ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ნავთობმომპოვებელ კომპანია "კანარგოს" საგარეჯოში უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს.
"გუშინ საგარეჯოს მაცხოვრებლებს შევხვდი, რომლებმაც ძალიან მძიმე პროცესების შესახებ მესაუბრნენ. საქმე ისაა, რომ საგარეჯოში კომპანია "კანარგო" ახორციელებს ნავთობის მომპოვებელ და დაზვერვის სამუშაოებს. მათი სამიზნე გახდა ცივკოდის მთა, საკურორტო ზონა, საიდანაც ბუნებრივი მიწისქვეშა წყლები ამოდის და საგარეჯოს წყლით ამარაგებს. უნიკალურ ეკოსისტემაში შეჭრილი არიან მძიმე ტექნიკით, აწარმოებენ აფეთქებებს, რამაც ქალაქში წყლის დებეტის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. საგარეჯოში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ცდილობდნენ, რომ წყლის დებეტი გაეზარდათ. დაახლოებით 15 წელიწადია ქალაქს და მიმდებარე სოფლებს წყალი დილა-საღამოს გრაფიკით მიეწოდებათ, მაგრამ შარშან ზაფხულიდან ქალაქში ისედაც შემცირებული წყლის რაოდენობა კიდევ უფრო დაპატარავდა: ზოგ რაიონში კვირაში მხოლოდ ერთი საათის(!) განმავლობაში თუ მოვა ხოლმე წყალი!
საქმე ისაა, რომ შარშან ზაფხულში გაურკვეველი მიზეზით, მალულად გამგეობამ მძიმე ტექნიკა შეიყვანა ცივკოდის წყლების სათავეებში, ხოლო შემდეგ სრულიად გაუმჭვირვალედ, მოსახლეობის სრული იგნორირებით კომპანია "კანარგომ" იქ დაზვერვითი სამუშაოები, აფეთქებები და ბურღვა წამოიწყო. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია წყლის ნაკადების დაშრეტა.
კომპანია კანარგო საგარეჯოს მიმდებარედ, ნინოწმიდასა და პატარძეულში მოიპოვებდა ნავთობს. არავინ იცის, რატომ, რა ნებართვების თუ კვლევების საფუძველზე შეიჭრნენ ზონაში, რომლის განადგურებაც საგარეჯოს და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, (დაახლოებით 20, 000 ადამიანს) გენოციდს ან მშობლიური მიწებიდან აყრას უქადის!
ხელისუფლების პოზიციის თანახმად, მათ არ აინტერესებთ მოსახლეობის პრეტენზიები და მხოლოდ კერძო კომპანიის მიერ ბიუჯეტის შევსებაზე არიან ორიენტირებული. გაჟღერდა, თითქოს ნავთობის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიას დაავალდებულებენ რაიონის ალტერნატიული გზით წყალმომარაგება უზრუნველყოს, რაც აბსურდული და ტექნიკურად განუხორციელებელი ტყუილია! ასევე საინტერესოა, რას უპირებენ უწყლოდ დარჩენილ მოსახლეობას, თუ კომპანიამ იქ ვერაფერი აღმოაჩინა...
საგულისხმოა, რომ 2004 წელს საგარეჯოდან სამ კილომეტრში მდებარე სოფელ ნინოწმინდაში "კანარგოს" ჭაბურღილი აუფეთქდა, რამაც სრულმასშტაბიანი ეკოციდი გამოიწვია რაიონში: ნავთობროდუქტებით დაბინძურდა ჰაერი, წყალი და ნიადაგი, მკვეთრად იმატა ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკამ სწორედ ნავთობპროდუქტებთან შეხების გამოისობით. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით კომპანიას დაზარალებული ადამაინებისთვის არავითარი დახმარება არ გაუწევია! როგორც საგარეჯოს მაჟორიტარმა, თ. ხიდაშელმა განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას, იგი ვერ აგებს პასუხს წინა ხელისუფლების პერიოდზე და ვერაფერს დაავალდებულებს "კანარგოს".
არ მგონია, ნავთობის იმ მცირე რაოდენობის გულისთვის ათიათასობით ადამიანის უწყლობით დახოცვა ან საუკეთესო შემთხვევაში უსახლკაროებად ქცევა უღირდეს სახელმწიფოს ყველაზე პრაგმატული გათვლითაც კი. ეს უღირს მხოლოდ კერძო კომპანიას, რომელიც სახელმწიფოსგან განსხვავებით სოციალური ფუნქციით არაა დატვირთული და მხოლოდ მოგება აინტერესებს. სწორედ აქ უნდა აბალანსებდეს სახელმწიფო კერძოსა და საზოგადოებრივს და არ უნდა იყოს კერძო ბიზნესთან შეზრდილი უსულგულო მონსტრი. ხელისიფლება კერძო კომპანიას არ დაუნიშნავს, იგი საზოგადოების მსახურია და მისი ინტერესების გამტარებელი უნდა იყოს და არა - ავტორიტარულ-ოლიგარქიული კლანი.
P.S. ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე წარმოშობით კახელი პრემიერ-მინისტრი და როდის დამთავრდება საკუთარი მოსახლეობისადმი მეოცე საუკუნის აფრიკის კოლონიზატორთა მსგავსი დამოკიდებულება ბიზნესის, და მის მხარდამჭერი ხელისუფლებების მხრიდან!", - წერს გამსახურდია.