12 მაისს, ლისის ტბის დასახლებაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან 37 წლის ელვარდ (ქიშო) მიმინოშვილი (სურათზე) და 38 წლის იოსებ (სანდრო) ჭელიძე ჩაცხრილეს. შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ბრალდებული, რომლის ვინაობაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება... ტრაგედიის გარშემო, რამდენიმე ვერსია გავრცელდა. დეტალების გასარკვევად, ერთ-ერთი გარდაცვლილის, ელვარდ მიმინოშვილის ოჯახს ვესტუმრეთ...
"აღარ ვიცი, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას უშენოდ, შვილო... ორი მეტრი მიწის გამო როგორ გაგიმეტა ორი შვილის პატრონი ვიღაც ვიგინდარამ... ვის რა დაუშავა ასეთი ჩემმა შვილმა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს ჩემი ბიჭი? სხვის მიწას შეეწირა ჩემი შვილი და ფოტოების ამარა დამტოვა..." - განწირული ხმით მოსთქვამდა გარდაცვლილის დედა, ნათელა მიმინოშვილი და სამძიმარზე მისულ ადამიანებს ემუდარებოდა, მასწავლეთ, ჩემი შვილის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროო...
გარდაცვლილის ოჯახის ახლობლის თქმით, ელვარდ მიმინოშვილს, იგივე ქიშოს, ღამის 11 საათზე მეგობარმა სანდრო ჭელიძემ მობილურზე დაურეკა, შემდეგ კი მეორე მეგობარმა, მურთაზ ფარესიშვილმა მოაკითხა და სახლიდან წაიყვანა. დილის 5 საათზე ოჯახში ტრაგედიის შესახებ დარეკეს... სადაო მიწის ნაკვეთი, რომლის გამოც ტრაგედია მოხდა, სანდრო ჭელიძის იყო, რომელსაც, როგორც გვითხრეს, მის მეზობლად მცხოვრები ასაკოვანი კაცი ედავებოდა.
"საქმე ის არის, რომ ეს არც სანდროს ნაკვეთი ყოფილა. სად ჰქონდა ქიშოს მიწის ნაკვეთი, ისე უჭირდა... ქიშოსა და სანდროს საერთო მეგობრის იყო და ლისის ტბაზე მდებარეობდა. იქ, სადაც მკვლელობა მოხდა... სამივე მეგობარი, ერთ- ერთ მათგანთან ეზოში იყვნენ, როდესაც იმ კაცს დაურეკავს მიწის მეპატრონისთვის, იმ ნაკვეთს რომ გაჰყიდი, 5 ათასი დოლარი მე უნდა მომცეო... არ ვიცი, ასე რატომ უთხრა, როგორც ჩანს, ეს პირველი მისთვის შემთხვევა არ იყო. ამაზე გადარეულა ის ბიჭი და რა თქმა უნდა, მეგობრებს შესჩივლა და ერთად წასულან სალაპარაკოდ. არ ვიცი, იქ იკამათეს თუ არა, მაგრამ საუბარი კარგა ხანს გაგრძელებულა, ის კაცი სახლში წასულა, იარაღი მოუტანია. როდესაც სროლა ატყდა, სანდროს მანქანაში ეძინა თურმე და წამომხტარა, - რა მოხდაო... თუმცა, მასაც ესროლეს. ასე რომ, ორივე, სანდრო და ქიშო, სრულიად უმიზეზოდ მოკლეს... ჩვენი ხალხის მენტალობა ხომ იცით, სამართალდამცველების ჩარევა ბოლო წუთამდე ერიდებიან... სხვისი პრობლემის გარჩევას შეეწირა ახლა ეს ბიჭი და ორი ანგელოზივით შვილი დარჩა, ელენე და ანი. უფროსი, ელენე, რვა წლის არის, მამიკო ცოცხალი მინდა მახსოვდეს მთელ ცხოვრებაო და მამის ცხედართან არ მიდის. პატარა ოთხი წლისაა, მამის გარდაცვალების შემდეგ მონათლეს...