საქართველოდან აზერბაიჯანში 2013 წელს - 24 ათასი, სომხეთში კი 17 ათასი ავტომობილი გავიდა. წლეულს, აპრილში კი აზერბაიჯანში რეექსპორტმა 70%-ით დაიკლო. დაახლოებით ერთ თვეში შეწყდება ავტომობილების რეექსპორტი სომხეთშიც, როცა ის ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრი გახდება. თავის დროზე, სწორედ ამ მიზეზით დაიხურა ყაზახეთის ბაზარიც. არადა, 2009 წელს ყაზახეთში საქართველოდან 20 ათასი მანქანა გაიყვანეს... ავტოდილერები საბოტაჟზე საუბრობენ.
თემურ ბაღდადაშვილი, ინდმეწარმე: - მეორადი ავტომობილებით ვაჭრობაში საქართველოში ჩართულია 25-30 ათასი ინდმეწარმე. გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთდროულად მიიღეს აზერბაიჯანის მთავრობამ და თურქეთის საბაჟომ, ავტოდილერებში საფუძვლიან ეჭვს იწვევს. აზერბაიჯანში 2014 წლის 30 აპრილიდან აიკრძალა 2005 წელზე ადრე გამოშვებული მანქანების იმპორტი და დაშვებულია 2005 წელს და უფრო გვიან გამოშვებული ავტომობილების შეყვანა - ეკოლოგიური სტანდარტით ევრო-4. ამ დროს, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ იკრძალება ევრო-2-ისა და ევრო-3-ის სტანდარტების ავტომანქანების ექსპლუატაცია. როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები, უმეტესად მძღოლები, გვეუბნებიან, მათ ევრო-4 სტანდარტის ავტომობილების მომსახურებისთვის არც შესაბამისი სერვისი აქვთ ქვეყანაში და არც შესაბამისი ხარისხის საწვავი.
თურქეთის საბაჟოს 2014 წლის 1-ლი მაისის გადაწყვეტილებით, თურქეთის ტერიტორიაზე არ გვატარებენ ევროპიდან დატვირთული მიკროავტობუსებით, სადაც, ძირითადად, მოთავსებულია მეორადი ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა, რის გადმოტანასაც კანონი არ კრძალავს. 1-ელ მაისამდე ასეთი მიკროავტობუსებით თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთვის გვარიან გადასახადს ვიხდიდით 150-დან 2.000 ევრომდე - იმის მიხედვით, ღერძზე რამდენსაბურავიანი ავტომობილით ვკვეთდით საზღვარს და იყო თუ არა ის დატვირთული. ახლა კი თურქეთის საზღვრიდან მანქანებს უკან აბრუნებენ, ევროპიდან წამოღებული ერთი საბურავიც რომ ედოს საბარგულში. მძღოლები მძიმე მდგომარეობაში არიან, ასობით და ათასობით ევროს ღირებულების საქონელს ვყრით ან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ვჩუქნით.