რამდენიმე დღეც და ანაკლიაში დაგეგმილი მუსიკალური პროექტის, "გამარჯობას" შესახებ ყველა დეტალი ცნობილი გახდება.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ეკა სოსელია ამბობს, ამ ეტაპზე ყალიბდება კონცეფცია, რომლის პრეზენტაცია 16 ივნისს იგეგმება.
"ვიცი, რომ ფესტივალის ორგანიზატორები აყალიბებენ ახალ კონცეფციას, რომელიც ქართულ სინამდვილეზე იქნება მორგებული. ფესტივალის მოწყობა აგვისტოს ბოლოს იგეგმება ანაკლიაში. ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასი და სხვა დეტალები დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვისაც სხვა არაფერია ცნობილი. დაზუსტებით მხოლოდ ერთადერთი რამის თქმა შეგვიძლია, ფესტივალი ქართული ფოლკლორული დეტალებით იქნება გაჯერებული",- ამბობს ეკა სოსელია.
გიორგი სიგუა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი:
"შეთანხმება უკვე მიღწეულია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან, რათა ახალი რეისები დაინიშვნოს ბათუმის აეროპორტში კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მიმართულებით. საუბარია, კვირაში 11 რეისის დანიშვნაზე. დანარჩენ დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა".
სიგუას განმარტებით, საქართველოში გაიმართება "კრიმფესტისა" და "კაზანტიპის" მსგავსი ფესტივალი, რომლებიც ყირიმში ტარდებოდა, თუმცა წლევანდელი ფესტივალი უკრაინული ანალოგის მასშტაბებს ჯერ ვერ მიაღწევს...
"დროა ჩაალაგოთ თქვენი ყვითელი ჩემოდნები", – წერია ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც პროგრამის გაცნობა უკვე შესაძლებელია. ცნობილია, რომ ყვითელი ჩემოდანი ფესტივალის სიმბოლოა, ფესტივალის მონაწილეებსაც ძირითადად ყვითელი და სტაფილოსფერი ტანსაცმელი აცვიათ.
მართალია, აგვისტომდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ ანაკლიის მაცხოვრებლები, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ახლაც თადარიგს იჭერენ. სხვადასხვა წყაროს საშუალებით გაარკვიეს, რომ ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება, მაგრამ ეს მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
ნიკა, 24 წლის, ანაკლიის მკვიდრი:
- ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასის შესახებ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. ამბობენ, რომ ფესტივალზე შესვლა 200 დოლარიდან 250 ევრომდე ეღირება, მაგრამ რადგან საქართველოში ამ ტიპისა და დონის ფესტივალი პირველად ტარდება, უნდა გაიმეტო ეს თანხა და წახვიდე, თუნდაც იმიტომ, რომ ერთხელ მაინც იგრძნო თავი მსოფლიოს მოქალაქედ და იმ ათი დღის განმავლობაში მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გაგყვეს. ამიტომ, ადგილობრივები სხვადასხვანაირად ვაკეთებთ დანაზოგს, რათა ეს სიამოვნება არ გამოვტოვოთ. ზოგი მუშაობს და ანგარიშიდან მთლიანი ხელფასი არ გამოაქვს, რათა დანაზოგი გააკეთონ. იცით ალბათ, რომ აქაურებს თხილის პლანტაციები გვაქვს და ზოგმა მსხმოიარე თხილი წინასწარ გაყიდა, რომ ფესტივალს დაესწროს. უკრაინელი ლამაზმანების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინში, მეც ასე მოვიქეცი და არც დამნანებია.