კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების ძველი სააბონენტო დავალიანების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, რამდენიმე დღეა, თბილისის მოსახლეობაში ვრცელდება ხმები, რომ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ცალკეული აბონენტებისგან წყალმომარაგების ძველი დავალიანებების ამოღებას ცდილობს. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი ძველი დავალიანების დაფარვაზე უარს განაცხადებს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "თელასთან" შეთანხმებით, მას ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიმართავს თბილისელებს და აქვე განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ამით თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ხდება.
"წყალმომარაგების ძველი დავალიანების გადაუხდელობის გამო, დედაქალაქში მცხოვრებ არც ერთ აბონენტს (ოჯახს) არ უწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. ამ ტიპის ღონისძიება ტარდება მხოლოდ იმ აბონენტების მიმართ, რომელებიც მიმდინარე გადასახადს არ იხდიან", - განმარტავენ კომპანიაში.
ამასთან, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თხოვნით მიმართავს აბონენტებს, ყოველი ასეთი შემთხვევის თაობაზე დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს (293 11 11) ან შეტყობინება დატოვონ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე https://www.facebook.com/georgianwaterandpower?ref=hl.
"აქვე გაცნობებთ, რომ კომპანიაში კვლავაც მოქმედებს დავალიანების დაფარვის შეღავათიანი პროგრამა, რომლითაც სარგებლობა შეუძლია დავალიანების მქონე ნებისმიერ აბონენტს - ამ მიზნით შეგიძლიათ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" რაიონულ სერვიცენტრებს მიმართოთ", - აცხადებენ კომპანიაში.