რეჟისორი ლევან წულაძე და მისი მსახიობი მეუღლე - მანანა კოზაკოვა კარგი კულინარიული მონაცემებით გამოირჩევიან, გემრიელი კერძების მომზადება მათი ჰობია და ორი წარმატებული ხელოვანი, ფანტაზიას არც სამზარეულოში უჩივის. ცოტა ხნის წინ, ქალბატონმა მანანამ "ნიკორას" ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ამ ფირმის გემრიელი პროდუქტების გამოყენებით, მრავალფეროვანი სალათი სწრაფად და იოლად მოამზადა. ცოლ-ქმარი ოჯახურ ტრადიციებზე გვესაუბრება და თავიანთ რეცეპტებსაც გვთავაზობს.
ლევანი:
- პირველი მცდელობა, რაიმე მომემზადებინა, საკმაოდ ადრეულ ასაკში მქონდა. დედაჩემი მუშაობდა, მოწაფეები ჰყავდა და უდროობის გამო, საჭმელი ხშირად ეწვებოდა, ნახშირდებოდა. ახლა რომ გაიგებს, ამას ვამბობ, გაგიჟდება, მაგრამ ასე იყო, "ნახშირზე" ვარ გაზრდილი (იცინის). ერთხელ, ტელევიზიით დოკუმენტური ფილმი ვნახე, თუ როგორ აკეთებდნენ ხინკალს. გადავწყვიტე, გამეკეთებინა და თქვენ წარმოიდგინეთ, გამომივიდა კიდეც! მაშინ 10-11 წლის ვიყავი. ამის შემდეგ, დიდი კულინარიული მონაცემები არ გამომიმჟღავნებია, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა. საერთოდ, ჩემი აზრით, ეს ყველა მამაკაცშია. როგორც ყველა ქართველს სჩვევია, მეგობრებმა ჯერ მწვადი შევწვით, მერე "ოსტრი" გავაკეთეთ, მერე "ჩაქაფული" და ასე ვისწავლე. ყოველდღიური სადილების კეთება არ ვიცი, მაგრამ ხორცეულისგან გემრიელი საჭმელები გამომდის.
მანანა:
- გურმანი რომ ვარ, მეტყობა კიდეც. კულინარია ჩვენი ოჯახური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და მეც ბავშვობიდან მაინტერესებდა. დედაჩემი ძალიან გემრიელ სადილებს აკეთებდა, მაგრამ ნამცხვრებს, ტორტებს ვერ აცხობდა, ამიტომ მე ეს სფერო უფრო მიზიდავდა და კარგადაც გამომდიოდა. მერე უკვე, როცა გავთხოვდი, გამომდინარე იქიდან, რომ ტკბილეული არც ლევანს უყვარს და არც ჩვენს ქალიშვილს, შევეშვი და სადილებზე "დავხელოვნდი". ექსპერიმენტებსაც არ ვერიდებით ხოლმე და რაღაცებს ვიგონებთ. პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. ერთობლივად იშვიათად ვამზადებთ. როცა ლევანი მზარეულობს, შეიძლება ზოგჯერ დამხმარის ფუნქცია უფრო შევასრულო. ბეთანიაში აგარაკი გვაქვს და ლევანს იქ უფრო უყვარს რაღაცების კეთება, ახალ-ახალ რამეებს იგონებს, წალამზე ფოლგაში გემრიელ რაღაცებს აკეთებს, ხორცს მარაოსავით აასხამს ხოლმე შამფურებზე და გემრიელი გამოსდის.
ძველებური სუფრის ტრადიციები და ლეგენდარული თამადები
ლევანი:
- ჩემი მშობლების დროინდელი ქეიფები ცალკე ამბავი იყო. მახსოვს, ჩვენს სახლში შესანიშნავი ხალხი იკრიბებოდა. მათ შორის, ბიძაჩემი - რეზო დვალიშვილი, ერთ-ერთი საუკეთესო თამადა იყო, ვინც კი გამიგია. ასევე, კაკო დვალიშვილი - ბაიკოს მამა და მათი მეგობრები. ყველაზე მეტად ოთარ მამფორია მახსენდება, შესანიშნავი პოეტი. იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ, დროს ატარებდნენ. პატარა ვიყავი და ამ ყველაფერს ვიმახსოვრებდი. ერთხელ, ჩავიწერე კიდეც, მაშინ ჩამწერიანი მაგნიტოფონი ახალი ხილი იყო, მერე ამ ჩანაწერს ჩემს მეგობრებს ვასმენინებდი, იმ სადღეგრძელოებს "ვიპარავდით" ხოლმე და ჩვენეულად ვასაღებდით. ბედნიერი დრო იყო. სუფრა, ძირითადად, თეატრალურ სანახაობას წარმოადგენდა, არა მარტო თბილისში, რეგიონებშიც. მოგეხსენებათ, პროფესიონალი თამადები არსებობდნენ, გურიაში ბიძა მყავდა - თამაზ წულაძე, ერთ-ერთი ლეგენდარული თამადა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრს სვამდა და იტანდა კიდეც, არამედ იმიტომ, რომ საოცრად ენამოსწრებული კაცი იყო. რომ დავინახავდი, სანამ ხმას ამოიღებდა, უკვე მეცინებოდა, რადგან ვიცოდი, რაიმე ენაკვიმატს იტყოდა.
გურული ბავშვის ფიქრები...
- ბავშვობისას, მწყინდა ხოლმე, ხაჭაპურს იმერული ხაჭაპური რომ ერქვა, გოჭს - მეგრული გოჭი, კუპატიც მათი იყო და ვამბობდი, ჩვენ რაღა დაგვრჩა მუგუზალის გარდა-მეთქი? (იცინის). მერე, როცა "ასპარეზზე" გურული ღვეზელი გამოჩნდა, ჩემი ამბიციებიც დაკმაყოფილდა. ვთვლი, რომ დასავლური სუფრა შესანიშნავია, მაგალითად, თხილით გაკეთებული ბაჟე, როგორ მიყვარს! მახსოვს, იქ რომ ჩავდიოდი, მამიდაჩემი უგემრიელეს ხაჭაპურს მიცხობდა ჩვილი ყველით. ჩემთვის გურია ბავშვობის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებია. ძალიან მიყვარს საცივი და შეიძლება ითქვას, რომ საცივიდან საცივამდე ვცხოვრობ და მიხარია, როცა ახალ წელს ოჯახში სამივე ერთად ვართ. ბებიაჩემი უგემრიელეს საცივს აკეთებდა, დედაჩემიც მისი რეცეპტით ამზადებდა და ძალიან კარგი გამოსდიოდა, ეს საამაყო მომენტი იყო ჩვენს ოჯახში და მერე უკვე, როდესაც მანანამ საცივი პირველად გააკეთა დამოუკიდებლად, მივხვდი, რომ ცოლის არჩევაში არ შევმცდარვარ და ჩემი ოჯახი შედგა!
მანანა:
- ორი ინდაურის საცივს მაკეთებინებს ხოლმე, რომ მას ბევრი შეხვდეს (იცინის).
დაქირავებული თამადები და ჭიქასთან დაბადებული სადღეგრძელოს კულტურა
- მახსოვს, ხშირად ვამბობდით ამ სადღეგრძელოს - კაცს რომ კაცი მოენატრება, აი, იმას გაუმარჯოსო, მაგრამ ეს ახლა რომ ვთქვათ, შეიძლება არასწორად გაგვიგონ. ბევრი რამ შეიცვალა. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ამ თეორიის მომხრეები ვიყავით - სადღეგრძელო ჭიქის პირთან მიტანამდე უნდა დაიბადოს, ამაშია მთელი ეშხი. მომზადებული და გაზეპირებული სადღეგრძელო "მკვდარია". არ მიყვარს, როცა თამადები წინასწარ დაგეგმილი და მომზადებული ლექსებით იწონებენ თავს. თურმე მოწვეული თამადები არსებობენ, რომლებიც ამაში ფულს იღებენ. ვთვლი, რომ აქ იწყება საქართველოს დაღუპვა. ოჯახს ისე როგორ უნდა გაუჭირდეს, რომ საგვარეულოში ერთი უხეირო თამადა მაინც არ ჰყავდეს?! ვიდრე მოწვეული, რომელიც სუფრას ქაღალდზე დაწერილი სახელებით გაუძღვება. ეს ოჯახის სირცხვილია, თორემ იმ თამადებისთვის - პირიქით, კარგია, ფულს შოულობენ და შესანიშნავი პროფესია აქვთ - თამადა.
- თქვენ როგორი თამადა ხართ?
- არ მიყვარს თამადობა. ჯერ ერთი, დავბერდი და მირჩევნია, გვერდიდან ვუყურო, ადრე ამას არაფორმალურ ლიდერს ეძახდნენ - "ნე ფარმალი" ვარ, გვერდიდან ვხმაურობ ხოლმე.
- ბევრის დალევა შეგიძლიათ?
- ახალგაზრდობისას შემეძლო, ახლა, აბა სადა?! ჩვეულებრივად, როგორც ყველას. გურული რომ ვარ, ფიცხი ვიყავი და იმაზე ორჯერ მეტს ვიტენიდი, ვიდრე შემეძლო, რომ სხვებს არ ჩამოვრჩენოდი. ეს ბავშვური შეჯიბრების, აზარტის მომენტი იყო.
სპაგეტის მოსამზადებელი მანქანა
- ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო - პიცები და პასტები. სხვათა შორის, გრძელი სპაგეტების დასამზადებელი მანქანა მაქვს და მაკარონი მე თვითონაც გამიკეთებია. კლასიკური სპაგეტის მოყვარული ვარ. მაკარონის მოხარშვისას მთავარი გახლავთ დრო - არც გადახარშული უნდა იყოს და არც მთლად უმი, ყველა მაკარონს მოხარშვის თავისი წესი აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი, რა თქმა უნდა, სოუსია, რომელსაც სხვადასხვა არომატისკენ მიჰყავს.
მანანა:
- გასტროლზე უამრავ ქვეყანაში ვართ ნამყოფი და ბევრი ქვეყნის სამზარეულო გაგვისინჯავს. საერთოდ, როცა სადმე მივდივართ, ვცდილობ, იქაური, ნაციონალური კერძი გავსინჯო. სხვათა შორის, ლევანმა კორეაში რვაფეხა შეჭამა...
პირში მოკლული კორეული რვაფეხა
ლევანი:
- ქუჩაში ამზადებდნენ და საკმაოდ ძვირიც ღირდა, მაგრამ ვიფიქრე, გავსინჯავ-მეთქი. არ ვიცოდი, თუ ცოცხალი რვაფეხა უნდა მეჭამა. კორეელმა ქალმა ჩვენ თვალწინ ამოიყვანა აკვარიუმიდან და დაჭრა დაიწყო. ვერც ტაფა დავინახე, ვერც ქვაბი, არც ორთქლი ამოდიოდა საიდანმე და ცოტა კი დავეჭვდი, ცუდად მენიშნა, მაგრამ... მოგეხსენებათ, რვაფეხას ცენტრალური ნერვული სისტემა არა აქვს, ამიტომ ყველა ნაჭერი ცალ-ცალკე ცოცხლობს და თავისით მოძრაობს. ეს მოძრავი ნაჭერი რომ მომცა, მომეჩვენა, რომ ამ კორეელმა ქალმა დამცინავად, ორაზროვნად გამიღიმა და ეს გამოწვევად მივიღე - თეთრკანიანო, შენ ამას ვერ შეჭამო და გავიფიქრე, რომ ამ "ოხერ" კორეელთან თავი არ უნდა შევირცხვინო და ჩემი სამშობლო ვასახელო, თავი არ მომეჭრას-მეთქი! მოვკიდე ხელი ამ რვაფეხას და პირში გავიქანე! ღეჭავ, ღეჭავ და კბილებით კლავ! რამდენიმე ნაჭერი ენის ქვეშ შემიცოცდა და მოკლედ, დიდი წამებით, მაგრამ როგორც იქნა, შევჭამე! ზურაბ გაგლოშვილიც დამეხმარა, 1-2 ნაჭერი მანაც შეჭამა, მიხვდა, რომ აქ საქართველოს პრესტიჟის საქმე წყდებოდა და ასე გმირულად გადავიტანეთ ეს ამბავი.
- რაიმე სოუსი მაინც არ მოჰყვა?
- არაფერი! ზუსტად მაგას ვამბობდი, მარილი მაინც მამაყრევინეთ-მეთქი! რაღაც სიმინდის ნახარშივით წყალი მომაწოდეს მისაყოლებლად, ისინი ჩაის ეძახიან.
- ბატონო ლევან, რაიმე კერძის თქვენეულ რეცეპტს ხომ არ შემოგვთავაზებთ?
- გეტყვით. ავიღოთ ღორის ხორცი და მოგრძო ფენებად დავჭრათ, რომლებიც თანდათანობით ისე უნდა იკლებდეს სიგრძეში, რომ კონუსის ფორმა მივცეთ. მაგალითად, პირველი ნაჭერი 20 სმ სიგრძის რომ იყოს, მომდევნო - 18, 16 და ა.შ. შემდეგ, ყველა ნაჭერს შამფური გავუყაროთ, მარაოსავით იქნება და ფენებს შორის ჩავდოთ ნიორი, წიწაკა, პომიდორი, ყველის ნაჭრები, მაგალითად, პარმეჯანო და როცა მაყალზე დნება, ეს ყველი ხორცის ნაჭრებს ერთმანეთთან აწებებს და ამაგრებს. ამ კონუსს რომ შეწვავთ, შეგიძლიათ დაუფქვავი წიწაკის მარცვლებიც მოაყაროთ, კარგ არომატს აძლევს. მაყალზე გადაატრიალ-გადმოატრიალეთ და უგემრიელესია. შამფურებზე აცმა მთელი თავგადასავალია, რთულია, მაგრამ საინტერესო სამუშაოა.
- ქალბატონო მანანა, თქვენ რომელი კერძის მომზადებას გვასწავლით? ახლახან, "ნიკორას" ექსპერიმენტში გიხილეთ, სადაც მათი პროდუქციის გამოყენებით, მაკარონის ცივი სალათი გააკეთეთ, რომელიც საკმაოდ იოლი მოსამზადებელი ჩანდა, მისი რეცეპტი გვითხარით და საერთოდ, რატომ გადაწყვიტეთ, ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა?
- იმიტომ გადავწყვიტე, რომ "ნიკორას" დაარსების დღიდან აქტიური მომხმარებელი ვარ და მისი პროდუქცია ოჯახში ძალიან მოგვწონს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქართულია, მეორეც, ვთვლი, რომ ხარისხიანია და ჩვენთვის ფასითაც მისაღებია. ახალ-ახალ შემოთავაზებას ყოველთვის თვალყურს ვადევნებთ და ვაგემოვნებთ ხოლმე. მაკარონი ცივ სალათში, რომელიც იქ გავაკეთე და რომელიც ლევანს ძალიან უყვარს, სხვათა შორის, სულ "ნიკორას" ინგრედიენტები გამოვიყენე - მოვხარშეთ პატარა, მრგვალი მაკარონები და მწყრის კვერცხები, რომელსაც ქოლესტერინის შემცველობა დაბალი აქვს და მავნებელი არ არის, ჩავაჭერი კიტრის მარინადი, უმი კიტრიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჰოლანდიური (ან ნებისმიერი სხვა სახის) ყველი, "მოხარშული ძეხვის "შაშხის", რომელიც ძალიან გემრიელია, სიმინდის მარცვლები, მაიონეზი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი, 1-2 კბილი ნიორიც ჩავაჭყლიტე, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით, ბევრი არ უნდა და მშვენიერი გამოვიდა. ამ სალათის გაკეთების იდეა სიონში რომ ვიყავით დასასვენებლად, მაშინ გამიჩნდა, "ნიკორას" პროდუქცია შევიძინე, დანარჩენი, რაც სახლში მქონდა, ყველაფერი ჩავაყარე და ჩემებს ძალიან მოეწონათ. საერთოდ, სადილის კეთებას მე შემოქმედებით ჭრილში აღვიქვამ, როლივითაა, იცით, ხან გამოდის, ხან - არა. მესმის, რომ ჩვენს ქალბატონებს ჰბეზრდებათ მუდმივად სამზარეულოში ფუსფუსი, მაგრამ მაინც უწევთ და ჯობია, შემოქმედებითად იყვნენ განწყობილნი.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)