ნინო შავგულიძეს პოლიტიკა იზიდავს

ნინო შავგულიძეს პოლიტიკა იზიდავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნა სოხუმის თეატრმა პრემიერა, რომელიც რუსთაველის თეატრში 27-28 მაისს გაიმართა. მსახიობ მერაბ ყოლბაიას პირველი რეჟისორული ნამუშევარი ''სხვა საქართველო სად არი?!'' აფხაზებსა და ოსებთან ჩვენი შერიგების თემას ეძღვნება.მსახიობი ნინო შავგულიძე ერთ-ერთია, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობს.

მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის თეატრის მსახიობია, არც სოხუმელია და არც აფხაზეთშია ნამყოფი, ფიქრობს, რომ დაკარგული ტერიტორიებისადმი არავინაა გულგრილი და დარწმუნებულია, რომ ამ სპექტაკლის მაყურებელი ემოციური ზეგავლენის ქვეშ მოექცევა... მისი გვარის გაგებისას, ბუნებრივია, ყველას უჩნდება შეკითხვა, აკავშირებს თუ არა რამე ნათესაური კავშირი გიორგი (ჟორა) შავგულიძესთან. ძალიან შორეული, იმდენად, რომ ლაპარაკიც არ ღირსო, გვითხრა და იქვე სიცილით დაამატა, რომ თურმე თეატრალურ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისას ამ შეკითხვას რომ უსვამდნენ, პასუხობდა, რომ ჟორა შავგულიძე ბაბუამისი იყო...

- ბავშვობაში ბალეტი ძალიან მომწონდა და ამას წინათ დედას ვეუბნებოდი კიდეც, ბალეტზე რატომ არ შემიყვანე-მეთქი. ხელოვნების სფეროში რომ ვიქნებოდი, ვიცოდი, ეს მას შემდეგ მახსოვს, რაც ჩემი ცნობიერი იწყება, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით წავიდოდი, ამას ვერ ვსაზღვრავდი. 3 წლის ვიყავი, როცა ერთხელ მამამ მკითხა, ვინ გინდა გამოხვიდეო. გავხედე და ვუპასუხე, ნინო შავგულიძე უნდა ''გამოვიდე''-მეთქი (იღიმის). მათემატიკა მიზიდავდა და ბოლო წლებში ვფიქრობდი, საბანკო-საფინანსო საქმეზე ჩამებარებინა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ამგვარად ხელოვნების სფეროზე უარის თქმა მომიწევდა, ამიტომ გადაწყვეტილება შევიცვალე და რეჟისორობა ვისურვე. მისაღებ გამოცდებამდე ორი თვით ადრე კი სამსახიობოზე შევაჩერე არჩევანი. მოსამზადებელ პერიოდში, როცა ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი ჩემი იყო, ამ საქმეს ვეღარ მოვწყდი.

- სოხუმის თეატრის გარდა, სხვა თეატრებში მიწვევით გითამაშია?

- დიახ, რა თქმა უნდა. სამწუხაროა, რომ დღეს მსახიობები თეატრებში განაწილებით აღარ ხვდებიან, როგორც უწინ. მსახიობი სულ ფორმაში უნდა იყოს და მუშაობდეს, რადგან შენს საქმეზე მცირე პაუზაც კი აისახება. ბევრი კარგი მსახიობი იკარგება, თუნდაც ჩემს ჯგუფში ბევრი ნიჭიერი ადამიანი სწავლობდა. 23 ადამიანიდან მხოლოდ რამდენიმე დარჩა ამ სფეროში. მე, უბრალოდ, გამიმართლა. ბატონი დიმა ჯაიანი ჩვენს სადიპლომო სპექტაკლს დაესწრო და როგორც კი სწავლა დავამთავრე, მე და ერთი მსახიობი მაშინვე სოხუმის თეატრის დასში მოვხვდით. ჩემზე ბევრად ნიჭიერი რამდენიმე გოგონა თეატრს მიღმა დარჩა. როცა დღეს მეგობრებს ვეკითხები, სურთ თუ არა ამ სფეროში დაბრუნება, მპასუხობენ, რომ ამას ვეღარ შეძლებენ, რადგან შვიდი წლის შემდეგ ეს რთულია, წლებმა სცენის შიში გააჩინა, ამას თავიდანვე უნდა შეეჩვიო.

- ვთქვათ, შენც რომ არ გაგმართლებოდა, თუ გიფიქრია, რომელ სფეროში აღმოჩნდებოდი?

- რა რთული შეკითხვა დამისვი (იცინის). არ ვიცი, შეიძლება, ჟურნალისტიკაში ამომეყო თავი.

- ამ პროფესიაში რა გიზიდავს?

- ყველაზე მეტად მიზიდავს პოლიტიკა. აქტიურად ვარ ჩართული. საინფორმაციო გამოშვებების დიდი გულშემატკივარი გახლავართ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მომხრე, ასე აქტიურად იყოს ყველა გაპოლიტიკოსებული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამ სფეროსადმი მაინც დიდი ინტერესი მაქვს. პოლიტიკის სიყვარულმა ერთ-ერთ რადიოსადგურში წამყვანად დამაწყებინა მუშაობა. მართალია, უფრო

მეტად საუბარი კულტურაზე მიწევს და სტუმრებიც ამ სფეროდან გვყავს, მაგრამ ჟურნალისტიკა არის ის საქმე, რომელიც მომწონს და ალბათ, ამ სფეროში უფრო აქტიური ვიქნებოდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება