოველ კვირა დღეს სხვადასხვაგვარ უცნაურობებს ვხვდები - ერთ-ერთ კუთხეში ბალახზე მოცუცქნული ლეკვი წამოკოტრიალებულა ყელზე გიპიურის ბანტით და წარწერით - "ჩუქდება". ახალგაზრდები ამბობენ, რომ წინა მარკეტზე სამნი იყვნენ და ორს პატრონი უკვე გამოუჩნდა. მოპირდაპირე მხარეს პროექტ "ნიჭიერის" ნახევარფინალისტი ზურა ბალანჩივაძე თავისი ნახატებით შევნიშნე.

აქ ისეთ ადამიანებსაც შეხვდებით, ვინც ფულს საკუთარი მოგზაურობის ან სხვების დასახმარებლად აგროვებს. უმეტესობა კი ერთ აზრზეა: Flea Market მხოლოდ ბაზარი არ არის. მისი ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ძველმანების ბაზრობა უკვე ტრადიციად იქცა და ის არა მხოლოდ ძველი ნივთების გასხვისების და ახლის აღმოჩენის ადგილად, არამედ ერთგვარ საკომუნიკაციო საჯარო სივრცედ ჩამოყალიბდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია