პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის მთავარია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და არა ის, თუ ვინ იქნება ხელმომწერი.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების პირობათა დანერგვაში ჩართულია აღმასრულებელი ხელისუფლებაც, მნიშვნელოვანწილად პარლამენტიც, იმიტომ რომ ბევრი კანონია მისაღები. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უპრიანი იქნება ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს სახელმწიფოს მეთაურმა ანუ პრეზიდენტმა.
"ამასთან, მე იმასაც გავუსვი ხაზი, რომ ამ თემაზე გამოდავებას არ ვაპირებ, შედგება კონსულტაციები და კონსესუსი, ჩემთვის მთავარია არა ხელმომწერი, არამედ ხელმოწერა. ეს ხელმოწერის ფაქტი არის ისტორიული, ის აუცილებლად უნდა შედგეს, და არანაირი სირთულე ამის განსახორციელებლად არ უნდა დადგეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა დელეგაციაში პრეზიდენტიც, რომელიც ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად გაიმართება, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს არის დეტალები, რომლებზეც კითხვები შემდგომში უნდა დაისვას.