პოტენციური მერები, გამგებლები და დეპუტატები კრიმინალური წარსულით

პოტენციური მერები, გამგებლები და დეპუტატები კრიმინალური წარსულით

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენად სუფთაა ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო კანდიდატი და წარსულში კრიმინალის, საეჭვო რეპუტიციისა და დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ ამომრჩეველმა სიმართლე უნდა იცოდეს", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, ამჟამად დაბა ჩაქვში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის ელგუჯა ბაგრატიონის ნასამართლეობის შესახებ დოკუმენტებს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ელგუჯა ბაგრატიონი ერთადერთი ნასამართლევი კანდიდატი არ არის და წარსულში თუ ამჟამად დამნაშავედ მიჩნეული კანდიდატები როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ისე მმართველ კოალიცია "ქართულ ოცნებასაც" არაერთი ჰყავს. მათგან ზოგი ცნობილია, ზოგი - არა. "რეზონანსმა" ნასამართლევი კანდიდატების მცირე ნაწილის მოძიება შეძლო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პოტენციური მერები, გამგებლები და დეპუტატები კრიმინალური წარსულით.

"ნასამართლეობის დამაბრკოლებელ გარემოებად მიჩნევა სწორი არ არის, რადგანაც გააჩნია, ადამიანი რისთვისაა ნასამართლევი. ნასამართლეობა პლუსიც შეიძლება იყოს, თუ პოლიტიკური აქტივობისთვის დააკავეს ვინმე. თუმცა, თუკი ადამიანი მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე და გაფლანგვაზეა ნასამართლევი, გასაგებია, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ასეთი ადამიანების კენჭისყრა. იმედია, ჩვენს პარტიულ სიაში გაფლანგვასა და საბიუჯეტო სახსრების მითვისების გამო ნასამართლევი პირი არ აღმოგიჩენიათ. თუმცა მგონია, რომ ვერ აღმოაჩენთ, იმიტომ, რომ ყოფილი მექრთამე და გამფლანგველი შეიძლება იყოს ყოფილი ჩინოვნიკი, ჩვენს სიაში კი ზოგადად ყოფილი ჩინოვნიკები არ გვყავს, ეს ხალხი გადანაწილებულია "ქართულ ოცნებაში", "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციაში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატი, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.

კუკავას თქმით, მას ნასამართლევ კანდიდატებს შორის ყოფილი მმართველი ძალის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა ახსენდება - "მას ნასამართლეობა მოხსნილი აქვს, თუმცა, დანაშაული ჩადენილი აქვს", - ამბობს კუკავა. ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატს, სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორ თენგიზ გუნავას სასამართლომ სასჯელი ორი დანაშაულის ჩადენისთვის მიუსაჯა - ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის. თუმცა, ის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ წელს შეიწყალა და ნასამართლეობა მოეხსნა. მარტვილის რაიონის სოფელ აბედათის მაჟორიტარობის კანდიდატს ბორის მიქავას, რომელიც მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, პროკურატურა ქრთამის აღებას ედავება. მისი საქმე ძიებაშია და ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. "ნაციონალური მოძრაობიდან" ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი, ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხია ასევე წინასწარ პატიმრობაშია", - აღნიშნავს გამოცემა.

"დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილე ზურაბ ოტიაშვილს თებერვლიდან თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ბრალდებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ფაქტები დუშეთის გამგებლად და საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"-ს უფროსად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება. ადიგენში "ნაციონალური მოძრაობიდან" გამგებლობისთვის იბრძვის სამსახურებრივ გულგრილობაში მსჯავრდებული ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი. ასევე ადიგენში ამავე პარტიიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს დეპუტატად იყრის კენჭს პარუნაშვილის ყოფილი მოადგილე რატი ტატალაშვილიც. "ნაციონალურ მოძრაობის" ქობულეთის სოფელ ჩაქვის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელგუჯა ბაგრატიონის ნასამართლეობაზე განცხადებას "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ავრცელებს - "2004 წლის 21 თებერვლის განჩინებით ბაგრატიონი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ დანაშაულში, ძალადობით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული სულ 5 ავტომობილის გატაცების ფაქტზე. საქმეზე სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ ელგუჯა ბაგრატიონი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეიცვალა 1 წლის ვადით", - აცხადებს კაიკაციშვილი და ნასამართლეობის გამო ყოფილ მმართველ ძალას კანდიდატის მოხსნისაკენაც მოუწოდებს", დასძენს გამოცემა.

"ქართულ ოცნებას" ნასამართლევი კანდიდატი ჰყავს ზუგდიდში - ირაკლი გოგოხია ზუგდიდის მერობის კანდიდატად თავად პრემიერმა ღარიბაშვილმა სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე წარადგინა, თუმცა, ზუგდიდში აცხადებენ, რომ ის ნასამართლევია. გოგოხიას თაღლითობა და ყალბი დოკუმენტების დამზადება ედებოდა ბრალად. ის ციხეში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, თუმცა, მას ნასამართლეობა მოხსნილი აქვს. გოგოხია აცხადებს, რომ მისი დაკავება 2010 წლის 1-ლ ოქტომბერს ბიზნესზე ზეწოლის მიზნით, ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას კაბინეტში დაიგეგმა და ციხიდან ყოფილმა ხელისუფლებამ იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ განმუხურში სასტუმრო აეშენებინა. მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატ გოჩა ლაშხიას მეზობელი წლების წინ მისი ოჯახიდან პირუტყვის ქურდობაში მონაწილეობას სდებდა ბრალად და ამ საქმეს სასამართლო იძიებდა. განაჩენი მედიისათვის ცნობილი არ არის. ასევე საუბარია ლანჩხუთში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატის, ზაზა ურუშაძის ნასამართლეობაზეც, რომ ეს პირი 90-იან წლებში იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს", - წერს სტატიის ავტორი.

"ქართული ოცნების" მიერ წალენჯიხის რაიონში გამგებლობის კანდიდატად გოგა გულორდავას წარდგენის შემდეგ, შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ყოფილი კაპიტანი კარინა გრიგორიანი ამბობს, რომ გულორდავა კონტროლის პალატაში მუშაობდა და 2007 წელს პირადად მის მიერ არის დაკავებული დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე, რომელიც იძულებით გამოსძალა საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიებს. როგორც ფოთელი ჟურნალისტი ელისო ჯანაშია ამბობს, ფოთში "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრობაზე იყრის კენჭს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მოგელი ტყებუჩავა, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს თანხის არამიზნობრივად განკარგვისა და კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული და მას 2 წლიანი სასჯელი აქვს მოხდილი. ასევე მაჟორიტარობის კანდიდატია ფოთის ყოფილი მერი, კორუფციისთვის გასამართლებული გია დარჯანია", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"რაც შეეხება სხვა პარტიებს, ახალციხეში გამომავალი გაზეთის, "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან" გამგებლობაზე იყრის კენჭს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის სექტორის ყოფილი უფროსი ოლეგ ძოწენიძე. ის ამჟამად 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ძოწენიძე 20 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე აიყვანეს. ფოთში "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" მერობის კანდიდატია ასევე ყოფილი მერი დავით ქანთარია, რომელიც კორუფციის ბრალდებით 2004 წელს იყო გასამართლებული. გორში გამგებლობის კანდიდატი ბონდო ვათიაშვილი, გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილის "ქართული პარტიიდან" იყრის კენჭს. ის 2011 წელს იყო დაკავებული თაღლითობის ბრალდებით. ჭიათურაში სოფელ გეზრულის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის პარტია "საქართველოს გზიდან" ზვიად გელაშვილი არის ადრე ნასამართლევი ძველი, გაფუჭებული ტრაქტორების შესყიდვის გამო. მას 2-წლამდე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი", - დასძენს სტატიის ავტორი

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოგვთავაზა "დემოკრატიის სტანდარტი" და მათი დიდი წვლილით ნასამართლეობა არ ეპატია ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. ამდენად, ნებისმიერ არჩევნებში არც ერთმა პარტიამ და მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" სს დანაშაულში ეჭვმიტანილი თუ გასამართლებული კანდიდატი არ უნდა შემოგვთავაზოს. მე ქობულეთიდან ვარ და საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ყოველთვის უარყოფდა თავის ნასამართლეობას, თუმცა, სასამართლოდან სასამართლო გადაწყვეტილება გამოვითხოვეთ და ვნახეთ, რომ ის ნასამართლევი იყო. ეს სტანდარტი ამ პარტიამ თავად შემოგვთავაზა და დაბა ჩაქვის მაჟორიტარობაზე ბაგრატიონმა უარი უნდა განაცხადოს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ კაიკაციშვილი.

"ეს უფრო მორალური აქტია. რასაკვირველია, სუფთა წარსულის მქონე კანდიდატი კარგია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ამ 9 წლის განმავლობაში რამდენი პატიმარი და პრობაციონერი გვყავდა. ეს წინა ხელისუფლების დროს ანგარიშსწორების მიღებული ფორმა იყო. არის მეორე საკითხი - ვინ რა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. პირადად მე, თუკი მძიმე დანაშაულისთვის, მკვლელობისა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის არის პირი ნასამართლევი, არ მსურს, ასეთი ადამიანი ჩემი პოლიტიკური თანამებრძოლი იყოს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მმართველი კოალიციის წარმომადგენელი, პარლამენტარი ანი მიროტაძე.

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა