უკრაინაში დღეს ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაცია გაიმართება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის საზეიმო ინაუგურაცია უმაღლეს რადაში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება, ღონისძიების მეორე ნაწილი კი კიევში, სოფიის მოედანზე ჩატარდება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას 56 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, რომელთაგან 23 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე იქნება წარმოდგენილი.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას პოლონეთის, რუმინეთის, ლიტვის, შვეიცარიის, მოლდოვასა და გერმანიის პრეზიდენტები დაესწრებიან. საქართველოდან პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.
ამასთან, აშშ-დან პოროშენკოს ინაუგურაციას რამდენიმეკაციანი დელეგაცია დაესწრება, რომლის ხელმძღვანელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იქნება. რუსეთს კი უკრაინაში რუსეთის ელჩი მიხაილ ზურაბოვი წარმოადგენს.
48 წლის ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა პეტრო პოროშენკომ 25 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 54,7%-ი მიიღო.
დაგაინტერესებთ: უკრაინის მომავალი პრეზიდენტი - "შოკოლადის მეფე" და რომანტიკოსი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების დეტალები