ციხეებში პროტესტის ახალი ტალღა გორდება. ამჯერად შიმშილობას უვადო მსჯავრდებულები იწყებენ. რა არის შიმშილობის აქციის მოთხოვნა და რა ხდება ციხეებში. ასევე, რისი ჭამა აეკრძალათ პატიმრებს დარბაისელის სად-ის თავმჯდომარეობის დროს, ამაზე ტელეფონით ციხიდან, Ambebi.ge-ს გლდანის #8 დაწესებულების პატიმარი გიორგი გელაძე ესაუბრა, რომელიც 18 წელია პატიმარია.
- 3 ივნისიდან, 70-მდე უვადო მსჯავრდებული ვიწყებთ შიმშილობას. მათ შორის, - ც ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულები. 9 ივნისს, 10-საათზე, ჩვენს პროტესტს მთავრობის კანცელარიასთან მიტინგით შემოუერთდებიან ჩვენი ოჯახის წევრები. ჩვენი მოთხოვნები არის იგივე, რაც შარშან. ხელისუფლება დაგვპირდა, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა არცერთ ჩვენს მოთხოვნაზე.
-რას ითხოვთ?
- ვითხოვთ, 2012 წლის ამნისტიის კანონის რეალურ აღსრულებას, რომელიც თეორიულად გავრცელდა უვადო სასჯელზე, მაგრამ პრაქტიკულად არ აღსრულდა, რაც საკანონმდებლო ხარვეზის ნათელი მაგალითია. ვითხოვთ ასევე, უვადო პატიმრობისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ზღვარის – 25 წლის დაწევას ევროსტანდარტების შესაბამისად, ასევე ვითხოვთ ძალაში შესული უკანონო განაჩენების გადახედვის ეფექტური მექანიზმის შექმნას. სანამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები არ შეწყდება. ეს აქციები გაგრძელდება თანდათანობით, შესაძლოა კარუსელის ფორმა მიიღოს, დროებით გაჩერდეს და მერე გაგრძელდეს და ასე შემდეგ. წელიწადნახევარია ხელისუფლებას ველოდებით, რომ რამეს გააკეთებს, გვპირდებოდნენ, მაგრამ აქამდე უშედეგოდ ვუცდიდით. კიდევ გვპირდებიან, მოითმინეთო, ჩვენი აქცია როდესაც დაიწყება, ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ეს რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ არის მართული. არავითარ შემთხვევაში, აქციას ვიწყებთ ჩვენი დისკრიმინაციიდან და უსამართლობიდან გამომდინარე. წინა აქციები რომ ჩავატარეთ, ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა ასეთი რამ – ყველა მსჯავრდებული ადრე თუ გვიან უნდა დაბრუნდეს ოჯახში, ოღონდ ულტიმატუმის ენით ნუ გველაპარაკებიანო. პრეზიდენტი მართალია, ევროპულ ქვეყნებში ყველა მსჯავრდებულს აქვს ადრე თუ გვიან ოჯახში დაბრუნების რეალური იმედი, მაგრამ საქართველოს უვადოები როდის უნდა დავბრუნდეთ ოჯახებში, გვიპასუხოს პრეზიდენტმა, ძალიან გვაინტერესებს. რაც შეეხება ულტიმატუმის ენით ლაპარაკს, ასე ლაპარაკობს ის, ვისაც მძევალი ჰყავს აყვანილი და მომგებიან პოზიციაშია, ჩვენს შემთხვევაში მძევლები ჩვენ თვითონ ვართ. უსამართლობის, უკანონობის და უიმედობის მძევლები ვართ.
- რის გამო შეგიფარდეს უვადო პატიმრობა?
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ვარ, უვადო პატიმრობა ბაქოში შემიფარდეს, სადაც განზრახ მკვლელობის ბრალდებით 15 წელი მოვიხადე და მერე აქ გადმომიყვანეს. ჯამში 18 წელია პატიმარი ვარ. ეს არა განზრახ მკვლელობა, არამედ მოგერიების ასპექტი იყო. მაგრამ ბაქოში რომ გაიგეს, რომ უშიშროების თანამშრომელი ვიყავი და მაგათ ტერიტორიაზე ვმუშაობდი, თავიდან 15 წელი მომისაჯეს ამ საქმეზე, შემდეგ კანონმდებლობაში უვადო სასჯელი შემოიღეს, თავიდან გამასამართლეს და მომისაჯეს უვადო სასჯელი. იქ ალიევის დინასტიას ვებრძოდი, აქ ნაციონალებისას. არც ამათ გავუჩუმდები.
- ზოგადად, რა მდგომარეობაა ციხეში ახლა?
- სანამ დარბაისელი დაინიშნებოდა, სიტუაცია იყო უკეთესი. მივდიოდით ყველა მხრივ უკეთესობისკენ. დარბაისელის დანიშვნის მერე, ბევრი რამე აიკრძალა, შეიზღუდა და უარესობისკენ წავიდა სიტუაცია. პაემნებზე შემცირდა შემომსვლელების რაოდენობა. შეზღუდვა შეეხო პროდუქტებს და ნივთებს, მაგალითად: "ნაციონალური რეჟიმის" დროსაც კი, თაფლი შედიოდა ყველა დაწესებულებაში. დარბაისელმა თაფლი აგვიკრძალა დღეს, თითქოს წვრილმანი პრობლემაა, თუმცა პატიმრებზე ყველაფერი მწვავედ აისახება. ისედაც შუშებით ხვდები ოჯახის წევრებს და ბავშვს ვერ ეხები, კიდევ რომ ზღუდავ, ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არა, ძალიან რთულია ჩვენთვის. 9-წლიანი რეჟიმის შემდგომ, პატარა ჰაერი იგრძნეს ბიჭებმა, ღურწკაიასა და მაია ხასიას დეპარტამენტის უფროსობის დროს. მერე ისევ შეზღუდვები დაიწყო, რაც ძალიან ცუდია. ახლა კი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ არსებობს, თვითონ არის სად-ი გაუგებრობაში. მე მაშინებს ახალი პატიმრობის კოდექსიც, რომელიც მალე ძალაში შევა. ამ პატიმრობის კოდექსით, ევროპისაკენ მიმავალ პენიტენციურ სისტემას ვერ ვხედავ.
ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge