შესრულება, რომლისთვისაც გია ყანჩელმა მადლობა საჯაროდ გადაიხადა - ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში

შესრულება, რომლისთვისაც გია ყანჩელმა მადლობა საჯაროდ გადაიხადა - ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში

ყოველ შაბათს, ივნისის ბოლომდე რუსთაველის თეატრი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში მსოფლიო მუსიკალური სამყაროს სხვადასხვა თაობის კორიფეებს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ "ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში" ეროვნული მუსიკალური ცენტრის პირველი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომლის ფარგლებშიც 17 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით მსოფლიოს საუკეთესო ჩელისტები შუმანის, ჰაიდნის, დვორჟაკის, ელგარის, ჩაიკოვსკის, შნიდკეს, შოსტაკოვიჩისა და ყანჩელის ნაწარმოებს შეასრულებენ.

17 მაისს ფესტივალი გახსნა ლეგენდარულმა ჩელისტმა ნატალია გუტმანმა, რომელმაც ალფრეტ შნიტკეს მიერ საგანგებოდ მისთვის შექმნილი თხზულება Concerto Grosso #2 შეასრულა.

24 მაისს რუსთაველის თეატრში შეკრებილმა საზოგადოებამ გია ყანჩელის "დიპლიპიტო" ჩელოს, ხმისა და სიმფონიური ორკესტრისთვის სახელგანთქმული ჩელისტის, ბორის ადრიანოვის შესრულებით მოისმინა. გია ყანჩელმა შემსრულებლებსა და მსმენელებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის 24 მაისს სიმფონიური ორკესტრის მიერ წარმოდგენილი შესრულება ყველაზე გამორჩეულია:

"მე ბევრჯერ დავსწრებივარ ამ ნაწარმოების შესრულებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღევანდელი შესრულება საუკეთესოა, რაც ბრწყინვალე ორკესტრისა და სოლისტების, კონტრ-ტენორ მიხეილ სულუხიასა და ბორის ადრიანოვის დამსახურებაა".

31 მაისს მსმენელის წინაშე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი 17 წლის ქართველი ჩელისტი, სანდრო სიდამონიძე წარსდგა. სანდრო 13 წლის იყო, როდესაც "American Protege" -ს გამარჯვებული გახდა და მონაწილეობა მიიღო კარნეგი ჰოლის სცენაზე გამართულ გალა კონცერტში.

31 მაისს რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით გამართულმა კონცერტმა რუსთაველის თეატრში ანშლაგით ჩაიარა.

"უპირველეს ყოვლისა, ამ ფესტივალის მიზანი ინსტრუმენტ ჩელოსა და ჩასაბერი საკრავების პოპულარიზაციაა. სამწუხაროდ, საქართველოში ჩელოსა და ჩასაბერი ინსტრუმენტების პროფესიონალების ძალიან დიდი დეფიციტი გაჩნდა, მაგრამ მახარებს ის ფაქტი, რომ სანდროს თაობაში ამ ინსტრუმენტისადმი ინტერესი კვლავ გაჩნდა. მეორეს მხრივ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩელოს რეპერტუარი განსაკუთრებული ჟღერადობითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა და რაც უფრო მეტი მსგავსი ფესტივალი ჩატარდება, მით უფრო გაიზრდება ინტერესი ამ საკრავისა და, ზოგადად, სიმფონიური ორკესტრის მიმართ",- განუცხადა ambebi.ge-ს დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ივნისის ბოლომდე რუსთაველის თეატრი მსოფლიოს საუკეთესო ჩელისტებს მასპინძლობს.

7 ივნისს მსმენელის წინაშე წარსდგება ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩელისტი ნიკოლას ალშტატი. მუსიკოსი საქართველოს პირველად ეწვევა და წარმოგვიდგენს შუმანის კონცერტს ჩელოსა და ორკესტრისათვის A minor, თხზ. 129. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ ამავე კონცერტზე აჟღერდება მენდელსონის I სიმფონია ჟოლტ ნოკის დირიჟორობით.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება